ახალი ამბები

საგარეო უწყება: ვგმობთ საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებას

12 აგვისტო, 2013 • • 1004
საგარეო უწყება: ვგმობთ  საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებას

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ეკიპაჟი ახორციელებდა რეგულარულ პატრულირებას გორის რაიონის სოფელ ქვეშში, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელდა გასროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებას, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია და ქართული მხარის პროვოცირება. მსგავსი უკანონო ქმედებები იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი კვლავ აცხადებს უარს, აიღოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება, საქართველოს ცალმხრივი ვალდებულების საპასუხოდ.

 

მსგავსი პროვოკაციული სახის ინციდენტები და რუსეთის სხვა დესტრუქციული ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ (EUMM) მანდატის შეუფერხებელი განხორციელების აუცილებლობასა და რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას.

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი