კომენტარი

ნუ ხმაურობთ! კულტურის სამინისტროში ძილის საათია!

15 თებერვალი, 2014 • • 1469
ნუ ხმაურობთ! კულტურის სამინისტროში ძილის საათია!

სევდიანი იყო იმიტომ, რომ ჯერ სმენა მომიდუნდა. საბჭოთა სივრცეში გაზრდილი ადამიანების დიდ ნაწილს საუბრის თავდაჭერილ მანერაზეც კი ეტყობა, რომ „იქიდანაა“. ეს მონოტონური ტონი, მსუბუქი, დიახ-გისმენთ ღიმილი, წინადადებების მარცვალ-მარცვალ ჩაყრა, დიდი, ჩაფიქრებული, პათეტიკური პაუზები… რას ფიქრობენ ხოლმე ადამიანები, როცა ასე საუბრობენ? „ბევრი არ მომივიდეს, არ ეგონოთ ვბობოქრობდე. არ ეგონოთ, რამეს ზედმეტს ვაპირებდე“… მონოტონური, შაბლონური ფრაზებიც ხომ მომავალში მეტ სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციებისა და სპეკულაციებისთვის, თუკი, ვაიდა, ვინმემ „ბობოქრობა“ დაგწამა.  არადა, ბობოქრობა, ინიციატივები, ხელის წარტყმა და ხმაური როგორ სჭირდება თანამედროვე ქართულ მთვლემარე კულტურულ ცხოვრებას.

 

არ გეგონოთ, რომ იმ დისკუსიაზე ინიციატივები არ იყო. იყო, როგორ არა. მაგალითად, აღვადგინოთ (თუ გავაძლიეროთ? არ ვიცი ახლა რას შვრებიან ეგენი) მწერალთა კავშირიო… მწერალთა კავშირიო! ღმერთო, მთელი კრებსითი რეზო ამაშუკელი წარმომიდგა უცებ თვალწინ, აღდგენილი თუ გაძლიერებული. ჩემს მეგობარს, რომელიც იქამდე ამბობდა, ოდიშარია ოქროკაციაო, უიმედოდ გადავხედე, თვალი ჩავუკარი და ხელიც ჩავიქნიე. დისკუსიიდან დანარჩენი ბევრიც არაფერი მახსოვს. აღარც ვუსმენდი კაცს, რომელიც ახალი კულტურული სიცოცხლის შექმნის ნაცვლად მკვდრის აღდგენაზე გველაპარაკებოდა, დიახ-გისმენთ ღიმილით.

 

და ამ ერთი წლის მანძილზე, როგორც ჩანს, სამინისტროში არათუ დიდი მოწყენილობა და სოციო-კულტურული ნეკროფილია სუფევს, არამედ უკვე შექმნილ, მოპოვებულ, შენარჩუნებულ კულტურულ ძეგლებსაც დასამარებას უპირებენ. ხოლო ვინც აბობოქრება გადაწყვიტა, გაუშვეს. ვის ეპიტნავება ხმაურიანი მღვიძარე, მძინარეთა ოთახში?

 

საყდრისის საბადოს ამბები ამ საყოველთაო ძილის (უარეს შემთხვევაში, კორუფციული წამძინარების) სამწუხარო მაჩვენებელია. უყურეთ „რუსთავი 2“-ზე გიორგი გაბუნიას „არჩევანს“ ამ თემაზე? საოცრება იყო! საკითხი დგას ასე: ქვეყანას აქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა კულტურულ აწმყოსა და მემკვიდრეობაზე ზრუნვა. ამასობაში, კერძო ინვესტორმა, კერძო (და არა საზოგადო) ინტერესებით გადაწყვიტა ქვეყნის კულტურული ძეგლის – საყდრისის საბადოს აფეთქება. სამინისტრო, რომელიც ამ აფეთქებას პირველ რიგში უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ეს-ესაა თანხმობას განაცხადებს, ხოლო ვინც აფეთქების წინააღმდეგია, მარინე მიზანდარის სახით, სამსახურიდან ითხოვს. მოკლედ, ძეგლთა დაცვის სამინისტრო არათუ არ იცავს, არამედ ანადგურებს ძეგლებს, და ამ დროს გადაცემის მთავარ თემად გამოტანილია „სკანდალური გათავისუფლება“, ხოლო ერთ საათზე მეტს ჟურნალისტი და სტუმრები (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა) ხარჯავენ ხელფასებსა და კადრებზე კამათში. არც ერთხელ, ერთი საათის მანძილზე არც ერთხელ არ დაუსვამს ჟურნალისტს შეკითხვა: რატომ ჰქვია ძეგლთა დაცვის სამინისტრო ძეგლის აფეთქების მომხრეთა გუნდს?

 

მარინე მიზანდარის გათავისუფლება ნამდვილად პრობლემაა, რადგან, როგორც გამოჩნდა, სამინისტროს ჩინოვნიკთა შორის ის გახლავთ ერთადერთი პროფესიონალი კულტურის სფეროში და ერთადერთივე, ვისაც გული შესტკივა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტებზე. მაგრამ მოდით, ამაზეც ვიფიქროთ, არის კი მისი გათავისუფლება პირველსაწყისი, ძირეული პრობლემა, თუ მხოლოდ მაჩვენებელია, გამოძახილი ნამდვილი პრობლემისა: წამძინარების?

 

შეკითხვა, რაღა თქმა უნდა, რიტორიკულია. იმავე გადაცემაში, გურამ ოდიშარიას  „შპარგალკიდან“ ამოკითხულ პასუხებში (და მისი მზერის მიმართულებასა და საუბრის დამუხრუჭებულ მანერას თუ გავითვალისწინებთ, ის მართლა ერთი-ერთში კითხულობდა წინასწარ დაწერილ პასუხებს), დეკლარირებულად ჩანდა, რომ სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობაზე მეტად, ეკონომიკური სარგებელი ადარდებს. „რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკა“ ხომ სწორედ მათი მოფიქრებული ლოზუნგია და არა ჩემი.

 

სიმართლე გითხრათ, თავად მე დიდი ეჭვით ვუყურებ კულტურის სამინისტროს არსებობის საჭიროებას. კი ბატონო, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ძეგლებზე, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ შეუძლია სახელმწიფოს, პირდაპირ იზრუნოს, მაგალითად, თანამედროვე არტისტებზე? როგორ გაანაწილებს პრიორიტეტებს? შეიძლება კი სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებდეს ვინმეს კონცერტს? ან, თუ აფინანსებს ერთისას, რა ქნას მეორემ, დაუფინანსებელმა? ჩავდოთ ფული The Shin-ში და არა, მაგალითად, ჯგუფ „ვაკის პარკში“? არ ვიცი, უნდა კი „ვაკის პარკს“ სახელმწიფოს მიცემული ფული? მერეც ეგეთი ხმაურიანი იქნება ზაზა ხუციშვილი?

 

პირადად მე ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ, ვთქვათ, გარკვეული შეღავათების დაწესებით წაახალისოს კერძო ბიზნესი, ჩადონ ფული სხვადასხვა კულტურულ პროექტებში. ქართველ ბიზნესმენებს დღესდღეობით ამისთვის არც მოტივაცია აქვთ და არც გემოვნება ყოფნით. ბევრ მათგანს ალბათ ყავლგასული ნანი ბრეგვაძის ან ფანდურზე აღრიალებული „მგზავრების“ დაფინანსება უფრო ესვეცკება, ვიდრე თბილისში რომელიმე ძალიან მაგარი თანამედროვე ჯგუფის, მაგალითად, Arctic Monkeys-ის ან Sigur Ros-ის ჩამოყვანა, ანდაც რომელიმე ქართველი არტისტის გაგზავნა „ბიენალეზე“. ჰოდა, სადაც გემოვნება ვერ ქაჩავს, იქნებ ფინანსურმა მოტივაციამ მაინც გაჭრას? რა-რა და საგადასახადო შეღავათების ფასი ხომ მაინც იცის ამ ხალხმა, ეგ მაინც ხომ უყვართ?!

 

საკითხავი ისაა, თავად სამინისტროს რა უნდა, რა უყვარს? ვთქვათ, დღევანდელი მოცემულობით კულტურის დაფინანსება მათზეა. უფიქრიათ კი, რომ საქართველო თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუქაზე, უბრალოდ, არ არსებობს? ჩვენ შარშან, 2013 წელს, ცხოვრებაში პირველად მოგვეცა შანსი, თანამედროვე მუსიკალური სამყაროს სთარებისგან შემდგარ ფესტივალს დავსწრებოდით. შარშან, 2013 წელს! ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ, რაც მრავალდღიანი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალები კულტურის ყველაზე ცოცხალ ნაწილად იქცა.

 

შეჯანჯღარება, ხმაური და დღესასწაული კი ნამდვილად სჭირდება კულტურულად დამშეულ ქართულ საზოგადოებას. საზოგადოებას, რომელიც დიდი ხანია გადაეჩვია კულტურულ ივენთებზე სიარულს. ზოგს ამის საშუალება არ აქვს, ზოგს ხალისი. ზოგმა კი, უბრალოდ, თითქოს არ იცის, რომ გამოფენა, კონცერტი, ფილმის ჩვენება კინოში თუ სხვა წარმოდგენა, ვინმესთვის, სხვისთვის არ იმართება. შეუძლია უბრალოდ ადგეს და მივიდეს.

 

შედით, მეგობრებო, Ticketmaster.com-ზე, აირჩიეთ სასურველი ქვეყანა და დააკვირდით, ყოველ შაბათ-კვირას სად შეუძლია წასვლა, გართობა, ფიქრი ან სიამოვნების მიღება, რიგით კოპენჰაგენელ, სტამბოლელ, ვარშაველ ან მთლად ლონდონელ მოქალაქეს და შეადარეთ თბილისის ივენთ-კალენდარს. შედით მიუნხენის ოლიმპიაჰალეს, ან პარიზის ზენიტის დარბაზის ვებ-გვერდზე და როგორ დამწუხრდებით, როცა აღმოაჩენთ, ამ ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას გამოდიან ის არტისტები, რომლებიც ჩვენ ნახევარ საუკუნეში ერთხელ ძლივს გვეღირსა და ისიც, ნახევრად ცარიელ სტადიონზე.

 

ასე დავმწუხრდი, როდესაც სხვა წამძინარებებთან ერთად, გავიგე, კულტურის სამინისტროს სამი მილიონი ლარი ვერ აუთვისებია. უცებ წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ სამი მილიონით? მღვიძარე მინისტრი, რომელსაც თანამედროვე ცოცხალი კულტურა უნდა ქვეყანაში, ადგებოდა და არც მეტი, არც ნაკლები, თანამედროვეობის ყველაზე დიდ ბენდს, როლინგ სთოუნზს ჩამოიყვანდა საქართველოში! ეს იცით რას ნიშნავს? ერთმა ბრიტანელმა კრიტიკოსმა დაწერა ცოტა ხნის წინ: „როლინგ სთოუნზის კონცერტი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არაა უბრალოდ მუსიკალური ივენთი. ყველაზე განებივრებულ ქალაქებშიც კი, როგორიცაა ლონდონი, ბერლინი ან ნიუ-იორკი, როლინგების ჩასვლას ისეთივე საყოველთაო, სადღესასწაულო მნიშვნელობა აქვს, როგორც შუა საუკუნეებში მოხეტიალე ცირკის ჩასვლას ჰქონდა მიყრუებულ სოფელში“.

 

მერწმუნეთ, მაგ გაუხარჯავი სამი მილიონით, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, თურქეთი და ირანიც კი, ამ გეოგრაფიული სივრცის კულტურულად აქტიური ნაწილი გაუთავებლად ილაპარაკებდა იმაზე, რომ საქართველოში როლინგ სთოუნზი ჩადის. მეტიც, თვითონაც ჩამოვიდოდნენ და აქ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს.

როლინგ სთოუნზის კონცერტს კოპაკაბანას სანაპიროზე ორი მილიონი ადამიანი ესწრება. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია, 2006 წ
როლინგ სთოუნზის კონცერტს კოპაკაბანას სანაპიროზე ორი მილიონი ადამიანი ესწრება. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია, 2006 წ

 

ეს ისე, მხოლოდ ერთი მაგალითი. თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ჩახედულმა ადამიანებმა კი იციან კარგად, რა ამბების დატრიალება შეიძლება იმ მილიონებით, რომელიც მძინარენმა არც კი იციან რაში დახარჯონ. ბოლოს და ბოლოს, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ბევრს კი ძალიან გვრცხვენია, რომ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი,  momaTbilisi, ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და სწორედაც რომ არათანამედროვე, პოლიტიკური ისტებლიშმენტის კლიშეებით დაშტამპული მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის სახელობისაა. ანუ, moma, როგორც ასეთი, ქალაქში არ გვაქვს.

 

ჩვენ, ბევრს თუ ცოტას, ეს გვაწუხებს, მაგრამ არ ვიცით რა გაწუხებთ თქვენ, რა ფინანსური თუ კეთილშობილი ინტერესები გაქვთ საქმეში, რომელსაც აკეთებთ და ვერ აკეთებთ. ერთს კი ნამდვილად ვხედავთ, რომ საუბრისას დიდ, ჩაფიქრებულ და პათეტიკურ პაუზებს აკეთებთ, წინადადებებს მარცვალ-მარცვალ გვიყრით, პასუხებს „შპარგალკებიდან“ კითხულობთ და დიახ-გისმენთ სახით გვიღიმით, თითქოს გეღვიძოთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი