ახალი ამბები

გახარია რატიანის საქმეზე: ვიდეოს გავრცელება იყო არასასიამოვნო მომენტი

28 დეკემბერი, 2017 • 4723
გახარია რატიანის საქმეზე: ვიდეოს გავრცელება იყო არასასიამოვნო მომენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ვიდეოს გავრცელება “არასასიამოვნო მომენტად” შეაფასა. აღნიშნულთან დაკავშირებით გახარიამ კულტურის სამინისტროში მწერლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. გახარიას თქმით, საყურადღებოა ვიდეოსთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციაც.

“ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, მაგრამ ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე ამ ეტაპზე. ეს არის სამწუხარო მომენტი, თუმცა ვფიქრობთ, ჩვენ მხარეები ერთად ამ გამოწვევასაც გავუძლებთ და ვუპასუხებთ”, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, სამინისტროში მწერლებთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა, რომელზეც საუბარი ზვიად რატიანის საქმესაც შეეხო. მინისტრის აზრით, მოცემული საქმე დეტალურ გამოძიებას საჭიროებს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ობიექტურობის გარანტია უნდა ჰქონდეს.

“[შეხვედრის] ძირითადი ამოცანა იყო, როგორ უნდა გავაღრმაოთ ნდობა ჩვენ შორის, რამეთუ სისტემის რეფორმირებაში საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული.

რა თქმა უნდა, დისონანსურად გაიჟღერა ბატონი რატიანის ქეისმაც. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა იყოს მაღალი საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს იქნება ობიექტურობის უმაღლეს ხარისხზე.

…საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული. მოქალაქეზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური”.

მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით სასაუბროდ შეიკრიბნენ, თუმცა დისკუსიის დაწყებიდან მალევე, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მისვლა საჭიროდ მიიჩნია არსებული კითხვის ნიშნების გამო. გახარიას თქმით, კულტურის სამინისტროში მისვლა  გადაწყვიტა იმის გამოც, რომ საპოლიცო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით რატიანის კოლეგების მესიჯები “ახლო თანხვედრაშია” სამინისტროს პოზიციასთან.


27 დეკემბერს ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი აუდიომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ იგინება ზვიად რატიანი პოლიციელების მისამართით.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო შსს-სგან ოფიციალურად გამოითხოვა და გაავრცელა. ვიდეო დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს დაკავების პროცესს, არც იმას, თუ რამ გააღიზიანა ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო, მაუწყებელს ბოიკოტი არაერთმა მწერალმა, პოეტმა, გამომცემელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელმა გამოუცხადა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გაუვრცელებია პრემიერ-მინისტრის გინების ამსახველი ვიდეომასალა ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა მელიას მისამართით, რომელიც პარლამენტში ყველას თვალწინ მოხდა და მის მოპოვებას ამდენი შრომა არ სჭირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დაასრულა. საპოლიციო კონტროლის დროს 127 პირი დააკავეს.

საპოლიციო შემოწმებისას დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, იმის გამო, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. მის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი