“მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილი მაქვს მონაწილეობა მივიღო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ალბათ გესმით, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა არ არის ჩემი ადგილის ძიებისთვის გადადგმული ნაბიჯი, არამედ ვაფასებ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას – რომ საზოგადოებაში დღითიდღე ძლიერდებიან არადემოკრატიული, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ძალები. საფრთხე ექმნება საქართველოს არჩეულ მიმართულებას. ცხადია, რომ ამ მოცემულობაში, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტის აუცილებლობა კიდევ უფრო იზრდება.
წინამორბედ ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებაში ყველაფერი დასავლურის, დემოკრატიულის დისკრედიტაციაში, რაც ერთპარტიული სისტემით კიდევ უფრო გამყარდა. სამწუხაროდ, დღეს ხელისფლების უმოქმედობა, შენელებული და ხშირად საზოგადოებისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებები, მარგინალური და განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მქონე ძალების სასარგებლოდ მოქმედებს და სინამდვილეში არჩევანის გარეშე ტოვებს იმ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს ხმა მისცეს საქართველოს დემოკრატიულ, არაერთპარტიულ მომავალს; არ სურს დაბრუნება არც ნაციონალურ ავტორიტარიზმში და არც საბჭოთა წარსულში.
თქვენთვის ცნობილია, რომ ყოფილი ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის აწ უკვე ყოფილმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩემი კანდიდატურის მიმართ არსებობს გარკვეული „სამართლებრივი სირთულეები“, რასაც მოჰყვა არსამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება, საერთაშორისო წრეების პოლიტიკური დაინტერესება. ჩემი წარმომადგენლის, ბატონ თეიმურაზ მურვანიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრისას, მან ღიად გამოხატა დიდი სურვილი და ნება, რომ მომიზეზებული სამართლებრივი შეუთანხმებლობა არ გამხდარიყო ხელოვნური პოლიტიკური დაბრკოლება. თქვენს საჯარო განცხადებებშიც იგივე დამოკიდებულება იქნა გამოხატული.
სურვილი და განცხადება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ შესახებ არ არის საკმარისი. ეს არის ის, რასაც ერთად ვებრძოდით, როდესაც წინა ხელისუფლება სწორედ დეკლარირებული დემოკრატიულობით, ფასადური დასავლურობით და სინამდვილეში პოლიტიკური ოპონენტებისათვის უფლებების შელახვით, ბიზნესის და მედიის შევიწროებით ახდენდა დემოკრატიის დისკრედიტაციას.
დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არ მინდა დავიჯერო, რომ აღნიშნული არადემოკრატიული განწყობილებების გაძლიერება, საზოგადოების დასავლური ალტერნატივის გარეშე დატოვება, შედის ხელისუფლების ინტერესებში.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას თქვენ მიმართ და მინდა, სანამ ცენტრალურ საარჩევნო კომისაში შევიტანდე განაცხადს, შეგხვდეთ და პირადად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რომ არავითარი სამართლებრივი დაბრკოლება ჩემი კანდიდატის რეგისტრაციისთვის არ არსებობს; რადგან ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაზე, უპირველეს ყოვლისა, პასუხილმგებლობა ეკისრება იმ ხელისუფლებას, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შედეგად შემოვიდა სახელმწიფოს სათავეში და რომელსაც ასე უპირობოდ ვუჭერდი მხარს”,- ნათქვამია ზურაბიშვილის განცადებაში, რომელიც “ნეტგაზეთს’ მისმა პრესსამსახურმა მაიწოდა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაბრუნებას და ცესკოში საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავს.