ახალი ამბები

საია: სასამართლოში თავმჯდომარეების სუბიექტური შეხედულებებით დანიშვნა დაუშვებელია

26 თებერვალი, 2018 • 1382
საია: სასამართლოში თავმჯდომარეების სუბიექტური შეხედულებებით დანიშვნა დაუშვებელია

საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოებში თავმჯდომარეთა დანიშვნისას შესაბამისი პროცედურების დაცვას სთხოვს.

საია სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის დანიშვნის წინაპირობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, ისინი ინიშნებოდნენ გავლენიანი ჯგუფებისადმი კუთვნილების მიხედვით.

“…სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ ისეთი მოსამართლის დანიშვნა, რომელსაც შესწევს უნარი არ მოექცეს შიდა გავლენის ქვეშ, დადებითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ქვეყანაში სისხლის მართლმსაჯულების განხორციელებაზე. აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებაში, როცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ უკვე დანიშნულია მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც კლანური მმართველობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევა”, – აცხადებს ორგანიზაცია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ამ მხრივ ვითარება გააუარესა 2016 წელს განხორციელებულმა ე.წ. “მესამე ტალღის” რეფორმებმა, რომლის ძალითაც იუსტციის უმაღლესი საბჭოს წევრებს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დაკავების საშუალება მიეცათ. ორგანიზაციის თქმით, თავმჯდომარეთა უფლებამოსილება არაპროპორციულად გაიზარდა. საია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, შეწყვიტოს თავმჯდომარეთა დანიშვნა შესაბამისი პროცედურის გარეშე:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია არ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტსაც კი თავმჯდომარეების დანიშვნისას. არც კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თავმჯდომარეთა შერჩევის კრიტერიუმებს და დანიშვნის პროცედურას, რაც სრულ შეუსაბამობაშია არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. ყოველივე ეს ქმნის სერიოზულ საფრთხეს ინდივიდუალური მოსამართლეების და სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობისთვის.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეწყვიტოს სასამართლოების/პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეების დანიშვნა ყოველგვარი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურის გარეშე, უზრუნველყოს თავმჯდომარეების დანიშვნის კონკურენტული პროცესი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნოს მოსამართლე, რომელიც აფილირებული არ იქნება კლანურ მმართველობასთან, ექნება ნდობა და დადებითი რეპუტაცია პროფესიულ წრეებსა თუ მთლიანად საზოგადოებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი