მხარეებმა შეხვედრაზე სოფელ დიცში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა კომენტარი ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან გააკეთა:
“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამიზნულად ძაბავენ ვითარებას საზღვრებზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება იმ ვითარების შედეგია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი საზღვრების გარეშე ვეღარ იცხოვრებენ. ქართულ მედიაში ხშირად ამბობენ, რომ ხალხს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გატაცებები არ ხდება. საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დაკავებულებს მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმებს ახდევინებენ. საზღვრები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დადგინდა. ეს საზღვრები რომ სახელმწიფო გახადეს, იმ აგრესიის ბრალია, რომელიც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელა.”
კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიზე ზოლს ძალინ მცირე მონაკვეთებზე ავლებენ: “რომ ხალხმა დაინახოს, სად გადის საზღვარი. უკონტროლო მიმოსვლა სტაბილურობამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენი მესაზღვრეები მოქმედებენ იმ უფლებამოსილებით, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიანიჭა. ამ საკითხებზე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ უნდა ილაპარაკოს ქართულმა მხარემ. ამისთვის არსებობს მნიშვნელოვანი ფორმატი, ჟენევის დისკუსიები. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, რუსეთიც დგამს საქართველოსკენ შემხვედრ ნაბიჯებს. ეს ეხება ვაჭრობას, ჰუმანიტარულ კავშირებს, ავიაციას, ტრანსპორტს. თავიდანვე ვთქვით, რომ არ ვილაპარაკებდით იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. მაგრამ დღეს წარმოიქმნა საზღვრების თემა და მოსაზრებებიც გავცვალეთ.”
კომენტარი ქართულ მედიასთან საქართველოს პრემიერ-მიისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემაც გააკეთა:” გამოვხატე საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა შეშფოთება ბოლოხანს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პორცესებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სმართლის ნორმებისა და ზოგადად ჰუმანიტარული ნორმების უხეშ დარღვევას. ყოველი ჩემი შეხვედრის წინ ბატონ კარასინთან ორი დღით ან ერთი დღით ადრე ხდება ანალოგიური ინციდენტები, რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.”
კარასინი–აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში დეკემბერში გაიმართება. ჟენევის ოთხმხრივი შეხვედრა კი 2013 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.







