ნეტგაზეთი | ღარიბაშვილი: “მინიკუპერები” ტურისტულ ზონებში პატრულირებას უფრო ეფექტურს გახდის ღარიბაშვილი: “მინიკუპერები” ტურისტულ ზონებში პატრულირებას უფრო ეფექტურს გახდის – Netgazeti

ღარიბაშვილი: “მინიკუპერები” ტურისტულ ზონებში პატრულირებას უფრო ეფექტურს გახდის

დღეს, 20 ივლისს, აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები და კატარღა გადაეცა.  აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლბს სიტყვით  მიმართა: 

“მსახურობდე საპატრულო პოლიციააში, ეს არის განსაკუთრებული პატივი და, ამავდროულად, დიდი ტვირთი. ეჭვი ალბათ არავის არ ეპარება, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი, ღირსეულად წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე იმ მიღწწევებით, რომელიც უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით”.– განაცხადა ღარიბაშვილმა.  

 

მისივე თქმით, პატრულის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი სამართლებრივი ბაზა – პოლიციის ეთიკის კოდექსი და პატრულის ქცევის ინსტრუქციები, კანონპროექტები პოლიციის და საგზაო მოძრაობის შესახებ ითვალისწინებენ პატრულის საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ადამიანებთან ურთიერთობას და მათთან დაახლოებას. გარდა ამისა დანაშაულისა და პრევენციის და მასზე რეაგირების ახლი უფრო მაღალი, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სტანდარტის შემოღებას.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში
ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში

“ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად ზრდის პატრულის პასუხისმგებლობას, ამიტომაც ხდება თანამშრომელთა ტესტირება, ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ტრენინგების ჩატარება, კვალიფიკაციის ამაღლება მთელი სისტემის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის პრევენციისა და მასზე სათანადო რეაგირების მიზნით, ბოლო პერიოდში გავზარდეთ  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა და მომსახურეობის ზონა. საპატრულო პოლიცია უკვე ფარავს აქამდე აუთვისებელ რეგიონებს.  პატრულირების არეალის გაფართოება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიდინარეობს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით შსს–მ დამატებითი ზომები  მიიღო აჭარის მოსახლეობისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით:

 

“შესაბამისად, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა 30%–ით გავზარდეთ, მოძველებული მანქანები შევცვალეთ ახლებით, სპეციალურად  გამოვყავით “მინიკუპერების” მარკის ავტომობილები, რომელიც ტურისტულ ზონებში პატრულირებას უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის. ამავე მიზნით დაემატა მოტოციკლეტები. ასევე ჩვენ ველოდებით  ელექტრომობილების შემოყვანას ბათუმში, როლებიც პატრულირბას განახორციელებენ ბულვარში. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგის და კონკრეტულ შემთხვევებში პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობის შეფასების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები  და პატრულის ინსპექტორები სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით არიან აღჭურვილი. მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირბულია აშშ–ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.”


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის შემდეგ აჭარა პირველი რეგიონია, სადაც საპატრულო პოლიციის რებრენდინგი განხორციელდება და ეს პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს რამდენიმე ასეული ახალი ავტომობილი იყიდა, მათ შორის “მინი კუპრერები”, “ტოიოტა ჰაი ლუქსები”, “ტოიოტა ლენდკრუიზერები” და ა.შ. ავტომობილებში გადახდილმა ჯამურმა თანხამ კი 17 მილიონი ლარი შეადგინა. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge