ნეტგაზეთი | რუსეთში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა დარჩეს რუსეთში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა დარჩეს – Netgazeti
Batumelebi | RU

რუსეთში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა დარჩეს

რუსეთ–საქართველოს ომის მე–5 წლისთავთან დაკავშირებით რუსულმა ანალიტიკურმა ცენტრმა “ლევადამ” რუსეთის მასშტაბით სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა და საქართველოს თაობაზე რუსეთის მოქალაქეების განწყობები შეისწავლა

კითხვას, როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, გამოკითხულთა 48 პროცენტი დადებითად პასუხობს, 40 პროცენტს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო 12 პროცენტს პასუხის გაცემა უჭირს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 32 პროცენტით გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც საქართველოს მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. “ლევადა–ცენტრის” მიერ 2008 წლის ომის შემდეგ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა მხოლოდ გამოკითხულთა 16 პროცენტს ჰქონდა.

 

გამოკითულთა 9 პროცენტი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს, 30 პროცენტის თქმით, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას უნდა შეუერთდეს, ხოლო 42 პროცენტის აზრით – აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ცხინვალის რეგიონის ადგილი საქართველოს შემადგენლობაშია, 29 პროცენტის აზრით, ეს რეგიონი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, ხოლო 43 პროცენტის აზრით – ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ასევე უნდა დარჩეს.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 20 პროცენტი ფიქრობს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯი იყო, 11 პროცენტის თქმით, ამ ტერიტორიების აღიარებამ რუსეთის ინტერესებზე ნეგატიური გავლენა იქონია, ხოლო 49 პროცენტის თქმით, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებამ რუსეთს არც უარყოფითი და არც დადებითი შედეგები არ მოუტანა.

 

გამოკითხვა რუსეთის 45 რეგიონში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1601 ადამიანი. კვლევის ავტორების განმარტებით, გამოკითხვის შედეგების ცდომილების საშუალო სტატისტიკური ზღვარი 3,4 პროცენტს არ აღემატება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge