ახალი ამბებისამართალი

ახმეტაში პოლიციის მიერ ჩხრეკისას დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა

24 დეკემბერი, 2017 • 5240
ახმეტაში პოლიციის მიერ ჩხრეკისას დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.

31 წლის თინათინ შენგელია თბილისში, ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული. როგორც ინგოროყვას კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, ახალგაზრდა ქალის მდგოამრეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.

დაშავებული ქალის მაზლი დავით ხოსიაშვილი „რეგინფოს“ დეტალურად უყვება, თუ როგორ შევიდა მათ სახლში პოლიცია, როგორ გახდა ახალგაზრდა ქალი ცუდად და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სამართალდამცველებს ამ ფაქტზე.

„გათენებული არ იყო, ოთახში რომ შემოცვივდნენ, მეძინა. 8 თუ 10 პოლიციელი იყო, იარაღებით. ჩხრეკის ორდერი გვაქვს, პირდაპირ გვითხარი, იარაღი სად გაქვს, ბევრი რომ არც ჩვენი ვიწვალოთ და არც თქვენ გაწვალოთო. რა იარაღი, სახლში სანადირო თოფიც არასდროს გვქონია-მეთქი. ჩემს ოთახშიც დაიწყეს ჩხრეკა, ყველაფერი გადმოყარეს.

“პოლიციელები სახლის მეორე სართულზეც იყვნენ ასულები, სადაც ჩემი ძმა, რძალი და 1 წლის ბავშვი ცხოვრობენ. ისინიც წამოყარეს და იქაც ეძებდნენ. ჩემი რძალი შიშისგან ავად გახდა, დავარდა და ფეხზე ვეღარ ადგა. ბავშვი ტიროდა. ვიდრე ჩვენ რძლის მოსულიერებას ვცდილობდით, პოლიციელები იცინოდნენ. ამბობდნენ, რომ ჩემი რძალი ავადმყოფობას იგონებდა.

ჩხრეკა ნახევარ საათს გაგრძელდა. ჩვენებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მე პოლიციაში წამიყვანეს, ოქმს ხელი უნდა მოაწეროო. იქ გავიგე, რომ ჩხრეკის ორდერი მამაჩემისთვის უჩვენებიათ, როცა სახლის ეზოში შემოსულან, მშობლებს უკვე ეღვიძათ. სახლში როცა დავბრუნდი, სასწრაფოს ჩემი რძალი ახმეტის საავადმყოფოში გადაჰყავდა, იქიდან კი რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს. ექიმებმა გვითხრეს, რომ მდგომარეობა მძიმეა, თავში კაპილარი აქვს გაწყვეტილი, რამაც სისხლის გაჟონვა გამოიწვია. გადარჩება თუ არა, არ ვიცით.”

როგორც დავით ხოსიაშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, გაუგებარია, პოლიციამ მათ სახლში ჩხრეკა რატომ ჩაატარა: “ბავშვი ისეთი შეშინებულია, ვერაფრით ვაწყნარებთ. არაფერი საეჭვო არასდროს გვქონია, არც დანაშაული ჩაგვიდენია. მე არასდროს არაფერი დამიშავებია, არადა ორდერი ჩემზეა გამოწერილი. რატომ დაგვაწიოკეს? ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაგვაყენეს, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ის არის, იქნებ ჩემი რძალი როგორმე გადარჩეს.”

“რეგინფოს” ინფორმაციით, ჩხრეკის შესახებ დადგენილება 21 დეკემბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძეს აქვს გაცემული, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილებიდან ირკვევა, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას. თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა ხოსიაშვილების საცხოვრებელ სახლში იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. როგორც შსს აცხადებს, თელავის რაიონული სასამართლოს 21 დეკემბრის N 11/ბ -1394-17 განჩინების საფუძველზე, 22 დეკემბერს მოხდა მოქალაქე დავით ხოსიაშვილის საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე სათავსოების დათვალიერება.

შსს აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალი შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს გახდა შეუძლოდ და იგი ამის შემდეგ გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის დავით ხოსროშვილის მონათხრობთან. თუმცა, ამავდროულად, შსს აცხადებს, რომ ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა.

[red_box]საპოლიციო კონტროლი[/red_box]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს. გენერალური ინსპექცია პოლიციის მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი მოვალეობის გადაცდომის რამდენიმე ფაქტს სწავლობს, მათ შორის არის: თინათინ შენგელიას და პოეტ ზვიად რატიანის საქმეებიც.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი