აქციის მონაწილეები ჯერ პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
“მთელი ბოლნისი აქ წამოვა, იმიტომ, რომ მთელ ბოლნისს აფინანსებს ჩვენი ორგანიზაცია,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლია აჯიაშვილმა.
მისი თქმით, თუ არ-ემ-ჯი გოლდი მუშაობას შეწყვეტს, მაშინ უმუშევრები დარჩებიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციის ორგანიზება მოხდა თავად არ-ემ-ჯი გოლდის თანამშრომლების მიერ და კომპანიის ადმინისტრაციას ამაში მონაწილეობა არ მიუღია.
აქციაზე საყდრისის ერთ-ერთი დამცველის ლეილა ცომაიას გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა, აქციის მონაწილეებმა მას მოგზავნილი და პროვოკატორი უწოდეს. ლეილა ცომაიამ კი განაცხადა, რომ ეს ადამიანები არიან მშრომელები, რომლებსაც სამუშაო ადგილები სურთ, ხელისუფლება კი მათ თავიანთი ინტერესებისთვის იყენებს.
“ეს არის მშრომელთა მასა, რომელსაც უნდა სამუშაო ადგილები და უნდათ, რომ ოჯახები არჩინონ, მაგრამ მათ ხელისუფლება იყენებს საქართველოს და საერთოდ მსოფლიო ცივილიზაციის ძეგლის განადგურებისთვის,” – განაცხადა ლეილა ცომაიამ. მისი თქმით, არ-ემ-ჯი გოლდი კაზრეთში მაქსიმუმ ერთი წელი იმუშევბს – “ხოლო ამის შემდეგ, როდესაც იქ ამოიწურება სამუშაოები, რა უნდა ქნან და სად უნდა დასაქმდნენ ეს ადამიანები”, – განაცხადა ცომაიამ.
კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.
საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.
RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.