ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისადმი წერილს კანცელარიაში შეიტანს

21 აგვისტო, 2013 • • 1366
საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისადმი წერილს კანცელარიაში შეიტანს

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე

ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუკის” გვერდზე მე–9 არხის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძე ავრცელებს: 

 

“მეგობრებო, ასეთი ვითარებაა, შემოგვითვალეს, ჩვენმა მიმართვამ ოფიციალურად უნდა გაიაროს პრემიერის კანცელარია, რისთვისაც საჭიროა დავიცვათ მცირე ფორმალობა – წერილზე ჩვენი ჯგუფის სახელით რამდენიმე ხელმოწერა უნდა იყოს, რომ წერილი ანონიმური არ გამოვიდეს, ამიტომ თუ არ დაიზარებთ, ვინც მოახერხებთ, იქნებ 14-დან 15-საათამდე მიბრძანდეთ ია ანთაძის ოფისში, ვაჟა-ფშაველას 7, ბინა 7, პირველ სართულზე ერთადერთი კარია, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და წერილი დღესვე შევა ოფიციალურად კანცელარიაში.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ ვინ შემოუთვალა ვასილ მაღლაფერიძეს იმის შესახებ, რომ წერილი კანცელარიაში შეეტანა, ასე უპასუხა:

 

“არ ვიცი, მართალი გითხრათ, ასეთ ფორმალობებს არ ვანიჭებთ მნიშვნელობას. ბიძინა ივანიშვილის სახელზე უნდა შევიდეს წერილი და, კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთ ფორმალობას ყურადღებას არ ვაქცევთ.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რატომ უნდა შევიდეს სახელმწიფო კანცელარიაში წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზე, როცა ტელეკომპანია მე–9 არხის 80 პროცენტს კერძო პირი ეკეტერინე ხვედელიძე ფლობს, მაღლაფერიძე პასუხობს, რომ კანცელარიაში წერილის შეტანის გადაწყვეტილება საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს:”ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ ეს წერილი ოფიციალურად უნდა შევიდეს. ვინც საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, თქვა, რომ უნდაც შევიდეს წერილი კანცელარიაში. რაზეც თქვენ მეკითხებით,ეს შიდა მიმოწერაა ჯგუფის. წერილი არ იყო ხელმოწერილი აქამდე, უბრალოდ, მას მხარს უჭერდა 4 ათასი კაცი. გვითხრეს, რომ წერილი ხელმოწერილი უნდა იყოს და ამას თავისი პორცედურა აქვსო.”

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, კონკრეტულად ვინ გადაწყვიტა, რომ წერილი კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილის სახელზე შესულიყო, ვასილ მაღლაფერიძე არ პასუხობს: “

 

“სადმე ხომ უნდა შეტანილიყო ეს წერილი. ასე გადავწყვიტეთ. ისე ვერ მიიღებენ კანცელარიაში, თუ ხელმოწერილი არ არის.”

 

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შექმნილ ჯგუფს  „ვყიდულობთ მე–9 არხს და ვქმნით სააქციო საზოგადოებას“ ამ დროისათვის 4 111 მხარდამჭერი ჰყავს. ჯგუფი 2013 წლის 19 აგვისტოს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც  ტელეკომპანია მე–9 არხის დახურვის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. თუ ტელეკომპანია მე–9 არხი 1 სექტემბრამდე არ გაიყიდა, არხს მფლობელი დახურავს. “მე–9 არხი” 19 აგვისტოს საღამოს გაითიშა. 

 

“მე–9 არხის” გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის ინფორმაციით, ტელკომპანიის შესყიდვით არაერთი პირი დაინტერესდა:  

 

“მე-9 არხის” შეძენის სურვილი არაერთ პირს გაუჩნდა, ასევე შეძენის სურვილი აქვთ “ინფო-9”-ის, თუმცა “ინფო 9″-ის მხოლოდ ბრენდის შეძენა სურთ დაინტერსებულ პირებს.”

 

ელიაშვილის განცხადებით, მოსამზადებელია პაკეტები, რომელსაც შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს: “კომპანია “მე-9 არხზე” ჩატარებულია ინვენტარიზაცია, დათვლილია პასივები და აქტიაქტივები და სწორედ ამის წარდგენა მოხდება პოტენციური მყიდველებისთვის. გადავხედავ აღნიშნულ დოკუმენტაციას, შევადგენ სპეციალურ პაკეტებს და ამის შემდეგ შევხვდები ტელეკომპანია “მე-9 არხისა” და “ინფო 9″-ის მფლობელებს.”  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი