ახალი ამბები

სააკაშვილი მეთიუ ბრაიზას მოსაზრებას რუსეთ-საქართველოს ომზე არ ეთანხმება

27 სექტემბერი, 2013 •
სააკაშვილი მეთიუ ბრაიზას მოსაზრებას რუსეთ-საქართველოს ომზე არ ეთანხმება

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ღია ეთერში” სააკაშვილმა მეთიუ ბრაიზას ციტატა მოისმინა

 

“დიდი შეცდომა იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლით უპასუხა, ასე რომ არ ექნა, ქვეყანა ომის შემდგომ პოლიტიკურ ომს მოიგებდა”, – აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

 

შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი აღნიშნულ მოსაზრებას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

 

“ეს საერთოდ რა იდიოტიზმია, რას ნიშნავს რუსებმა და ოსებმა გაგვიხსნეს ცეცხლი და ჩვენ ყვავილები უნდა გვესროლა მათთვის? მეთიუ ბრაიზას ისე ციტირებთ, გეგონება ჯეფერსონი და ვაშინგტონი და მსოფლიოს მთავარი კანონმდებელია. როდესაც შენ გესვრიან, მთავრობის ვალდებულება, პასუხისმგებლობა უწმინდესი და უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური და პრეზიდენტის არის სწორედაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, სწორედაც შენი ქვეყნის დაცვა. ჩვენ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, 2008 წელს ჩვენ აღმოვჩნდებოდით იმავე სიტუაციაში, როგორშიც შევარდნაძე აღმოჩნდა 1998 წელს გალში, უფრო უარესში. ჩვენ მოსახლეობას იქიდან უბრალოდ გამოყრიდნენ. რუსები იტყოდნენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ეს არის კოკოითი, ამასობაში თბილისში ატყდებოდა ჩვეულებრივად არეულობა, ჩვეულებრივად დაამხობდნენ მთავრობას და ჩვეულებრივად პუტინი გაინაღდებდა და შეასრულებდა თავის მიზანს, როგორც ჰქონდა ჩაფიქრებული”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მეთიუ ბრაიზამ ეს მოსაზრება “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა, ინტერვიუში ის 2008 წლის აგვისტოს ომზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი