ახალი ამბები

ივანიშვილი: პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს

16 სექტემბერი, 2013 • 1224
ივანიშვილი: პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას – “ასეთი გაგებისათვის, რადგან უხმაუროდ ვახერხებთ შუახევში ასეთი მშენებლობის დაწყებას.”

 

“შუახევი ჰესი” ერთ-ერთი იქნება იმ ჰიდროელექტროსადგურების კასკადში, რომელსაც აჭარაში ინდური ტრანსნაციონალური კომპანია “Tata Group“ ახორციელებს, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად. აჭარაში ჰესების კასკადის პროექტის ღირებულება 700 მილიონამდე აშშ დოლარია და კასკადის შემადგენლობაში იქნება შუახევი ჰესი, კორომხეთი ჰესი, ხერთვისი ჰესი და სხალთა ჰესი.

 

უმსხვილესმა ინდურმა ტრანსნაციონალურმა კომპანია-კონგლომერატმა „ტატა ჯგუფმა“ საქართველოში ინვეტიციების განხორციელების სურვილი მიმდინარე წლის 24 იანვარს, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს გამოთქვა. “Tata Group“-ის დელეგაცია თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში, თავის ბიზნეს-ცენტრში 20 თებერვალს მიიღო.

 

“ტატა ჯგუფი” მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ.

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ამ საკითხზე პატრიარქიც კი შეაწუხეს, რომელიც, როგორც ივანიშვილი ამბობს, ორი დღის წინ მასთან სტუმრობისას ორი ჰესის საკითხზე ესაუბრა:

 

“მე პარასკევს მოწვეული მყავდა მისი უწმინდესობა პატრიაქი და პატრიაქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ჰესი არ აშებულიყო ორ ადგილზე: ერთ ადგილზე- ხდის ხეობაში, სადაც თურმე წყალი დააკლდება ხეობას და მეორე თხოვნა- ისევ ხუდონჰესზე, რომ იქ წყალი მოემატება. პატრიარქს კარგად ავუხსენი და მისმა უწმინდესობამ კარგად გაიგო და ვთხოვე მას, რომ პირიქით, მხარი დაეჭირა… რა თქმა უნდა, ბუნებას აკლდება, სადღაც რაღაცა დაიფარება წყლით. ჩვენ გავითვალისწინებთ თითოეული მოსახლის ინტერესს, ყველას დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შეუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც ხმაურობენ და მათ მეტი არაფერი არ შეუძლიათ”, – განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერის განცხადებით, დიდი ჰესები არის ქვეყნის განვითარების საწინდარი და მოსახლეობაც გაგებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს:

 

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამოიმუშავებოდეს მეტი ენერგია. ეს შექმნის იმის საფუძველს, რომ მრავალი ტიპის საწარმო დაფუძნდეს და სამუშაო ადგილების შექმნას, სჭირდება ენერგია. ხვალ განიხილება ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი და აქაც მინდა საყვარელ სვანებს მივმართო, რომ გაგებით, დინჯად მოეკიდონ ამ ამბავს. ეს სვანეთის რეგიონსაც აუცილებლად ააღორძინებს. აუცილებელი და სავალდებულოა, რომ ჩვენს შვილებს დავუტოვოთ განვითარებული საქართველო. ყურადღებით მოეკიდეთ და გაითვალისწინეთ, რომ ხუდონჰესი არის ასაშენებელი, როგორც სხვა ბევრი ჰესი. კიდევ გიმეორებთ და გარწმუნებთ, რომ გათვლები კეთდება ძალიან სერიოზული კომპანიებით. ეს არ დააზიანებს ჩვენს ბუნებას. ყველაზე კარგი მაგალითი ამის ოპონენტებს თქვენ შეგიძლიათ დაუპირისპიროთ შვეიცარია, სადაც ბუნება მაქსიმალუარდ დაცულია, ავსტრიის, ნორვეგიის მაგალითები, სადაც 10-ჯერ მეტი ტერიტორიაა დაფარული წყლით. ნახეთ იქაც, შეადარეთ კოეფიციენტები და არავინ არ დაგაბნიოთ და არ მოგატყუოთ, რომ საქართველოში ბუნებას ანადგურებენ. ჩვენ შევინარჩუნებთ საქართველოს ბუნების საუკეთესო ნაწილს. ბუნებას სჭირდება კარგი ეკონომიკა, იმ ბუნებასაც კარგი მიხედვა უნდა. 

 

 
ამისთვის ჩვენ უნდა დავაბალანსოთ, დავაბალანსოთ და მოვძებნოთ ოქროს კვეთი. მოწინააღმდეგეებს ყოველთვის დაუპირისპირდით და ნახეთ სტატისტიკა- შვეიცარია, ავსტრია, ნორვეგია და სხვა სკანდინავიის ქვეყნები, რამდენჯერმე მეტი ტერიტორი არის დაფარული წყლით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე. უნდა გავაგრძელოთ ჰესების მშენებლობა იმ გრძნობით, რომ სჭირდება საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

 

 

სტრატეგიულად ჩვენ ძალიან გვჭირდება ჰიდროჰესების მშენებლობა. ჩვენ ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენ არ გვაქვს საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი