ახალი ამბებიხელოვნება

მე–19 საუკუნის გერმანელი მხატვრის სამი ნახატი, სადაც თბილისია ასახული, საქართველოს აჩუქეს

21 თებერვალი, 2018 • 6181
მე–19 საუკუნის გერმანელი მხატვრის სამი ნახატი, სადაც თბილისია ასახული, საქართველოს აჩუქეს

მე–19 საუკუნის გერმანელი მხატვრის, პოლ ფონ ფრანკენის სამი ფერწერული ტილო, სადაც ასახულია თბილისის და საქართველოს პეიზაჟები, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს (ხელოსნების სასახლეს) გადასცეს. კოლექციის ფასი ამ ეტაპზე ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

ფრანკენის 3 ნამუშევარი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს არჩილ გელოვანმა, ფონდ “ფიროსმანის” დამფუძნებელმა, 20 თებერვალს გადასცა. პოლ ფრანკენის ტილოები მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში გამოიფინება.

ხელოვნების სასახლის ცნობით, ნამუშევრები, სახელწოდებებით- „მტკვარი თბილისის ახლოს“, „სოფელი კავკასიის მთებში“ და „აღმოსავლური პეიზაჟი“ არჩილ გელოვანმა ცნობილ აუქციონებზე (სოტბი, კრისტი) შეისყიდა.

პოლ ფრანკენის (1818-1884) ტილოები დაცულია ვეროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ცნობილ მუზეუმებში. პოლ ფრანკენი მხატვრობაში რომანტიზმის მიმდევარი იყო და ამიტომაც მისი ნამუშევრები მიმზიდველი ფერებითა და ულამაზესი ფიგურებით გამოირჩევა.

ფრანკენი საქართველოში 1853 წელს ჩამოვიდა კავკასიაში წარმოებული ბრძოლების აღსაწერად და 1860 წლამდე თბილისში ცხოვრობდა. კავკასიის სხვადასხვა მხარეში მოგზაურობის დროს ფრანკენს გაუღვივდა ინტერესი კავკასიელთა ყოფისა და ადათ-წესებისადმი.

მას განსაკუთრებით იზიდავდა ცივილიზაციისგან ხელშეუხებელი ადგილები, უცხო ლანდშაფტები, ეთნოგრაფიული მოტივები. სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში პოლ ფონ ფრანკენი “კავკასიის მხატვრად” მოიხსენიება.

ხელოვნების სასახლეს არჩილ გელოვანისაგან არაერთხელ მიუღია საჩუქარი, გასულ წლებში მეცენატმა მუზეუმს პირველნაბეჭდი ქართული წიგნები, ძვირფასი გრავიურები და გამოყენებითი ხელოვნების იშვიათი ნიმუშები უსახსოვრა. 

პოლ ფონ ფრანკენის ნამუშევარი. ფოტო: ხელოვნების სასახლე

პოლ ფონ ფრანკენის ნამუშევარი. ფოტო: ხელოვნების სასახლე

პოლ ფონ ფრანკენის ნამუშევარი. ფოტო: ხელოვნების სასახლე

მასალების გადაბეჭდვის წესი