ოდიშარია: ზოგიერთი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას ვჭოჭმანობ

საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია “ფეისბუქით” ეხმაურება ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დილიდან ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება. მეკითხებიან, რა აზრის ვარ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ტელეინტერვიუზე (TV იმედი, 18 მარტი, 22 საათი).

და ასე გადავწყვიტე – რადგან ყველას ცალ-ცალკე ვერ დაველაპარაკები, ჩემს ძველ და ახალ მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს Facebook-ით გავესაუბრო. დიდი ხანია არ მისარგებლია სოციალური ქსელით. სათქმელიც დამიგროვდა. გარდა ამისა, ჩემგან პასუხებს სხვა კითხვებზეც ელოდებიან.

უკანასკნელი ორი-სამი წლის საქართველოზე (მოგვიანებით) რომანის დაწერას ვაპირებდი (დოკუმენტურ-მხატვრულის, ავტობიოგრაფიულის). მაგრამ ვატყობ ჩემს გარშემო მეტად უცნაური სიტუაცია შეიქმნა – ათასი ჭორ-მართალი ირევა პრესაშიც, ტელევიზიებშიც, რადიოში, ფეისბუქზეც, ცილისწამება, შავი პიარი… 

ბოლო წლების ჩანაწერები თავზე საყრელად მაქვს. მოკლედ, ჩემს ხელობას ვუხმე და აი, ფეისბუქ-ცნობების (რაღაც დღიურისმაგვარის) წერა დავიწყე. რა თქმა უნდა, ეს არ არის რომანი (რომანი ჯერ შორეული აჩრდილია). ეს ჩემი გულწრფელი ჩანაწერებია მხოლოდ… ყოველ დღე, ან თითქმის ყოველ დღე თითო ამბავს ან თითო თემას მოგაწვდით. გამგონე, ვისაც გაგება სურს, მჯერა, უსათუოდ გამიგებს…

„მე შემიძლია, გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში“ – ასე ამბობდა წუხელ ჩემზე ბატონი ბიძინა. რა თქმა უნდა, ვეთანხმები.

კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები „ძალიან კარგ“ და „კარგ“ მინისტრებად, ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას… კვლავ ვეთანხმები ბატონ ბიძინას. 

„ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან გულწრფელი“ – ეს ჩემზე თქვა. მადლობას მოვახსენებ, ნეტავ, მართლა ასეთი ვიყო… 

მან განაგრძო – „მაგრამ ეს არ ყოფნის ყველაფერ იმას, რომ იყო პროფესიონალი და კარგად გამოგივიდეს ყველაფერი. აკლია მას გამოცდილება, აკლია გადაწყვეტილების მიღების დროულობა“. 


ეს ასეც არის ხოლმე. ზოგიერთი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას ვჭოჭმანობ, რაც ალბათ, მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის „შეუფერებელია“. 

 

ცხოვრებისეულმა ბევრმა ტკივილმა ადამიანებისადმი ფაქიზი ურთიერთობები დამავალა (მოეპყარი სხვას ისე, როგორც გინდა, შენ მოგეპყრონ). თუმცა მათი გაფრთხილების გამოცდილება და სახელმწიფო მოხელის მტკიცე, დროული გადაწყვეტილების უნარი ხანდახან მართლაც მაგდებს წინააღმდეგობაში… 

ახლა ისეთი განცდა მაქვს, ამ მესიჯში მინდა ყველაფერი ჩავატიო… ფაქტია, სათქმელი დამიგროვდა. დამიგროვდა და მინდა გაგიზიაროთ. შევეცდები (თითქმის ყოველდღე) აღვწერო რა ამბები, რაც გადამხდა ჩემი სამინისტროში მუშაობისას, სად დავუშვი შეცდომა და როდის ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი. 


რა თქმა უნდა, იმ თემებზეც ვისაუბრებ, რაც საზოგადოებისთვის კულისებსმიღმურია… 

თან გზადაგზა მკითხველთა კითხვებსაც ვუპასუხებ. 

მომდევნო თემის სახელწოდება ასეთია – „საყდრისი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი