ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

გაუგებრობა შრომის უსაფრთხოების კანონზე – ვინ დათმობს უფრო მეტს?

14 თებერვალი, 2018 •
გაუგებრობა შრომის უსაფრთხოების კანონზე – ვინ დათმობს უფრო მეტს?

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მხარე წავა კომპრომისზე და ზუსტად რა შეიცვლება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტში, რომელმაც სამუშაო ადგილზე ათასობით დასაქმებულის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა დაიცვას.

შეჯერებული გვაქვს უკვე პოზიციები როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულების წარმომადგენლებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს” – ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეთანხმება მხარეებისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

კანონპროექტი პარლამენტში 2017 წლის ივნისში დარეგისტრირდა და პირველი მოსმენით არის მიღებული. ჯადაცვის კომიტეტი, სამინისტროს მოთხოვნით გადადების შემდეგ, ამ კანონპროექტს ხვალ, 15 თებერვალს, განიხილავს. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც პარლამენტში კანონპროექტი მეორე მოსმენის ეტაპზეა გაჩერებული, თბილისში მშენებლობიდან კიდევ ერთი მუშა გადმოვარდა.

კანონპროექტში რამდენიმე პრინციპული საკითხია, რაზეც ბიზნესს, პარლამენტის დეპუტატებს, არასამთავრობოებს, პროფკავშირებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ.

პარლამენტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დიმიტრი ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” პრობლემურ და საკამათო საკითხებზე საუბრისას ამბობს, რომ რიგ თემებზე შეთანხმება მეტ-ნაკლებად მიღწეულია და სახელმწიფოს უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა დღეს არ აქვს:

“დასაქმებულთა ინტერესების დამცველები არ არიან ამით ბედნიერი, მაგრამ ასეთი გამოუვალი მდგომარეობაა, რომელშიც ამაზე მეტის გაკეთების აწევის შესაძლებლობა ამ ეტაპზე ხელისუფლებას და მთავრობას არ აქვს და ამიტომაც, რაღაცით უნდა დავიწყოთ,” – გვეუბნება ის.

შემცირდება თუ არა ჯარიმები?

“ნეტგაზეთის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შესაძლოა, კანონპროექტის პირველი ვერსიით გაწერილი ჯარიმების ოდენობა შემცირდეს.

ამ თემაზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფები კი მიიჩნევენ, რომ სანქციების რაოდენობა ისედაც მინიმალურია და დამსაქმებელი, დარღვევის გამოსწორების ნაცვლად, შესაძლოა, ჯარიმის გადახდას ამჯობინებდეს.

ჯარიმების პროპორციული ოდენობების განსაზღვრას ბიზნესომბუდმენი მოითხოვდა –  “სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნესსუბიექტებს,” – ვკითხულობთ მის განცხადებაში.

პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტით, თუკი საწარმოში დაირღვევა შრომის უსაფრთხოების ნორმა, მაგრამ სახეზე არ არის შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა, საწარმო პირველ ჯერზე იღებს გაფრთხილებას, შემდეგ კი, 50 ლარის ოდენობით ჯარიმას ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყოველი პირობის შეუსრულებლობაზე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა. ხოლო შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა იწვევს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით, საქმიანობის უფლების შეჩერებით ან მის გარეშე.

როდესაც პარლამენტში შრომის უსფართხოების კანონპროექტზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ დიმიტრი ცქიტიშვილს ვკითხეთ, მართლაც შეიძლება თუ არა შემცირდეს ჯარიმები, გვიპასუხა, რომ ეს არასწორი ინტერპრტაციაა. ცქიტიშვილის გამარტებით, “აბსოლუტურად გაუმართლებელია”, რომ ყველა ერთნაირად დაჯარიმდეს, ამიტომ კანონპროექტის ახალ ვერსიაში სამი სხვადასხვა კატეგორიის ჯარიმა იქნება მცირე, საშუალო და დიდი ზომის საწარმოებისთვის.

“საჯარომო სანქციების ზუსტ მოცულობაზე, ალბათ, კომიტეტის სხდომაზე შევთანხმდებით. მე ვიხრები უფრო დიდებისკენ, ბიზნესასოციაცია, ბუნებრივია, იხრება, რომ ძალიან მაღალი არ იყოს, იმიტომ, რომ საწარმოო პროცესის შეჩერება, მათ მიაჩნიათ, რომ არის ყველაზე მაღალი ჯარიმა, რაც შეიძლება რომ საწარმოს დავაკისროთ,” – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

რომელ სფეროზე გავრცელდება შრომის უსაფრთხოების კანონი?

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრსას ამბობს, რომ ეს იყოი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უთანხმოების საგანი.

პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოებზე” ვრცელდება. საზოგადოებროვი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ “მომეტებული საფრთხის” სტანდარტი ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და არ მოიცავს ყველა მძიმე, საშიშ და საფრთხის შემცველ სამუშაოს.

“ამასთან, კანონპროექტი არ ვრცელება დასაქმების ყველა ადგილზე, რაც გაუმართლებელ შეზღუდვას გულისხმობს და შრომის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება,” – აცხადებენ ისინი.

ამ ნაწილში დიმიტრი ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ კანონის ყველა სფეროზე გავრცელება პირველ ეტაპზე წარმოუდგენელი იქნება.

“ძალიან ბევრი საწარმოა და მათი შემოწმების რესურსი არის თითქმის წარმოუდგენელი. ამიტომ, სადაც განსაკუთრებულად მძიმეა სიტუაცია- ეს არის მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი ენერგეტიკა- ამ ადგილებზე გავრცელდება. ესეც საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, 11 თუ 12 სფეროა, კომპანიების რაოდენობაც ძალიან ბევრია. შესაბამისად, საპილოტე რეჟიმში თითქმის ორი წელი ინსპექციამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, რომ შედგეს კანონი, ინსტიტუციური მექნიზმები, კონტროლის გარკვეული კულტურა ჩამოყალიბდეს და 2019 წლის პირველი სექტემბრისთვის უკვე უნდა გვქონდეს ორგანული კანონი, რომელიც მთლიანად ამ სფეროს დაარეგულირებს,” – განმარტავს ცქიტიშვილი.

სასამართლოს სანქცია ინსპექტორის სამუშაო ადგილზე დაშვებისთვის

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, არის მოლოდინი, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ სხვადასხვა საწარმოს შემოწმების მოთხოვნით ბევრი განცხადება შევა.

“ყველა განცხადება რომ მიჰყვეს, რეალურად, გეგმური მუშაობის პროცესი მოერღვევა ინსპექციას, ამიტომაც, სამინისტროდან იყო თხოვნა, რომ გარკვეული ფილტრი დავაწესოთ. ამ შემთხვევაში, სასამართლო სანქცია იქნება ფილტრი,” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც მან “ნეტგაზეთს” განუმარტა, სასამართლო სანქცია იქნება საჭირო, რომ ინსპექტორმა შეამოწმოს შრომითი კოლექტივიდან, პროფკავშირებიდან, ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა საწარმოს შემოწმებასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, სასამართლოს სანქციას ერთი დღე სჭირდება. ცქიტიშვილის განმარტებითვე, გეგმურ მონიტორინგსა და განმეორებით შემოწმებას სასამართლოს სანქცია არ დასჭირდება, ასევე არ იქნება სანქცია საჭირო, რომ საწარმო შეამოწმონ უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების დროს.

“ერთი მხრივ, ფილტრაციას ვაკეთებთ, რომ ყველა დაძახებაზე არ გავიდეთ, და გავიდეთ მარტო იქ, სადაც მართლა საჭიროა, რომ რესურსების ოპტიმალური მართვა მოვახერხოთ, ადამიანური რესურსები, რომელმაც ეს უნდა შეამოწმოს,” – განმარტავს ცქიტიშვილი.

სხვაგვარად ფიქრობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ინსპექტორი უმეტესად ვალდებული იქნება, ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, “რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს”.

რა მოხდება, თუ დასაქმებული დაარღვევს უსაფრთხოების ნორმებს

“ვისთვის რას წარმოადგენს შეთანხმება, ეს არის განსხვავებული. შრომით ურთიერთობებზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს” –  გვეუბნება ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოდგილე, ბექა ნაცვლიშვილი.

როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი, გათავსუფლდება თუ არა პასუხისმგებლობიდან დამსაქმებელი, თუ გაფრთხილების მიუხედავად, დასაქმებული მაინც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს.

თუ პაუხისმგებლობა თანამშრომელს დაეკისრა, მოუხედავად გაფრთხილებისა, ეს კანონი შეგვიძლია გადავაგდოთ იმიტომ, რომ არაფერი აზრი არ ექნება… შრომის უსაფრხოების სტანდარტი პირველ ყოვლისა არის ის, რომ თუ დასაქმებული არ ასრულებს შრომის უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დამსაქმებელმა ან გაფრთხილება მისცეს რამდენიმეჯერ, ან შეუჩეროს იმ დღეს სამუშაო პროცესი. მაგრამ, თუ მან უფლება მისცა, რომ გააგრძელოს და რაიმე უბედური შემთხვევა მოხდა, ეს არავითარ შემთხვევაში დამსაქმებელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან” – გვეუბნება ბექა ნაცვლიშვილი. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნესომბუდსმენს. იგი მიიჩნევს, რომ დასაქმებულის ბრალეულობით შემთხვევის დადგომისას დამსაქმებელს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.

კანპონპროექტის პირველი მოსმენით მიღებული ვერსიით, “დასაქმებულის მიერ თავისი მოვალეობების შესრულება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არ ათავისუფლებს დამსაქმებელს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან” – შესაძლოა, ეს ნაწილი შეიცვალოს.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღანელი დიმიტრი ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ თუ დასაქმებულმა განზრახ დაზიანებით გააკეთა რამე ისეთი, რაც უბედურ შემთხვევას გამოიწვევს,  შესაძლებელია დამსაქმებელი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს. მისივე განმარტებით, ასეთი შემთხვევა,შეიძლება იყოს მაშინ, თუ დასაქმებული სამსახურში ნასვამი მივა და ეს გამოეპარება შრომის უსაფრთხოების ოფიცერს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკითხი გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაადგინოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი