ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის არსებითი განხილვა საქალაქო სასამაღთლოში დღეს დილით, 11 საათზე დაიწყო. ამ დროისათვის დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე, ავთანდილ ადუაშვილის დედა ლარისა ეფრემიძე და ძმა მევლუდ ადუშვილი.
მევლუდ ადუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი ძმა პავლაიშვილთან ერთად არსებული ბიზნესიდან გასვლას აპირებდა: “უნდა შემდგარიყო შეხვედრა 24 ნოემბერს ერევანში. ავთოს ოფიცილურად უნდა გამოეტანა წილი. მათი ბიზნესები იყოფოდა და ოფიციალურად აღარ იქნებოდნენ ბიზნესპარტნიორები.”
მევლუდ ადუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა და ამაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც პავლიაშვილმა ოჯახის წევრები წაიყვანა. გარდა ამისა საეჭვოდ მიაჩნია ისიც, რომ პავლიაშვილმა მკვლელობის შემდეგ არ დარეკა და არც კავშირზე გამოვიდა.

მოკლულის დედამ, ლარისა ეფრემიძემ დაკითხვისას განაცხადა, რიმ მისი შვილის მოკვლით სოსო პავლიაშვილი იყო დაინტერესებული:”ჩემი შვილის მოკვლა უნდოდა სოსო პავლიაშვილს მისი სიძის დახმარებით. სოსო პავლიაშვილმა გააუბედურა ვახო ჩხაპელია და ეს გააკეთებინა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სოსომ მოაკვლევინა. სოსომ ორი საქმე გააკეთა – ჩხაპელიაც მოიშორა და ავთოც.”
ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც სოსო პავლიაშვილის სიძეა.
2012 წლის 24 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში მოკლული ავთანდილ ადუაშვილი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა.
საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, ავთანდილ ადუშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს, თუმცა მომღერალ სოსო პავლიაშვილის მიმართ არანაირი დევნა დაწყებული არ არის.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქმეს, რომელიც ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას უკავშირდება, კარგად იცნობს და სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით საქმეში კითხვები არსებობს:
“ეს არის მკვლელობის საქმე ნაძალადევიდან, რომელსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები. ადუაშვილის საქმე წასულია სასამართლოში, მაგრამ იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია სოსო პავლიაშვილთან, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძიება. თუკი მოცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვარ მზად მას პირადად შევხვდე”, – განაცხადა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს გორში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
