სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს – ბიზნესომბუდსმენი შრომის უსაფრთხოებაზე

საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მათი თქმით, კანონპროექტის განხილვის პროცესში და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულები არიან ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები და მათ  საშუალება აქვთ,  შესაძლებლობის ფარგლებში დააფიქსირონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ბიზნეს-სექტორი მიესალმება და მხარს უჭერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში მაღალი სტანდარტის პროდუქციის თუ სერვისების წარმოებას უკავშირდება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს.

“თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში არსებობს რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც ბიზნესის და ბიზნესის სფეროში დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია – ცხადი რეგულაციების შემუშავების, გაურკვევლობებისა და ბიზნესის საქმიანობის რაიმე სახით ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში

კანონპროექტის უკანასკნელი ვერსიიდან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს აქვს შემდეგი რეკომენდაციები, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სანქციების ოდენობა – სანქციების ოდენობა და კომბინაცია უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური, რაც ხელს შეუწყობს კანონპროექტის ეფექტურობას. სანქციების ოდენობა დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნესსუბიექტებს.

კანონის ამოქმედების ვადები – კანონპროექტის, ისევე როგორც მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების ამოქმედების ვადები, უნდა განისაზღვროს გონივრულად, რათა ბიზნესს მიეცეს ადეკვატური დრო, გაეცნოს ახალ რეგულაციებს/რეგლამენტებს და თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ ვალდებულებებთან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინელებელია მძიმე, მავნე, საშიში და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებთან მიმართებაში მისი სწრაფად ამოქმედების მნიშვნელობა.

დამსაქმებლის და დასაქმებულის პასუხისმგებლობა  – მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. დასაქმებულის ბრალეულობით (განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით) შემთხვევის დადგომისას არ დადგეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა.

ადმინისტრირების და კანონის მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა – დაზუსტებას მოითხოვს ისეთი საკითხები, როგორებიცაა – მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია, პროფესიული დაავადებების აღრიცხვა, დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა და დასაქმებულების სამედიცინო შემოწმება. მნიშვნელოვანია, კანონით განისაზღვროს რეგისტრაციას დაქვემდებარებული კონკრეტული მონაცემები, ვინაიდან, დიდი ალბათობით, ეს იქნება პირადი სახის მონაცემები.

სახელმწიფოს თანამონაწილეობა შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურ დაგეგმარებაში – საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სიმცირის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პროფესიული გადამზადების კუთხით პროგრამების არსებობა, რათა რიგ საწარმოებს არ გაუჭირდეთ შიდა შრომის უსაფრთხოების სისტემის კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით  ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

“ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყონებლივ ჩარევას საჭიროებს. შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ამასთან, ეს ვალდებულება აისახა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც, რომლითაც მკვიდრდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი.

აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოებისა და, ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს შექმნას გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატი, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა”, – ნათქვამია კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ.

“ამდენად, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში. ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიების გაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას”, – აცხადებს კობახიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com