ახალი ამბები

სააქციო საზოგადოება “ტელევიზიის” წევრებმა ივანიშვილს მიმართვა გაუგზავნეს

13 სექტემბერი, 2013 • 2526
სააქციო საზოგადოება “ტელევიზიის” წევრებმა ივანიშვილს მიმართვა გაუგზავნეს

ია ანთაძის თქმით, მიმართვის პირველი ნაწილი ეხება იმ ჩამონათვალს, რაც მათ სჭირდებათ ტელევიზიის ასამუშავებლად. მიმართვას თან ახლავს ნუსხა, რომელიც მოიცავს ტექნიკის ჩამონათვალს რისი ნაწილ-ნაწილ გამოსყიდვა ან იჯარით აღება სურს სააქციო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილისგან. მიმართვის მეორე ნაწილში არის კონცეფცია, რომელშიც პასუხია გაცემული ივანიშვილის საინტერესო შეკითხვებზე.

 

სააქციო საზოგადოების წევრებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თავიანთ გეგმებზე ისაუბრეს. 

სააქციო საზოგადოება “ტელევიზია” 9 სექტემბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მისი დაფუძნებლები ია ანთაძე, ცოტნე გამსახურდია და ვასილ მაღლაფერიძე არიან. სააქციო საზოგადოების დირექტორი ვასილ მაღლაფერიძეა, რომელიც, მამუკა ყუფარაძის თქმით, ტელევიზიის გადაცემიდან რამდენიმე თვეში ისევ ტელევიზიაში დაბრუნდება. 

 

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან მათემატიკოსი თამაზ ავალშვილი, ჟურნალისტი რამილია ალიევა, ფიზიკოსი დავით ზილფიმიანი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი, საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გოგი ლოლაძე, მსახიობი ნატა მურვანიძე, მწერალი მერაბ რატიშვილი, მწერალი პაატა ქურდაძე და ჟურნალისტი მამუკა ყუფარაძე არიან. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ყუფარაძე. 

 

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა იჯარით, ლიზინგით ან სხვა ფორმით მისცეს ტელევიზიას საჭირო აპარატურა, რომელსაც სააქციო საზოგადოება მოგვიანებით შეისყიდის. 

 

ია ანთაძე ამბობს, რომ მათ აქვთ ისეთი იდეები, რომელთა საშუალებითაც ტელევიზიის ამუშავებიდან სამ თვეში სარეკლამო ბაზრის 5-6%-ს მიიზიდავენ. 

 

მამუკა ყუფარაძის თქმით, საზოგადოების ჩართულობითა და მეცხრე არხის მფლობელთა მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება “მეცხრე არხის” ბაზაზე საზოგადოებრივი ტელევიზიის დაარსება. 

 

“ეს არის მართლაც სიახლე ჩვენი ყოფისთვის. ვფირობთ, რომ  გავართმევთ თავს ჩვენი გამოცდილებით,”- განაცხადა ყუფარაძემ. 

 

გოგი ლოლაძის თქმით, რამდენიმე თვეში შესაძლებელი გახდება იმის განსაზღვრა, რამდენი ეღირება ტელევიზიის აქციები და რამდენი უნდა გადაიხადოს აქციის შეძენის მსურველმა.  

 

“ნებისმიერ პირს შეეძლება შეიძინოს პრივილეგირებული აქციები, რომელიც ხმის უფლებას არ იძლევა, მაგრამ იძლევა საშუალებას, იყოს კაპიტალში და მიიღოს მოგების დივიდენდები განაწილების დროს,”- განაცხადა ლოლაძემ. 

 

ლოლაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილსაც ექნება აქციის შეძენის საშუალება, მათ შორის პრივილეგირებული აქციების, თუმცა პრემიერს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევის საშუალება არ მიეცემა. ლოლაძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევის საშუალება არ ექნება.

 

ბიძინა ივანიშვილმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მას არარეალისტურად მიაჩნია “მეცხრე არხის” ბაზაზე საზოგადოებრივი ტელევიზიის დაარსება. პრემიერის თქმით, საინიციატივო ჯგუფს 4 სექტემბრისთვის სამოქმედო გეგმა წარდგენილი არ ჰქონდა. 

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რა აზრი აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის მიმართვის გაგზავნისა, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნა არარეალისტურია, ია ანთაძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს, მართალია, არ სჯერა ამ იდეის, მაგრამ მის განხორციელებას ხელს არ უშლის. 

 

“ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩემს დარწმუნებაში დროს ნუ დახარჯავთო. მე საერთოდ არ მჯერაო. გაემიჯნა, რომ თუ იქნება წარუმატებლობა, არ იყოს მასთან იდენტიფიცირებული. მაგრამ მე იმის მჯერაო, რომ თქვენ ყველანი ხართ გულწრფელები,”- განაცხადა ია ანთაძემ.

 

ანთაძეს იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს დაუჭერს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია დააფუძნეს. სააქციო საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის პასუხს ელოდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი