ახალი ამბები

ივანიშვილს მე–9 არხთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფი მიმართავს

20 აგვისტო, 2013 • • 1388
ივანიშვილს მე–9 არხთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფი მიმართავს

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

სოციალურ ქსელში გვერდს ამ დროისათვის 3 966 ხელმომწერი ჰყავს.  

“ნეტგაზეთი” მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

“ბატონო ბიძინა, მოგმართავთ მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით მას შემდეგ გავერთიანდით, რაც მოვისმინეთ თქვენი გადაწყვეტილება მე-9 არხის დახურვის თაობაზე და რომ მზად ხართ, იგი მესამედ ფასად დაუთმოთ შესაფერის მყიდველს.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას – ის, რომ მოქმედი პრემიერმინისტრი უარს ამბობს ტელევიზიის ფლობაზე, რასაკვირველია, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ამავე დროს, გვაწუხებს ის პერსპექტივა, რომ მედიასივრცეს გამოკლდება ერთი არხი და ძალიან ბევრი ჟურნალისტი უმუშევარი დარჩება.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არხი გაიყიდება, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ გარკვეული ჯგუფი ეცდება ამ არხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ. 
სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ სააქციო საზოგადოება და გთხოვოთ, რომ მოგვყიდოთ “მე-9 არხი”. 
თქვენ გათავისუფლდებით იმ უნებლიე უხერხულობისგან, რასაც არხის ფლობა გიქმნით.
ჟურნალისტები შეინარჩუნებენ სამსახურს და გააგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ არხზე.
არხი გახდება ფორმით და შინაარსით საზოგადოებრივი და დაზღვეული იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისგან.
თავიდან ავიცილებთ ამ არხის რომელიმე კერძო პირის მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეს.
გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წინადადება, იმედს გამოვთქვამთ, რომ გამონახავთ დროს და შეგვხვდებით პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, გვამცნობთ თქვენს მოთხოვნებს და პირობებს. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი სამოქალაქო საზოგდოების განვითარებისაკენ, რაც თქვენი დეკლარირებული მიზანია.

 

პატივისცემით, მეცხრე არხის ყიდვის მსურველთა ჯგუფი, რომელშიც ამჟამად შედის 3000-ზე მეტი მოქალაქე და ჯგუფის წევრთა რაოდენობა განუწყვეტლივ მატულობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი