ახალი ამბები

შსს: დავით კეზერაშვილი დააკავეს

15 ოქტომბერი, 2013 •
შსს: დავით კეზერაშვილი დააკავეს

“მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 1978 წელს დაბადებული დავით შოთას ძე კეზერაშვილი დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

 

კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მან არ იცის, შეესაბამება თუ არა სიმართლეს შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

 

“მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას”, – ამბობს ადვოკატი.

 

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მიმდინარე წლის თებერავლში აცხადებდა, რომ კეზერაშვილზე ძებნის გამოცხადება იგეგმებოდა, თუმცა დღეის მონაცემებით მას ინტერპოლი წითელი ცირკულარით არ ეძებს.

 

კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აქვს წაყენებილი – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის მუხლით აქვს წაყენებული. იგი ასევე ბრალდებულია “თბილსერვის ჯგუფის საქმეზეც გიგი უგულავასთან ერთად. ერთი ეპიზოდი ეხება თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

 

შსს-ს ცნობით, ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი