ახალი ამბებიხელოვნება

კულტურის სამინისტრო აფეთქებული საყდრისის ექსპონატებს ფრანკფურტში გამოფენს

16 მარტი, 2018 • 27845
კულტურის სამინისტრო აფეთქებული საყდრისის ექსპონატებს ფრანკფურტში გამოფენს

კულტურის სამინისტრო, რომელიც 2014 წელს აცხადებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო, აფეთქებული საყდრისიდან მოპოვებულ არტეფაქტებს ფრანკფურტში იმის დასტურად გამოფენს, რომ საქართველო ოქროს მოპოვების უძველესი კერაა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განმარტეს, რომ გამოფენაზე გამოტანილი იქნება ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე პერიოდს მიკუთვნებული მიწათმოქმედების, ღვინის და ოქროს წარმოებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის, საყდრისსა და არუხლოში აღმოჩენილი ნივთები.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის თანამშრომელმა, საყდრისის მკვლევარმა ირინა ღამბაშიძემ, ნეტგაზეთს უთხრა, რომ საყდრისში მოპოვებულ იარაღებს გამოფენენ. არქეოლოგის თქმით, სამთო წარმოების მთელი ციკლი იქნება ნაჩვენები.

გამოფენა ასახავს გერმანულ–ქართული თანამშრომლობის შედეგად მოპოვებულ მასალას, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს. ხაზი გაესმევა საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და ოქროს მოპოვების სამშობლოს.

საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის მუზეუმის ეზოში. 2014 წელი

გამოფენა, სახელწოდებით “ოქრო და ღვინო საქართველოში” ფრანკფურტის არქეოლოგიის მუზეუმში 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 თებერვლამდე იქნება ღია.

ეს გამოფენა კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო, სადაც 5 400 წლის წინ ოქროს მოიპოვებდნენ. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა.

ირინა ღამბაშიძე გერმანელი მკვლევრების ჯგუფთან ერთად საყდრისის ოქროს მაღაროს 2004 წლიდან იკვლევდა. საყდრისს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 2013 წელს კი მოუხსნეს. კომპანია RMG–იმ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობდა, 2014 წელს ააფეთქა და ოქროს მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. ირინა ღამბაშიძე ითხოვდა, რომ საშუალება მიეცათ, საყდრისი ბოლომდე შეესწავლა, რადგან მაღაროს მხოლოდ მესამედი იყო შესწავლილი.

საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები დღეს ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული. კომპანია RMG–იმ პირობა დადო, რომ მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტებისთვის ბოლნისში მუზეუმს ააშენებს. ირინა ღამბაშიძის თქმით, მუზეუმი წელს გაიხსნება.

მოკლედ საყდრისის შესახებ

კომპანია RMG–მ 2013 წლის 26 აპრილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არა ოქროს, არამედ სპილენძის მომპოვებელი მაღარო იყო და მის მიმართ გეოლოგებსა და არქეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ.

2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას კანონის დარღვევით ჰქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული. 

2014 წლის მარტში კულტურის სამინისტრომ მისცა RMG–ის ამ ადგილას სამუშაოების წარმოების უფლება. ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო.

საყდრისის საკითხი პოლიტიზებული იმითაც გახდა, რომ მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო, რომელიც უკვე აღარ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილმა 2014 წლის 18 მარტს იმედის ეთერით განაცხადა, რომ ოდიშარია სუსტი კულტურის მინისტრი იყო, რომელსაც გადაწყვეტის დროულობა აკლდა. ივანიშვილის შემდეგი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო.


ამავე საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი