ახალი ამბები

დღეს ებრაელი ხალხი „როშ ჰაშანას“ – 5774–ე ახალი წელს აღნიშნავს

4 სექტემბერი, 2013 •
დღეს ებრაელი ხალხი „როშ ჰაშანას“ – 5774–ე ახალი წელს აღნიშნავს

სინაგოგა,როშ ჰაშანა, ქუთაისი„როშ ჰაშანა“ სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ „ჰაშანას დროს“ ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს. ჭეშმარიტი რწმენა იმისა, რომ უფალს თითოეული ადამიანისთვის მხოლოდ სიკეთე სურს, ამ დღეს დღესასწაულად აქცევს. 

 

“არის ახალი წელი. მოვდივართ სალოცავში, ვლოცულობთ. შემდეგ მივდივართ სახლში. არის გაწყობილი სუფრა, სადაც უნდა იყოს მარილის მაგივრად თაფლი, ვაშლი, უნდა იყოს თევზი და თევზის თავი, როგორც თევზია გამრავლებული, ხალხი რომ გამრავლდეს. ლეღვი, წითელი ჭარხალი, პრასი, ყურძენი, ბროწეული, უნდა იყოს სუფრაზე,” –  ამბობს ქართველ-ებრაელთა კავშირის ქუთაისის თემის თავჯდომარე მოსე ბალუაშვილი. 

 

ბალუაშვილი ებრაელ ხალხს ახალ 5774-ე წელს ულოცავს და გაძლიერებას უსურვებს:

“ვულოცავთ ყველა ებრაელს, დაესწრონ მრავალს თავიანთი ოჯახებით, თავიანთი ქვეყნებით. ეს წელი ყველა ქვეყნისთვის, ყველა ერისთვის, მსოფლიოს ყველა მაცხოვრებისთვის შემობრუნების, წესიერების წელი, გამრავლების, გაძლიერების, გაერთიანების, რომელ ქვეყნებსაც გაერთიანება სჭირდებათ. ყველგან მშვიდობა, ბედნიერება, კარგი და კარგი ყოფილიყოს. ჩვენ აქ 26 საუკუნეა ვცხოვრობთ და ყოველთვის ვართ როგორც საკუთარ სახლში, საკუთარ ქვეყანაში. ამ 26 საუკუნის მანძილზე ქართველებს და ებრაელებს შორის არ ყოფილა რაიმე კონფლიქტი, ვიცავთ ერთმანეთს. როგორც საქართველოს სჭირდება გაერთიანება, სიძლიერე, ასევე სჭირდება ისრაელს. ორივე ქვეყანა ღმერთისგან კურთხეულია და არ გაწირავს არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ერს.”

 

 

ებრაული ახალი წელი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება. „როშ ჰაშანას“ დღეებში შოფარს (ცხვრის რქის საკრავი) უკრავენ და სიმბოლურ ხილს მიირთმევენ – მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თაფლში ამოვლებული ვაშლი. ახალი წლის წინა დღეს ერთმანეთისათვის მისალოც ბარათებს გზავნიან და ჩუქნიან საჩუქრებს. 

ებრაელებს ახალი წელი დღეს ომბუდსმენმა უჩა ნანუაჩვილმა მიულოცა:

“საქართველოს ებრაელებს ახალი წლის დადგომას და ვუსურვებ მშვიდობიან, ჯანმრთელ და ბედნიერ წელიწადს!

შანა ტოვა!”, – წერს სახალხო დამცველი გავრცელებულ მილოცვაში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი