რესპუბლიკელები მივიჩნევთ, რომ ახლავეა შესაძლებელი პაკეტში კანონპროექტის მიღება – როგორც შერეული სისტემით არჩეული მომდევნო, ისე სრულად პროპორციული სისტემით არჩეული შემდგომი მოწვევის პარლამენტებისთვის. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არჩეული დეპუტატების პროპორციაზე და არა, ვთქვათ, მაჟორიტარულ ოლქებში მომდევნო არჩევნებისას წარდგენილი კანდიდატების პროპორციაზე”, – აღნიშნავს პარტია.
რესპუბლიკელები პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავენ და მოუწოდებენ, კვოტირების საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლონ. მათი თქმით, აღნიშნული საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის საგნად უნდა იქცეს. ამ კუთხით, რესპუბლიკური პარტია “ქართული ოცნების”, როგორც მმართველი პარტიის როლსაც უსვამს ხაზს:
“რესპუბლიკელები ვთავაზობთ “ევროპულ საქართველოს”, რომელთანაც ბოლო ხანებში არაერთ ერთობლივ განცხადებაზე მოგვიწერია ხელი და თემატურად ვთანამშრომლობთ განსხვავებული, ხშირად დაპირისპირებულიც კი, პოლიტიკური ბიოგრაფიის მიუხედავად, თავისუფალი მანდატის პრინციპით იხელმძღვანელოს განმეორებითი კენჭისყრისას და შეიტანოს წვლილი კვოტირების დაკანონების საკითხში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის არა 2, არამედ მეტი ხმა ექნება კვოტირებას ხელახალი კენჭისყრისას. ანალოგიური წინადადებით მივმართავთ ასევე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებსაც.ბუნებრივია, გადამწყვეტი პარლამენტის ხელმძღვანელობის და ქართული ოცნების დეპუტაციის ძალისხმევა იქნება, რასაც რესპუბლიკელები ამ კონკრეტულ უმნიშვნელოვანეს საკითხში მოველით”.
საქართველოს პარლამენტმა 23 მარტს კვოტირების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო – მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, კვორუმი კი 75 იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფაქტი “გარკვეულ დეტალებთან” დაკავშირებით შეუთანხმებლობით ახსნა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი გენდერული კვოტირების საკითხს აუცილებლად მიუბრუნდება.
კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვავებული სქესის ყოფილიყო, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული.