“მცოცავი ოკუპაციის გაგღძელების საფრთხე ნამდვილად არსებობს. ეს არის დამატებითი ტერიტორიის დაპყრობა, იქ მცხოვრები ადამიანებისათვის ეს არის უმძიმესი დარტყმა, მათი ცხოვრების განადგურება, ადამიანური ტრაგედიაა. ამას გარდა ჩვენ გვაქვს წმინდა წყლის სტრატეგიული საფრთხეები, თუკი რუსეთის ფედერაციას მიეცემა შესაძლებლობა, რომ იგივე არალეგიტიმური ლოგიკით გააგრძელოს და საბჭოთა რუკების მიხედვით გაჰყვეს ცხინვალის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ საზღვარს, ანუ ოკუპაციის ხაზი გადმოწიოს ამ საბჭოთა საზღვრის გაყოლებაზე, რაშიც მოყვება სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, ეს არის ბაქო- სუფსის მილსადენი, ქართლი 2, ეს ხაზი შესაძლოა ძალიან ახლოს მოვიდეს სტრატეგიულ გზასთან, ჩვენ მთავარ მაგისტრალთან. რაც ნათელია, რა ტიპის საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული”,– განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, თუ რეაქცია დღესვე არ იქნა ადეკვატური და ყველა ზომა მიღებული, საფრთხეები კვლავ გაგრძელდება:
“მე ამ ზომებში არ ვგულისმობ საომარ მოქმედებებს. არავის არ უთქვამს, რომ ეს პრობლემა ახლა გაჩნდა, ეს პრობლემა 200 წელია არსებობს, თუ რუსეთის საფრთხეზეა ლაპარაკი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების მცდელობა 2008 წლის აგრესიის შემდეგ იყო, ამის პირველი ინდიკაციები იყო 2009–ში, აქტიური ფაზის დაწყება სცადეს 2011 წელს, რა ვქნათ? ერთ ნაწილზე მე უკვე მოგახსენეთ, მე არ ვგულისხმობ საომარი მოქმედებების დაწყებას, ეს არ არის ჩემი პოზიცია, არ არის პრეზიდენტის პოზიცია, მაგრამ მე შემიძლია დავიწყო იმით, რა არ უნდა ვქნათ. ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ასეთ მძიმე პრობლემას უბრალო გაუგებრობა არ უნდა უწოდოს. პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას არ უნდა თქვას, რომ ეს პრობლემა კი არის, მაგრამ ჩვენ ამას პასუხისმგებლობით ვხვდებით, თქვას, რომ პრობლემაა, მაგრამ ვყლაპავ. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ საერთაშორისო ზეწოლა. ეს არ არის აბსოლუტური ინსტრუმენტი, ეს არ არის გარანტია, მაგრამ ეს არის ის, რაც როგორც მინიმუმ აფერხებს რუსულ აგრესიას”–განაცხადა ბოკერიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა 2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013 წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.