შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასა და ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციას აქვს ვიდეო, თუ როგორ აგინებდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი სამართალდამცველებს და არ აძლევდა მათ საპოლიციო კონტროლის შესრულების საშუალებას. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცველები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს,” – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, მასალიდან ჩანს, რომ ნასვამი ზვიად რატიანი ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევს სწორად, საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა აღნიშნული მასალა, მტკიცებულების სახით, წარედგენება სასამართლოს. სურვილის შემთხვევაში, ზვიად რატიანსაც შეუძლია გაეცნოს, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი.
ვიდეო-მასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.”
როგორც ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, მიუხედავად ამისა, სამართალდამცავების მიმართ ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას.
“ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, როგორც მოქალაქის მხრიდან სამართალდარღვევის, ისე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით,” – აცხადებს მეზვრიშვილი.
მწერალი ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ შსს-ს ეს განცხადება არის ბრიყვული იმის ფონზე, თუ როგორ აწამეს და როგორ იძალადეს პოეტ ზვიად რატიანზე.
“სრულიად გაუგონარი ფაქტი მოხდა. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ მას ვიცნობთ, ის ცნობილია საზოგადოებისათვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რას უზამდნენ უცნობ მოქალაქეს; კაცმა არ იცის, სად შეიძლება ყოფილიყო ჩაგდებული ის ახლა… როგორ დაჩაგრავდნენ და რას საქმეებს შეუკერავდნენ, წარმოდგენაც კი არ არის საჭირო,” – ამბობს ლაშა ბუღაძე.
ლაშა ბუღაძე მოითხოვს, რომ ის 7-8 პოლიციელი, რომლებმაც იძალადეს ზვიად რატიანზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩვენოს საზოგადოებას, რადგან იცოდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ვის უნდა მოერიდონ:
“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს მოძალადეები იმიტომ, რომ ძალადობა არ არის აბსტრაქტული ცნება; მუდმივად რაღაც აბსტრაქციებზე ვალაპარაკობთ და როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, პოლიციელი ძალადობს, ეს არის დანაშაული ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სახეებზე, ვინ არიან ეს მოძალადეები, თორემ ისინი განაგრძობენ ძალადობას, როგორც ხდებოდა აქამდე საქართველოში.”
მწერლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ნუ აშანტაჟებს ზვიად რატიანს ჩანაწერების გამოქვეყნებით. ლაშა ბუღაძე შსს-ს ურჩევს, რომ საზოგადოებას წარუდგინონ ის ჩანაწერები, თუ რას უშვრებოდნენ ზვიად რატიანს და როგორ ძალადობდნენ მასზე. ბუღაძე ამბობს, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც საჭიროებს მკაცრ რეაგირებას.
[red_box]რას ყვება ზვიად რატიანი[/red_box]
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება, ზვიად რატიანი კი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მას არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა.
“რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა ერთდროულად. მიზეზში გარკვევაც ვერ მოვასწარი. ერთადერთი, რაც ახსენეს, ჩემი ქურთუკის ფერი [ნარინჯისფერი] იყო, რომელიც მათი მოსაწონი არ გამოდგა. დანარჩენი არაფერი ვიცი. მანქანაში მცემდნენ. 7 ან 8 პოლიციელი მაინც იყო. რომელი აქტიურად მონაწილეობდა და რომელი არა, მაგრამ ცნობით ვიცნობ სახეზე ყველას. მე მგონი, თვითონაც არ გაუჭირდებოდათ ჩემი ამოცნობა,” – განუცხადა ნეტგაზეთს ზვიად რატიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.
რატიანის თქმით, მთელ სხეულზე, მათ შორის სახეშიც, ათზე მეტი დაზიანება აღენიშნება, რაც დროებით მოთავსების იზოლატორში დააფიქსირეს. როგორც პოეტი ამბობს, პოლიციელები ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას და აცხადებენ, რომ ეს დაზიანებები დაკავებამდე ჰქონდა მიყენებული.
“ხვალ დილით იქნება სასამართლო და ვნახოთ…”
[red_box]საპოლიციო კონტროლი[/red_box]
პოეტ ზვიად რატიანის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.
შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.