ახალი ამბები

მე–9 არხი გაითიშა

19 აგვისტო, 2013 • • 2698
მე–9 არხი გაითიშა

არხის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა: 

 

“არავის ამ არხზე არ გაგვიხარდა არხის დახურვა. წარმოუდგენელია, ეს ამბავი ვინმესთვის იყოს სასიამოვნო. თუმცა ძალიან ბევრი მიზეზით ეს ყველაფერი არის გასაგები. ალბათ, მეც და თქვენც ბრაზდებოდით, რომ ყველა პრესკონფერენციაზე ისმებოდა კითხვა არხის გასხვისების შესახებ. პრემიერი ამ კითხვას პასუხობდა ზოგჯერ უფრო გაბრაზებული, ზოგჯერ უფრო მშვიდად. რეალურად, ამ შეკითხვას ჩვენი კოლეგები ყოველთვის სვამდნენ. კანონმდებლობასთან ამას პრობლემები არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი თავს მოვალედ თვლიდნენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის პრემიერს საკუთარი არხი არ ჰქონოდა. თუ მართალაც მისთვის ძვირფასია ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება და ის მართლაც ძვირფასია, მეცხრა არხის  და ინფო–9–ის თანამშრომლებმა დავამტკიცეთ, როცა ამ დემოკრატიისთვის ვშრომობდით, ვიბრძოდით და ვიღწვოდით, ეს ყველაფერი არის ცალსახა” – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა. 

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება წაადგება დემოკრატიის განვითრებას:”ისეთი პროფესიონალი ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, აუცილებლად მოინახება სამსახური კარგ და დემოკრატიულ ქვეყანაში.”

 

ლუბა ელიაშვილის თქმით,  დღეს “მე-9 არხის” აპარატურით დაინტერესებული პირები ურეკავდნენ: “ბევრი ზარი იყო დღეს მათგან, ვისაც არხის შეძენა სურს, ბევრი ზარი იყო შეწუხებული ადამიანებისგან, ტელემაყურებლებისგან, მაგრამ იყო ჩემთვის ცოტა უხერხული და მიუღებელი ზარებიც. დღეს განსაკუთრებული დღე აქვს “მე-9 არხს”. როდესაც ძირითადი საკითხია “აპარატურა რა ღირს”, ეს აპარატურა “მე-9 არხის” გარდა, კიდევ ბევრ ადგილზე იყიდება, მაინცდამაინც დღეს, “აბა, იქნება იაფად აპარატურა ჩავიგდო ხელში” – არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ეს გესმის, ჩანს სიხარბე. სინამდვილეში ეს არხი მარტო აპარატურა არავითარ შემთხვევაში არ არის. ეს არხი არის მისი პროფესიონალი თანამშრომლები, ის შრომა, რომელსაც ისინი ახორციელებენ”.


მისივე თქმით, არხზე “მე-9 არხის” რეიტინგთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძება მზადდებოდა. “გადამოწმებული გვაქვს რამდენად არასწორია პანელი, სადაც იზომება ჩვენი რეიტინგები. ძალიან მინდოდა, რომ ეს გამოძიება ეთერში გასულიყო, იმიტომ, რომ ყველა მაჩვენებლით, მაგალითად, ინტერნეტმთვლელით, ცხადად ჩანს, რომ “მე-9 არხი” გახდა ძალიან კარგი და რეიტინგული ტელევიზია”, – აღნიშნა ელიაშვილმა. 

 

ტელეკომპანია მე–9 არხის შესახებ სპეციალური განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა.

 

“ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც. არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“, მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. 

 

პრემიერმინისტრი ასევე აცხადებს, რომ თუ რეალური მყიდველი გამოჩნდება, ტელეკომპანიას მესამედ ფასში გაყიდის:

 

“დღეიდან, 19 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ პირველ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო9“–ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია. მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს.”

 

საჯარო რეესტრში არსებული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანახმად, შპს “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს “აქცეპტი” ფლობს.

 

მფლობელი არც შპს “აქცეპტს” შეცვლია. კომპანიის 20 პროცენტს კახა კობიაშვილი, ხოლო 80 პროცენტს პრემიერ–მინისტრის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს.   

 

პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის მეუღლის საკუთრებაშია მეცხრე არხი, არაერთხელ განაცხადა, რომ მას ეს ფაქტი უხერხულობას უქმნის.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდის აპირებს პრემიერ–მინისტრი ტელეკომპანია “მე–9 არხის” გაყიდვას, რომლის მფლობელიც მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა, ივანიშვილმა 3 ივლისს ასე უპასუხა:

 

“დიდი ხანია ვაპირებ, მაგრამ მინდა, ეს ლამაზად რომ მოხდეს, ისე, რომ ჟურნალისტიკა არ დაზარალდეს და, შესაბამისად, ასე ვაგრძელებ ურთიერთობას. ჟურნალისტები არ უნდა დაზარალდნენ და ამას ძალიან ვითვალისწინებ”

 

“ნეტგაზეთმა” აღნიშნული შეკითხვა პრემიერს 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვა. ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ “მე–9 არხი” არ უნდა დაიხუროს, თუმცა ასევე არ უნდა დარჩეს კითხვები მის მფლობელთან დაკავშირებითაც

 

“ის კითხვები, რაც ჩნდება საზოგადოებაში, რომ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს არავითარი შეხება ტელევიზიასთან, ძალიან ვცდილობ და ვეძებ ფორმებს, რომ არ დავტოვოთ ეს კითხვები”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი