ლიტვა სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში გაემგზავრა. იუბილესთან დაკავშირებით ლიტვის საელჩო საქართველოშიც გამართავს ღონისძიებებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი სხვა ქვეყნის ლიდერებთან საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.
დღეს, 16 თებერვალს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბზაში საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საზეიმო კონცერტს და დიპლომატიურ მიღებას გამართავს.

მიღებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ლიტვური სათვისტომო და საელჩოს მეგობრები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ და საქართველოსა და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წელზე ისაუბრებენ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კონცერტზე კი ცნობილი ლიტვური კვარტეტი, საულიუს პეტრეიკისის ხელმძღვანელობით, პროგრამას „მსოფლიო მუსიკის ხმები“ შეასრულებს. კონცერტზე ასევე გამოვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო  საბაკალავრო პროგრამის აკაპელას გუნდი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com