ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: საყდრისის თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს

23 აპრილი, 2014 • • 1779
ირაკლი ღარიბაშვილი: საყდრისის თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მიმართა, რომ საყდრისის თემაზე დაუსრულებელი სპეკულაციები მისთვის გაუგებარია.

 

„მოგიწოდებთ, ყველამ დაასრულოს ამ თემაზე სპეკულირება. უკვე ყველაფერი ცალსახად ითქვა. თქვენგანაც მოვისმინე, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო, ეს არ მტკიცდება. რამდენიმე თვის წინ ექსპერტებმა დადეს დასკვნა, წარუდგინეს მთავრობას, რის საფუძველზეც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება RMG GOLD-ის სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გუშინ კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისში მიმდინარე კარვების აქციის მონაწილეები მოინახულა და დაპირდა, რომ საყდრისის ბორცვს სადემარკაციო ხაზს შემოავლებენ და იქნება ხელუხლებელი და ამ ტერიტორიაზე ყოველდღიური მონიტორინგი ჩატარდება. 

 

გურამ ოდიშარია აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას
გურამ ოდიშარია აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას

პრემიერიმინისტრმა გურამ ოდიშარიასთან საუბრისას განმარტა, რომ RMG Gold-ს არ უნდა შეეშალაოს ხელი საყდრისში წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებაში:

 

“მესმის იმ ადამიანების, რომლებიც თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მაგრამ მინდა მათ შევახსენო, ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია დაახლოებით სამი ათასი ადამიანი. კარგად გაითვალისწინონ და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ, როგორც მინისტრს, სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა“.

 

საყდრისში “საყდრისის მაღაროს დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი” ადგილზე კარვების აქციას მართავს, ისინი მოითხოვენ იმას, რომ საყდრისის ობიექტს აღუდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და კომპანია RMG Gold-მა იქ მიწის მომპოვებელი სამუშაოები შეაჩეროს. ასევე, სპეციალისტებს მიეცეთ ობიექტის მონახულების საშუალება. 

 

კომპანია RMG-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომპანია ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ თომას შტოლნერს, რომელიც საყდრისის ობიექტს სწავლობდა და რომელსაც მიაჩნია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღარო მდებარეობს, შესთავაზა, რომ  იმ მონიტორინგის გჯუფში ჩაერთოს, რომელიც საყდრისში კომპანიის მიერ განხორციელებულ მიწის სამუშაოებს დააკვირდება. 

 

საყდრისის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტს 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, თუმცა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მას ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ხოლო 2014 წლის 13 იანვარს RMG-ს მიწის სამუშაოების ჩატარების ნებართვა მისცა, რადგან ამ ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დადასტურდა, განმარტა სამინისტრომ. 

 

საყდრისის ტერიტორია წიაღისეულის მომპოვებელ კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე შედის. კომპანიის მტკიცებით, საყდრისში არის ოქროს საბადო და იქ ოქროს მოპოვებითი სამუშაოების ჩასატარებლად ემზადება. ხოლო საზოგადოების წარმომადგენელთა ის ნაწილი, რომელსაც სჯერა, რომ საყდრისში მდებარე ობიექტი ოქროს მაღაროა, იქ აქციებს მართავს და ამბობს, რომ RMG-ის იქ წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობებს არ მისცემს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი