საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ გამოტანილი მსჯავრი იყო უსაფუძვლო და პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი.
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ისმაილოვას დევნა მიზნად ისახავდა მის გაჩუმებასა და დასჯას საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის გამო და წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეშ დარღვევას.
სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება 2015 წელს გამოტანილ მსჯავრს, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტს თავდაპირველად შვიდნახევარ-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით სასჯელი პირობითით შეიცვალა, თუმცა რამდენიმე ბრალდება ძალაში დარჩა. ECHR-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები იყო თვითნებური და სამართლებრივად ხარვეზიანი.
IPI მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოხსნას ხადიჯა ისმაილოვას მიმართ დაწესებული მოგზაურობის აკრძალვა და შეწყვიტოს სისხლის სამართლის დევნა მისი მედიასაშუალების, Toplum TV-ის წინააღმდეგ.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ამჟამად სულ მცირე 36 ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.








