აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის ქართველ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ რადიოში მუშაობის პერიოდში ხშირად უწევდა მენეჯმენტთან დაპირისპირება, რათა არჩევანი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გაეკეთებინათ და სიმართლის თქმის უფლებისთვის ებრძოლათ.
„ნეტგაზეთი“ ხადიჯა ისმაილოვას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მახსოვს პერიოდი, როცა „ამერიკის ხმა“ ცდილობდა სახელმწიფო ტელეკომპანია „AzTv“-სთან აფილირებას(თანამშრომლობას). მაშინ ვაშინგტონში, სათავო ოფისში ვმუშაობდი. დირექტორმა დაბლოკა ინტერვიუ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, რომელშიც ის კოლექტივის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ “AzTv”-ს ეს არ მოეწონებოდა. ეს ჩემთვის აღმოჩნდა გადამწყვეტი, დამეტოვებინა სამსახური.
შემდგომ, 2008 წელს „რადიო თავისუფლებამ“ ფარდა ახადა არჩევნების გაყალბების საქმეს და დაიწყო უმაღლესი დონის კორუცფიის გამოძიებათა გამოქვეყნება, გვაფრთხილებდნენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ არ შევწყვეტდით და საბოლოოდ, ლიცენზია დავკარგეთ. ჩვენ ავირჩიეთ ჟურნალისტიკა. ადგილობრივმა ტელევიზიებმა, რომელთაც არ აირჩიეს ჟურნალისტიკა, დაკარგეს ნდობა და შემდგომ ასევე დაკარგეს ლიცენზია. ისინი ყოველთვის ითხოვდნენ მეტ “ლოიალობას”, რაც ჯამში, მორჩილებას ნიშნავს. მახსოვს “რადიო თავისუფლების” უფროს მენეჯერთან კამათის რთული პერიოდი “რადიო აზადლიქის”(“რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული ბიურო) პოზიციასთან დაკავშირებით. ისინი იშვიათად ირჩევდნენ ბრძოლას სიმართლის თქმის უფლებისათვის, თუ ჟურნალისტები ამას დაჟინებით არ მოითხოვდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, ისინი დაგვთანხმდნენ.
ჩვენ ვაქციეთ „რადიო აზადლიქი“ ნომერ პირველ ახალი ამბების ონლაინ წყაროდ, გადამზადებული ჟურნალისტებითა და ინჟინრებით და აუდიოდან მულტიფუნქციურ გუნდად ვიქეცით. ჩვენ გვქონდა პერსონალური და საერთო მარცხები, მაგრამ არასდროს დაგვითმია სანდოობა და ჟურნალისტიკა. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებდით ჩვენსავე დაცვას, რადგან ბიუროკრატია არ აძლევდა მენეჯმენტს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების საშუალებას. და სწორადაც ვიქცეოდით. “რადიო აზადლიქი” ყველაზე კარგი რამ იყო, რაც ამერიკას აზერბაიჯანელებისთვის გაუკეთებია და ახლაც ასეა. მე დავტოვე “რადიო თავისუფლება”, როცა მივხვდი, რომ ჩემთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც რთული იყო, გვეიძულებინა მენეჯმენტი(რომლის წევრთა უმრავლესობას კარიერული კრიზისი აქვს), რომ ჩვენთვის მოესმინა.
გამაგრდით ჩემო ქართველო კოლეგებო, არ დათმოთ ჟურნალისტიკა. პრაღაში მყოფი მენეჯერებისგან განსხვავებით, ეს თქვენთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის – ეს უფლებაა, თქვათ სიმართლე“.
” “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს“ რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებს და სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს – ამის შესახებ სტატია BBGWatch-მა გამოაქვეყნა, რომელიც აშშ–ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების შესახებ წერს.
„რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ „რუსთავი 2“–ს არაფერი უთხოვია რადიო თავისუფლებისთვის. გვარამიას თქმით, რადიო თავისუფლებამ მას „ჰკითხა აზრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაუქმებული გადაცემებისთვის ეთერის დათმობის თაობაზე, რაზეც მაშინვე მიიღეს თანხმობა (მხოლოდ ერთ გადაცემაზე) იმ პირობით, რომ სრულად დააფინანსებდნენ თავად“. ნიკა გვარამიას თქმით, ამის შემდე რადიოსთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ნეტგაზეთი“ მეორე დღეა ცდილობს „რადიო თავისუფლების“” ხელმძღვანელობისგან პასუხის მიღებას, თუმცა რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიის შიდა საქმეებზე კომენტარს არ აკეთებენ.
„კომპანიის შიდა განაწესიდან გამომდინარე, „რადიო თავისუფლება” შიდა საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რადიო რჩება ერთგული პირობისა, მიაწოდოს ქართულ აუდიტორიას პროფესიონალურად და დამოუკიდებლად გაშუქებული ინფორმაცია. „რადიო თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, – წერია „რადიო თავისუფლების” სათავო ოფისიდან გამოგზავნილ წერილში.