ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის საკრებულო: მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობა მიმდინარეობს

22 მარტი, 2018 • 3868
თბილისის საკრებულო: მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობა მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახელდებისა და სიმბოლიკის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილს, რათა დეტალები გაერკვია.

როგორც ნიბლოშვილი განმარტავს, კომისია მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდეც მსჯელობდა, თუმცა, ამ დრომდე ერთიან ვარიანტზე კომისია ვერ შეჯერდა.

ჩვენი კომისია, რომელიც საკრებულოში მუშაობს და რომლის ექსკლუზივია ქუჩების სახელდება,  მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა უკვე მსჯელობს. დაახლოებით ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. რამდენიმე, დაახლოებით, ოთხი-ხუთი ვარიანტი განიხილება. თუმცა, ნებიმისერი ქუჩისთვის სახელის გადარქმევა დიდხნიანი პროცესია,”-  აღნიშნავს თინათინ ნიბლოშვილი.

მისივე თქმით, მოსკოვის გამზირის შემთხვევა განსაკუთრებულად რთულია, ვინაიდან ქალაქის ეს ნაწილი კვარტალურად გაშენებული და მჭიდროდ დასახლებულია.

“მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ქუჩის სახელდების პროცესს, ის  მოიცავს როგორც რუკებისა და აბრების მომზადებას, ასევე  სისტემურ ნუმერაციასთან დაკავშირებით, რეესტრის მონაცემების მომზადებას,” – განმარტავს კომისიის თავმჯდომარე.

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა კომისია იმ პეტიციებს, რომლებიც 21 მარტს მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის დარქმევის მოთხოვნით შეიქმნა, თინათინ ნიბლოშვილი აღნიშნავს, რომ ქუჩების სახელების შეცვლისას, პრიორიტეტულია იმ მოსახლეობის აზრი, ვინც ამ ქუჩებზე ცხოვრობს.

“ბუნებრივია, ჩვენ პატივს ცვემთ, ყველა მოქალაქეს მოსაზრებებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, უპრიველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის მოსახლეები, რომლებიც ამ ადგილას ცხოვრობენ,”- აცხადებს ის.

“მოსკოვის გამზირზს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი” – ამ სახელწოდების პეტიცია გუშინ, 21 მარტს, Manifest. ge-ზე შეიქმნა. 22 მარტის საღამოს 8 საათის მდგომარეობით, მას უკვე 5700-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ადრესატი თბილისის მერიაა.

“მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის,” – წერს პეტიციის ავტორი ლადო გოგოლაძე.

მსგავსი შინაარსის პეტიცია გიორგი თოფურიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე, პროექტის, “შენი იდეა ქალაქის მერს”, ფარგლებში შექმნა. როგორც აღნიშნულ ბმულზე ვკითხულობთ, ინიციატივის პირველადი განხილვა 1 აპრილისთვის დაინიშნა.

გრიბოედოვის ქუჩისთვის ტატუნაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდნენ დღეს ბათუმშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი