ახალი ამბები

ნატო ჩხეიძე: გვინდა, რომ „მეცხრე არხი“ მესამედ ფასში შევისყიდოთ

22 აგვისტო, 2013 • • 2626
ნატო ჩხეიძე: გვინდა, რომ „მეცხრე არხი“ მესამედ ფასში  შევისყიდოთ

ამის შესახებ ნატო ჩხეიძემ კომენტარი „ნეტგაზეთთან“ საუბარში გააკეთა.

 

„ინტერესები არის, რომ „მეცხრე არხი“ მესამედ ფასში შევისყიდოთ. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დაიწყება. ჯერ შეხვედრა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან ბევრი ნიუანსებია დასალაგებელი. მოგეხსენებათ, კომპანია „იბერიას“ ლიცენზია დღესდღეობით დაბრუნებული არ აქვს, მაგრამ, იმედია, რომ დაბრუნდება და მერე ალბათ „იბერია“ გავა ეთერში და აღდგება მაუწყებლობა. როცა იხურება მეცხრე არხი, გვაქვს ინტერესი, რომ ტექნიკური ბაზა და საკმაოდ კვალიფიციური ჟურნალისტების შესაძლებლობები იქნება გამოყენებული.“  

 

 

ნატო ჩხეიზე აცხადებს, რომ „იბერიის“ ლიცენზია, სავარაუდოდ, დაბრუნდება: „თუ ლიცენზიას ვერ დავიბრუნებთ, შემდეგ მოხდება სიხშირის შესყიდვა. იცით, როგორ არის, უნდა ვცადოთ ერთი გზა, მერე მეორე, მერე მესამე და რაღაცა კიდევ გამოჩნდება. ჯერჯერობით გზა ასე ჩანს, რომ, იმედია, ლიციენზიას დავიბრუნებთ, აღდგება „იბერია“ და რომ მეცხრე არხის რესურსი, ტექნიკური და ადამინური, ეს ყველადერი აღდგენილ სამაუწყებლო კომპანია „იბერიაში“ იქნება.“

 

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახიდან და უშუალოდ მისი გარემოცვიდან ამ საკითხზე ჯერ არავინ გამოხმაურებია: „ჩვენ სურვილი დღეს გამოვთქვით. ჯერ ივანიშვილის ოჯახის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა. ჩემი მეუღლე, ზაზა ოქუაშვილი ხშირად ჩამოდის საქართველოში. როცა ამის საჭიროება დადგება, ის ივანიშვილს შეხვდება.“  

 

ტელეკომპანია “იბერია”, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია “ომეგაში” სპეცრაზმი შევიდა. „იბერიას’ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზია (№B106 ლიცენზია) ზეწოლით ჩამოერთვა და გადაეცა ტელეკომპანიას ,,აისი”, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა. “იბერიის” კუთვნილი სამაუწყებლო სიხშირის ამჟამინდელი მფლობელი ტელეკომპანია „აისი“, გიორგი არველაძის გენერალური დირექტორობის პერიოდში „იმედის“ მედიაჰოლდინგის მფლობელობაში შევიდა, ხოლო როდესაც მან “იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა, ზემოხსენებული სიხშირეც გადასცა. შესაბამისად, აღნიშნული სიხშირე “იმედის” მმართველი ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის მფლობელობაში აღმოჩნდა.

 

ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ “ომეგა ჯგუფმა” “იბერიის” სიხშრის დაბრუნებისათვის სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო და პროკურატურას, ასევე, სასამართლოს მიმართა სიხშირის დაბრუნების მოთხოვნით.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მე–9 არხის შესახებ სპეციალური განცხადება სოციალური ქსელ “ფეიბუკში” 2013 წლის 19 აგვისტოს გაავრცელა.

 

“ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც. არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“, მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა.”

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, 19 აგვისტოს საღამოს ტელეკომპანია “მე–9 არხმა” მაუწყებლობა შეაჩერა.  19 აგვისტოს საღამოს სოციალურ ქსელში მე–9 არხის გენერალური დირექტორის ყოფილიმოადგილის ვასილ მაღლაფერიძის ინიციტივით შეიქმნა ჯგუფი “ვყიდულობთ მე–9 არხს, ვაარსებთ სააქციო საზოგადოებას”. ჯგუფის წევრებმა შესაბამისი განცხადება პრემიერ–მინისტრის სახელზე სახელმწიფო კანცელარიაში შეიტანეს.

ტელეკომპანია მე–9 არხის გენერალურმა დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა 2013 წლის 20 აგვისტოს განაცხადა, რომ არხის ყიდვა არაერთ პირს სურს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი