ახალი ამბები

პრეზიდენტმა მე–9 არხის შესაძლო დახურვაზე კომენტარი გააკეთა

19 აგვისტო, 2013 • • 1339
პრეზიდენტმა მე–9 არხის შესაძლო დახურვაზე კომენტარი გააკეთა

სააკაშვილმა კომენტარი ტელეკომპანია “რუსთავი 2″– თან გააკეთა;  

“საქართველოში რაც მეტი არხი იქნება, მე ვიქნები ბედნიერი იმიტომ, რომ ჩემს დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი, რაც გაიხსნა. ჩემს დროს გაიხსნა მე–9 არხი, “მაესტრო” როგორც პოლიტიკური მაუწყებელი. გაიხსნა 25–ე არხი და სხვა რეგიონალური მაუწყებელი. ჩვენს დროს გაიხსნა ასობით ახალი გაზეთი. ჩვენს დროს, მიუხედავად იმისა, ვინ რას ლაპარაკობდა,იხსნებოდა გაზეთები და რეგიონალური ტელევიზიები. მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში სამი არხი იყო. იმედი, რუსთავი და პირველი არხი. ახლა არის რამდენიმე ათეული. რაც უფრო მეტი იქნება, უფრო ბევრ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. უფრო მეტ არასწორ ინფორმაციას შეადარებს ერთმანეთს და აარჩევს სწორს.”

 

ტელეკომპაანია “მეცხრე არხი”, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა, შესაძლოა გაიყიდოს, ან იმ შემთხვევაში, თუ არ გაიყიდება, შეიძლება დაიხუროს.

 

ინფორმაცია არხის თანამშრომლებს დღეს თათბირზე გააცნეს. “ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს და ოპერატიულად მოგაწვდით. 

 

ტეელკომპანია მე–9 არხის მფლობელის შეცვლის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება.  

 

საჯარო რეესტრში არსებული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანახმად, შპს “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს “აქცეპტი” ფლობს.

 

მფლობელი არც შპს “აქცეპტს” შეცვლია. კომპანიის 20 პროცენტს კახა კობიაშვილი, ხოლო 80 პროცენტს პრემიერ–მინისტრის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს.   

 

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის მეუღლის საკუთრებაშია მეცხრე არხი, არაერთხელ განაცხადა, რომ მას ეს ფაქტი უხერხულობას უქმნის.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდის აპირებს პრემიერ–მინისტრი ტელეკომპანია “მე–9 არხის” გაყიდვას, რომლის მფლობელიც მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა, ივანიშვილმა 3 ივლისს ასე უპასუხა:

 

“დიდი ხანია ვაპირებ, მაგრამ მინდა, ეს ლამაზად რომ მოხდეს, ისე, რომ ჟურნალისტიკა არ დაზარალდეს და, შესაბამისად, ასე ვაგრძელებ ურთიერთობას. ჟურნალისტები არ უნდა დაზარალდნენ და ამას ძალიან ვითვალისწინებ”

 

“ნეტგაზეთმა” აღნიშნული შეკითხვა პრემიერს 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაუსვა. ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ “მე–9 არხი” არ უნდა დაიხუროს, თუმცა ასევე არ უნდა დარჩეს კითხვები მის მფლობელთან დაკავშირებითაც

 

“ის კითხვები, რაც ჩნდება საზოგადოებაში, რომ პრემიერ-მინისტრს და მის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს არავითარი შეხება ტელევიზიასთან, ძალიან ვცდილობ და ვეძებ ფორმებს, რომ არ დავტოვოთ ეს კითხვები”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი