ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტმა ოლიმპიურ ცეცხლს ესტაფეტა გაუხსნა

6 ოქტომბერი, 2013 •
რუსეთის პრეზიდენტმა ოლიმპიურ ცეცხლს ესტაფეტა გაუხსნა

“ოლიმპიური ცეცხლი 65 000 კილომეტრს გადალახავს, ჩვენს ყველა რეგიონს გაივლის და მსოფლიოს რუსეთს აჩვენებს ისეთს, როგორიც არის და როგორიც ჩვენ გვიყვარს. აჩვენებს მის მრავალმხრივობას, მასშტაბს, სილამაზეს, ბუნების სიმდიდრეს, განუმეორებელ კულტურას, ჩვენი მრავალნაციონალური ერის მიღწევებს, ერის, რომელსაც საერთო ღირებულებები და საკუთარი ქვეყნის სიამაყე აერთიანებს”.– განაცხადა ესტაფეტის გახსნისას ვლადიმერ პუტინმა.

 

ცეცხლი “ვნუკოვოს” აეროპორტიდან წითელ მოედანზე მიიტანეს. პროცესში ვიცე–პრემიერი დიმიტრი კოზაკი, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ჟუკოვი, მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლიდია სკობლიკოვა მონაწილეობდნენ. 

 

ოლიმპიური ცეცხლი 2 900 დასახლებულ პუნქტში ჩავა, 123 დღის განმავლობაში იმოგზაურებს და 65 000 კილომეტრს გაივლის. ესტაფეტა 2014 წლის 7 თებერვალს სოჭში ოლიმპიადის გახსნის დღეს დასრულდება. 

 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ  ერთ–ერთი პირველი მეჩირაღდნე, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ ცეცხლს მიიტანს, ივან ნაჩაევია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილების გამო რუსეთში გმირის წოდება მიანიჭეს.  2014 წლის ზამთრის ოლიპმიური თამაშები რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში იმართება. სოჭი რუსეთ–სასქართველოს დე იურე საზღვართან ახლოს მდებარეობს. საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი