ახალი ამბები

აკრძალული საჩუქარი პატრიარქისგან პრემიერს

14 სექტემბერი, 2013 • 5284
აკრძალული საჩუქარი პატრიარქისგან პრემიერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანა გოჩაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ 13 სექტემბერს საქართველოს პატრიარქისგან ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად მიიღო საათი, მისმა ცოლმა ეკატერინა ხვედელიძემ – ჯვარი, ხოლო ორმა შვილმა – რელიგიური სამაჯურები. პრემირ–მინისტრის პრესსამსახურის კიდევ ერთი წარმოამდგენელი მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ ორშაბათამდე ვერ შეძლებს, გაარკვიოს პრემიერისთვის ნაჩუქარი საათის მოდელი და ღირებულება.

ამის შესახებ ინფორმაციას არც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მაია გაგუა ფლობს, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შვებულებაში იმყოფება და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია არ აქვს.

ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტომასალაში ნათლად ჩანს, თუ რა ფირმის საათი აჩუქა პატრიარქმა პრემიერს. ეს არის ბრენდ “ULYSSE NARDIN”-ის საათი. Ulysse Nardin-ი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც უკვე 165 წელია, რაც მექანიკურ საათებს აწარმოებს. ჟურნალ “Watchtime”-ის მიხედვით, Ulysse Nardin–ი საათების რამდენიმე სერიას აწარმოებს, მათ შორის ერთ–ერთია – Marine Collection–ის სერია. პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საათი სწორედ ამ სერიის პროდუქტია.

საათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ილია მეორემ აჩუქა ფოტო: ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური

საათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ილია მეორემ აჩუქა ფოტო: ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური

Marine Collection–ის კიდევ უფრო ვიწრო მიმართულებაა The Marine Chronometer Manufacture, რომელიც ხელმისაწვდომია სამი სახით: 1. შეზღუდული გამოშვება საათებისა (350 ტირაჟით) ოქროს ნაწილებით, რომლის ფასი არის $38,600 , შეუზღუდავი გამოშვება ორფერიანი ტიტანიუმის მასალით, ოქროთი დამზადებული მასალითა და ოქროს მოსამართით, რომლის ფასია $17.800 და უჟანგავი რკინით/ტიტანიუმით დამზადებული ციფერბლატი, რომლის ფასი არის $10,400.

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

იურისტი დავით კლდიაშვილი განმარტავს, რომ კანონში ხაზგასმული ფრაზა “თანამდებობრივი სარგო” არის კონკრეტული შემოსავალი, რაც მას აქვს დადგენილი სარგოს სახით:

“არა პრემია, არამედ ხელფასის სახით რასაც იღებს, სარგოები რეგლამენტირებულია, თუ რა რაოდენობის თანხა ეკუთვნის თანამდებობის პირს. შეაბამისად, როცა ვაფასებთ სარგოს რაოდენობას, ითვლება ხელფასის სახით სარგოს ოდენობა და არა პრემია ან სხვა შემოსავალი”.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობრივი სარგო თვეში 4250 ლარს შეადგენს, რაც წელიწადში 51 000 ლარია. კანონის მიხედვით, ჯამში, მიღებული საჩუქრის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური სარგოს 15%-ს, რაც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში – 7650 ლარია, პრემიერ–მინისტრს, ასევე, არ შეუძლია მიიღოს ერთჯერადად საჩუქარი, რომლის ღირებულებაც  2550 ლარს აღემატება.

დავით კლდიაშვილის განმარტებით, კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია უარი თქვა საჩუქარზე. ეს არის ორი შემთხვევა: როცა ფოსტით იღებ საჩუქარს და როდესაც საჯაროდ გადმოგცემენ საჩუქარს და არ შეგიძლია უარი თქვა მის მიღებაზე, მაგრამ თუკი საჯარო მოხელე დაადგენს, რომ საჩუქარი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ წესებს და მისი ღირებულება აღემატება წლიური თანამდებობრივი სარგოს 5%–ს, ეს საჩუქარი ითვლება აკრძალულ საჩუქრად და იგი ვალდებულია, რომ შესაბამისი დეკლარაცია წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში, ხოლო 3 დღის ვადაში საჩუქარი გადასცეს საფინანსო სააგენტოს.

“საკამათო თემაა და შეფასებითი კატეგორიაა, როდესაც საუბარია საჯარო გადაცემაზე. უნივერსალური შეფასების უფლება, რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აქვს სასამართლოს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად იყო ეს საჯარო. თუ ვთვლით, რომ საჩუქრის გადაცემა არ იყო საჯაარო, ავტომატურად, იმავე მომენტში, თუკი ობიექტური საშუალება იყო, რომ დაეფიქსირებინა ფასი და ვიზუალურად ჩანდა, რა ღირებულების იყო, მაშინვე უნდა ეთქვა უარი. ასევე, პიროვნების სტატუსიდან გამომდინარე, ვინც მასთან იყო, შეიძლება არაეთიკური ყოფილიყო საჩუქარზე უარის თქმა და უპატივცემლობა, გარკვეული ეტიკეტიც არსებობს, ხომ?! ამ შემთხვევაში შეიძლება მას მიეღო ეს საჩუქარი, მაგრამ თუკი დგინდება, რომ საჩუქარი არ აკმაყოფილებს კანონის კრიტერიუმებს, იგი ვალდებულია მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, კერძოდ, წარადგინოს დეკლარაცია და გადასცეს საფინანსო სააგენტოს,”– განუცხადა “ნეტგაზეთს” დავით კლდიაშვილმა.

13 სექტემბერს პრემიერ–მინისტრის “ფეისბუქის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სტუმრად იმყოფებოდა პრემიერ–მინისტრის ბიზნეს- ცენტრში. ბიზნეს-ცენტრში ვიზიტი არ იყო წინასწარ დაანონსებული, მას არ ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები და ინფორმაცია თავად პრესსამსახურმა გაავრცელა. როგორც “ნეტგაზეთს” მანანა თოქმაჯიშვილმა განუცხადა, შეხვედრას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია:

“თქვენ იცით, რომ  ახლო სულიერი მეგობრობა აკავშირებს პატრიარქთან პრემიერს, არაერთხელ უთქვამს, რომ ის მეგობრობს პატრიარქთან. ალბათ, პრემიერმა მიიწვია, ვერ გეტყვით, ზუსტად როგორ მოხდა შეთანხმება. ბატონი ბიძინაც ხშირად სტუმრობს პატრიარქს”,– განაცხადა მანანა თოქმაჯიშვილმა.

ილია მეორესთან ერთად, პრემიერის ბიზნეს-ცენტრში კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი