ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს და მის მდივანს უფლებამოსილებები ეზღუდებათ

2 ოქტომბერი, 2013 •
უშიშროების საბჭოს და მის მდივანს უფლებამოსილებები ეზღუდებათ

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია ორგანული კანონის კონსტიტუციის იმ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

 

ცვლილებების მიხედვით, საბჭოს უფლებამოსილება  შემოიფარგლება სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით:

 

იურიდიული კომიტეტი ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე ალექსანდრე ბარამიძე
იურიდიული კომიტეტი ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე ალექსანდრე ბარამიძე

“იმის გათვალისწინებით, რომ მისი თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც აღარ აქვს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვისა და განხორციელების უფლებამოსილება, შემოიფარგლება სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით, მათ შორის, ამ სფეროსთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებითა და პროგნოზირებით და საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებით. აგრეთვე, საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს სამხედრო ძალით მონაწილეობის საკითხებითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებების შეზღუდვის გამო შეიზღუდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფელბამოსილება. კერძოდ, მისი უფლებამოსილება შემოიფარგლა სახელმწიფოს თავდაცვის საკითხებით, საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს საქართველოს პრეზიდენტისთვის სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკური მასალისა და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფით, თავდაცვის საკითხებზე საქმიანობის კოორდინაციით. მას აღარ ექნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციის უფლებამოსილება.

 

როგორც  კანონპროექტის განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის გამო საბჭოს მდივნის უფლებამოსილებაც იზღუდება. საბჭოს მდივანს ასევე აღარ ექნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაცციების მართვის კოორდინაციის უფლებამოსილება.

 

“თავდაცვის შესახებ” კანონშიც ცვლილებების მიხედვით,  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი გარდაიქმნება გენერალურ შტაბად. საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიულ, მათ შორის სამობილიზაციო გეგმებს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

 

“ჩვენ განვიხილეთ კანონი „ეროვნული უშოშროების საბჭოს“ შესახებ. რომელშიც უნდა შევიდეს რიგი ცვლილებებისა იმის გამო, რომ ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, თუმცა ცვლილებები არა მხოლოდ ამის გამო უნდა შევიდეს. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაცილებით ფართოა, ვიდრე ამის შესაძლებლობას იძლევა კონსტიტუცია. იმიტომ, რომ 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე და დღეის შემდეგაც, ეროვული უშიშროების საბჭოს შექმნის მიზანი  კონსტიტუციით განსაზღვრულია შემდეგნაირად: „ეროვნული უშიშროების საბჭო იქმნება სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფისათვის.” ეს არის ის ჩარჩო, რომელიც კონსტიტუციამ განუსაზღვრა ეროვნული უშიშროების საბჭოს. მიუხედავად ამისა, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები ძალიან იყო გაფართოებული კანონით, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ საზღვრებს და იმასაც ვიტყვი, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, კოორდინაცია გაეწია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისათვის. ანუ ის იყო ჩაყენებული, ფაქტობრივად, შს სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს და სხვა სამართალდამცავი უწყებების თავში. რაც ასევე ეწინააღმდეგება ყველანაირ პრინციპს,” – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.

 

მისივე სიტყვებით,  სწორედ ეს გასწორდა და განისაზღვა ზუსტად, კონსტიტუციის შესაბამისად:

 

“ეროვნული უშიშროების საბჭოს  უფლებამოსილებები ეხება მხოლოდ იმ საკითხებს, რომელბიც უკავშირდება სამხედრო აღმშენებლობას, ქვეყნის თავდაცვას, სამხედრო ძალების გამოყენების შესაძლებლობებს, მათ შორის საერთაშორისო კოლექტიური თავდაცვის სისტემებში მონაწილეობას და ყველაფერ იმას, რაც დაკავშირებულია შეიარეღებულ ძალებთან და ამის შესაბამისად განისაზღვრა ეს უფლებამოსილებები.”

 

 ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ კუთხით იზრდება და მას წევრების არჩევის უფლება ეძლევა:

 

“გარდა ამისა იყო კიდევ ერთი ელემენტი პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა, რომელიც დღემდე კანონის მიხედვით პრეზიდენტს არ ჰქონდა. კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს. მოქმედი კანონის მიხედვით კი, პრეზიდენტი საბჭოს არცერთ წევრს არ ნიშნავდა და არც ამის უფელბა არ ჰქონდა. ჩვენ განვსაზღვრეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, მისი მუდმივი წევრები და აგრეთვე პრეზიდენტის უფლება, მინისტრებისგან დანიშნოს ეროვნული უშიშროების საბჭოს არაუმეტეს 3 წევრი და მასზე არის დამოკიდებული, ვის დანიშნავს, რა ვადით დანიშნავს, როდის გაათავისუფლებს, ეს ყველაფერი იქნება პრეზიდენტის უფელბამოსილება”, – აცხადებს ხმალაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი