ახალი ამბებიხელოვნება

სტალინის 80-მეტრიანი ქანდაკება ფუნიკულიორზე – პროექტი, რომელსაც თბილისი გადაურჩა

23 თებერვალი, 2018 • 7334
სტალინის 80-მეტრიანი ქანდაკება ფუნიკულიორზე – პროექტი, რომელსაც თბილისი გადაურჩა

ერთერთი პროექტის მიხედვით, მთაწმინდაზე, იქ სადაც მთაწმინდაზე ფუნიკულიორი დგას, შესაძლოა სტალინის 80 მეტრის სიმაღლის მონუმენტი დაედგათ, რომელიც მთელს თბილისს გადმოჰყურებდა.

შსს–ს ეროვნულ არქივში დაცული პროექტის მიხედვით, სტალინის ძეგლი ფუნიკულიორის შენობის თავზე უნდა დაედგათ. ძეგლამდე ფუნიკულიორის ტრამვაის გარდა მთაწმინდის ფერდზე განფენილი კიბეები მიდიოდა.

პროექტის ავტორი არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი იყო. მან 1948 წლის 27 ივლისს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს მიმართა, რომ “დიდი ბელადის” გრანდიოზული მოღვაწეობის აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად” 1942 წლიდან მუშაობდა ძეგლის შექმნაზე. არქიტექტორმა ჩარკვიანს ილუსტრირებული მასალებიც წარუდგინა

“ამით თბილისის ბუნებრივი აკროპოლი _ დავითის მთა მთელ ქალაქს დაუკავშირდება ერთი დიადი ნიშნით. ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონუმენტის ადგილმდებარეობის შესახებ, პარკის აღმოსავლეთ მხარეს პირით აღმოსავლეთისკენ, ე. ი. ქალაქისკენ, საშუალებას მოგვცემს დავინახოთ დილის ამომავალი მზით მკვეთრად განათებული ნაგებობის პირისახე, ხოლო საღამოს საშუალება გვექნება დიდხანს დავაკვირდეთ სილუეტს, რომელიც ეფექტურად იქნება პროექტირებული ჩამავალი მზის ფონზე…  ეს იქნება ერთადერთი მაგალითი გრანდიოზული პიროვნების გრანდიოზული გამოხატვისა”, – წერია კირაკოსიანის წერილში.

არქიტექტორმა ნანო ზაზანაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მონუმენტების აღმართვა და საქალაქო სივრცეზე დომინირება სტალინური არქიტექტურის ტენდენცია იყო.

“მონუმენტური მიმართულება და ტენდენცია აქედან შეიქმნა. სავარაუდოდ ეს იყო ამ ტენდენციის გამოძახილი. სტალინის ძეგლის დომინირება მთლიანად საქალაქო სივრცეზე. მთაწმინდის ქედი ყველაზე მაღალი ნაწილია ქალაქის, სავარაუდოდ ეს კონცეფცია უნდა ყოფილიყო”, – ამბობს ზაზანაშვილი.

ზაზანაშვილმა განგვიმარტა, რომ ეს მიმართულება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში მთავრობის სახლის კონკურსში იოსანის პროექტმა გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, მთავრობის სახლს სტალინის უზარმაზარი ქანდაქება ჰქონდა.  არქიტექტორის განმარტებით, ეს საბჭოთა არქიტექტურაში გარდამავალი ეტაპი იყო, როდესაც მანამდე გავრცელებული კონსტრუქტივიზმი უკან გადაწიეს და სტალინური არქიტექტურის კურსი აირჩიეს.

საბოლოოდ მთაწმინდაზე სტალინის ზემოხსენებული ძეგლი არ აშენდა. მთაწმინდაზე ფუნიკულიორის ზედა სადგურის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო. ფუნიკულიორის ზედა სადგურის ის შენობა, რომელიც დღესაც დგას 1936–38 წლებში ააგეს. 1955 წელს სატელევიზიო ანძის მშენებლობა დაიწყო.

თბილისის ფუნიკულიორზე სტალინის ძეგლის ჩანახატი. შსს–ს არქივის ფოტო

თბილისის ფუნიკულიორზე სტალინის ძეგლის ჩანახატი. შსს–ს არქივის ფოტო

თბილისის ფუნიკულიორზე სტალინის ძეგლის ჩანახატი. შსს–ს არქივის ფოტო

თბილისის ფუნიკულიორზე სტალინის ძეგლის ჩანახატი. შსს–ს არქივის ფოტო

თბილისის ფუნიკულიორზე სტალინის ძეგლის ჩანახატი. შსს–ს არქივის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი