ახალი ამბები

სიგუას ადვოკატის თქმით, შესაძლოა საქმე ფესტივალის რომელიმე მევალეს ეხებოდეს

18 აგვისტო, 2017 • 1743
სიგუას ადვოკატის თქმით, შესაძლოა საქმე ფესტივალის რომელიმე მევალეს ეხებოდეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუსიკალური ფესტივალის “ჯემ ფესტი” ორგანიზატორი გიორგი სიგუა დაკითხვაზე იმყოფება. მას საგამოძიებო სამსახური უკვე 4 საათია, როგორც თავად აცხადებს, მოწმის სტატუსით კითხავს და გამოძიებას პირადად მასსა და მისი კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

გიორგი სიგუას ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის ინფორმაციით, საქმის გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ითვალისწინებს. ადვოკატის განმარტებით, სავარაუდოდ, საუბარია არა ფიზიკური ქონების, არამედ ქონებრივი უფლების დარღვევაზე. ის არ გამორიცხავს, რომ საქმე ფესტივალის რომელიმე მევალეს ეხებოდეს.

“იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოძიებას გიორგისთან დასმულ კითხვებთან მიმართებაში მუხლის შინაარსი არ გაუჟღერებია, ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს მიმდინარეობს 185-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანება. თუმცა ეს მუხლი არ არის მხოლოდ პირდაპირ ხელშესახები, მატერიალური ქონების დაზიანებაზე. ეს შეიძლება იყოს ქონებრივი უფლება, რომელიც რომელიმე პირს გააჩნია. მაგალითად, შეიძლება მან ვერ მიიღო რაღაც თანხა ან შემოსავალი იმის გამო, რომ ჰქონდა რაიმე დანაშაულს ადგილი. მაგალითად, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მევალეც. ჯერჯერობით შეკითხვები არის იმ კუთხით, თუ როგორ მოხდა ამ ფესტივალის ორგანიზება, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, რა მოქმედებები, რა ხელშეკრულებები განხორციელდა ამ მიმართულებით,” – აცხადებს ყავლაშვილი.

სიგუას თქმით, ამ ეტაპზე გამომძიებლებმა შეკითხვები ძირითადად ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე დაუსვეს. ასევე დაინტერესდნენ ფესტივალისათვის გაცემული სახელმიწიფო თანხების ხარჯვითაც.

“რაც შეეხება ქონების დაზიანებას, ეს არის აღძრული ფაქტზე და არა იმაზე, რომ ჩვენ პირადად ვინმე გვადანაშაულებდეს რამეში.

აშკარად გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრისთვის გაუგებარია, ეს ერთთვიანი ფესტივალი რა ხილია და ჩვენც გვინდა, რომ ყველას ყველაფერი ავუხსნათ. მათ შორის იყო კითხვები სახელმწიფო თანხების ხარჯვაზე,” – განაცხადა სიგუამ.

გიორგი სიგუას დაკითხვა ერთსაათიანი შესვენების შემდეგ გაგრძელდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების, ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს “არტ პლატფორმას” მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი