ახალი ამბები

სიგუა: თუ GEM FEST-ისთვის მიწას იჯარით არ მოგვცემენ, ფესტივალს აფხაზეთში ჩავატარებთ

26 თებერვალი, 2018 • 2783
სიგუა: თუ GEM FEST-ისთვის მიწას იჯარით არ მოგვცემენ, ფესტივალს აფხაზეთში ჩავატარებთ

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ თუ მთავრობა ფესტივალის ჩასატარებლად ორგანიზატორებს მიწას იჯარით არ გადასცემს, ფესტივალს აფხაზეთში ჩაატარებს.

სიგუას თქმით, GEM FEST 9-12 აგვისტოს აუცილებლად ჩატარდება და ფესტივალზე მოწვეული შემსრულებლების სია (ლაინ აფი) რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სიგუა აცხადებს, რომ ფესტივალი კვლავ ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში ჩატარდება, თუმცა, თუ მიწას იჯარით არ მისცემენ, აფხაზეთში გადავა და GEM FEST-ს იქ ჩაატარებს.

“მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი, ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა, კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე” – წერს გიორგი სიფუა “ფეისბუკ” გვერდზე.

გიორგი სიგუას თქმით, ვალებს ფესტივალის ორგანიზატორები მას შემდეგ გაისტუმრებენ, რაც გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გაძლიერდებიან.

მუსიკალური ფესტივალი “GEM Fest” ანაკლიაში 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე იმართებოდა. ის პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარდა და ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფომ ფესტივალი დაახლოებით 2 მლნ ლარით დააფინანსა. თუმცა, როგორც ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხადებდა, შარშანდელი ფესტივიალი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. GEM FEST-ზე დასაქმებულები აცხადებდნენ, რომ ორგანიზატორებმა მათ კუთვნილი ხელფასი არ ჩაურიცხეს.

როგორც გიორგი სიგუა ამბობდა, ფესტივალის ფინანსური წარუმატებლობა, პირველ რიგში, მისი “მცდარი წარმოდგენების” შედეგია. გარდა ამისა, ფესტივალის წარუმატებლობას სიგუა უამინდობას და ფესტივალის სტუმრების ინტოქსიკაციას, მათ შორის ერთ-ერთის გარდაცვალებასაც უკავშირებდა.

ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე მომუშავე სავაჭრო და კვების ობექტებს მუშაობა არ ჰქონდათ და იჯარის ფულს ვერ იხდიდნენ, რის გამოც “GEM Fest” ვერ ახერხებს ვალების დაფარვას. სიტუაციიდან გამოსავალს სიგუა სამომავლო პროექტების სწორად დაგეგმვაში ხედავდა.

 „არტ პლატფორმის“ მიერ რჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც იძიებს. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შემოწმების შედეგად, უწყების ცნობით, სხვადასხვა სახის საგადასახადო დარღვევები გამოვლინდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ხსენებულ კომპანიას  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 678 514 ლარის ოდენობის თანხა დაერიცხა. გამოძიება კი   სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის  მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  გრძელდება, რაც ქონების მესაკუთრის ან მფლობელის მოტყუებით და დიდი ოდენობით ქონებრივ დაზიანებას გულისხმობს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი