ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი Gem Fest-ის დაფინანსების წინააღმდეგია

6 ოქტომბერი, 2017 • 2117
ეკონომიკის მინისტრი Gem Fest-ის დაფინანსების წინააღმდეგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2018 წელს მთავრობამ Gem Fest არ უნდა დააფინანსოს. ეკონომიკის მინისტრი ფესტივალის წარუმატებლობას მენეჯმენტის ხარვეზებით ხსნის.

“Gem Fest-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით წელს იქნება მსჯელობა. ჩემი პოზიცია იქნება, რომ არ დავაფინანსოთ ეს ღონისძიება. ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები, როდესაც ჩვენ დავდექით იმ მდგომარეობაში, როცა მოგვიწია დამატებითი ხარჯების გაწევა,”-აცხადებს გიორგი გახარია.

მინისტრის ამ განცხადებას Gem Fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა Facebook-ზე გამოეხმაურა. გიორგი სიგუა წერს, რომ 2018 წელს ფესტივალი მაინც ჩატარდება და თუ დაფინანსებაზე სახელმწიფო უარს იტყვის, ორგანიზატორებს მასშტაბების შემცირება მოუწევთ.

“დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ ის არ დაუჭერს მხარს GEM FEST- ისთვის სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს, საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ.

შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.

პირველი : ადრეც ვთქვი და ვიმეორებ , სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ. ჯემ ფესტი შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ , რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს , ისევე როგორც სხვა პროექტებმა, ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად, თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ, მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად, 3 ან 4-დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს, სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას, რასაც ანაკლიაში 32-დღიანი ნონ სტოპ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ, GEM FEST ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა.

რაც შეეხება ხარვეზებს და შეცდომებს, ვის რა უნდა გაეკეთებინა , ვის რა უნდა უზრუნველეყო და ვის რა უნდა შეესრულებინა, ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ (სურვილის შემთხვევაში). ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ”, -წერს სიგუა.

მუსიკალური ფესტივალი “GEM Fest” ანაკლიაში 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე იმართებოდა. ის პროექტის “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარდა და ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფომ ფესტივალი დაახლოებით 2 მლნ. ლარით დააფინანსა.

GEM Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ 2017 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფესტივალი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მთავარ მიზეზებად კი მისი მცდარი წარმოდგენა , უამინდობა და ფესტივალის სტუმრების ინტოქსიკაცია დაასახელა.  3 აგვისტოს, გვიან ღამით, ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი