24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი ქალთა მკვლელობების ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. ის 18 ოქტომბერს სოფელ შილდაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ქალს ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და პოლიციაც არაერთხელ გამოუძახიათ, ქმარი კი დანაშულში საკუთარი ძმის ბრალეულობაზე ეჭვობს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაიკითხა თუ არა გარდაცვლილის მაზლი და ამბობენ, რომ გამოძიება ყველა ვერსიას ამუშავებს.
24 წლის ქალის მკვლელობა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სტატისტიკაში, რომელიც ფემიციდის შემთხვევებს ეხება, ორი მიზეზით ვერ მოხვდა. პირველი- საკვლევი პერიოდია, რადგან მონაცემები 2017 წლის პირველ 9 თვეს მოიცავდა, მეორე კი- მუხლი, რომლითაც მომხდარს შინაგან სამქთა სამინისტროში იძიებენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმაციით, 2017 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ქალის მკვლელობის 22 ფაქტი მოხდა, საიდანაც 13 იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული. სახალხო დამცველის ოფისში არ გამორიცხავენ, რომ დანარჩენ შემთხვევებშიც, მკვლელობები გენდერული ნიშნით ყოფილიყო მოტივირებული.
[gray_box]ქალთა მკვლელობის შემთხვევები “ნეტგაზეთის” არქივიდან[/gray_box]
[crosslist]
- ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 83-წლის კაცი აგვისტოში. შსს-ის თქმით, ბრალდებულმა 20 წლით უმცროს მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან ესროლა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
- დანაშაული მოხდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც, სადა ქალი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ბრალდებული ამ შემთხვევაშიც მისი ქმარი იყო.
- უზნაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 17 ივლისს ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მას ყელისა და კისრის არეში 8 შემავალი ჭრილობა ჰქონდა. გარდაცვლილი დაახლოებით 19 წლის იყო და თბილისში ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. მკვლელობის ბრალდებით შსს-მ გარდაცვლილის ბიძაშვილი დააკავა.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში 4 მაისს ქალი მოკლეს. როგორც დაბა თამარისში ბოლნისის გამგებლის წარმომადგენელმა, ალი გურბანოვმა “ნეტგაზეთს” უთხრა – მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილი ქალის ქმარია.
- ქალი მოკლეს თბილისში 24 აპრილსაც. დაკავებულია ყოფილი ქმარი. გამოძიების ვერსიით, ოთხი შვილის დედა, მირანდა ვაჩეიშვილი ყოფილმა ქმარმა გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მირანდა ვაჩეიშვილის შვილი ამბობდა, რომ სიკვდილამდე დედამისმა პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია: “მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედას სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.”
- ასპინძაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი 9 აპრილსაც დააკავეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა ერთ-ერთ პირს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სამხრეთის კარბიჭის ცნობით, ეს იმ ადამიანის მამაა, რომელზეც ბრალდებული ეჭვიანობდა.
[/crosslist]
როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მკვლელობის შემთხვევების გარდა, საკმაოდ მაღალია მკვლელობის მცდელობების რიცხვიც. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ასეთი 11 შემთხვევა დაფიქსირდა, სიდანაც 8 მათგანი ოჯახში ძალადობის პირობებში მოხდა:
“მაგალითისთვის, 2017 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ქალის მკვლელობის 22 ფაქტი მოხდა, საიდანაც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან 13 შემთხვევაა იდენტიფიცირებული, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტი, თუმცა შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევები, როცა მკვლელობა ოჯახს მიღმა, თუმცა გენდერული ნიშნით ყოფილიყო მოტივირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ იმავე პერიოდში საკმაოდ მაღალია მკვლელობის მცდელობების რიცხვი. 11 მკვლელობის მცდელობის შემთხვევა დაფიქსირდა, სადანაც 8 იყო ოჯახში ძალადობის პირობებში, რაც მიუთითებს პრობლემის მასშტაბებზე” – ამბობს სხილაძე.
სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფემიციდის შემთხვევების კლების ტენდენცია საგრძნობლად არ შეინიშნება და საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. შედარებისთვის, სახალხო დამცველის მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში ფემიციდის 21 შემთხვევა გამოიკვეთა:
“რთულია შევადაროთ წლების მიხედვით ეს მონაცემები. 2014 წელს დაფიქსირდა ყველაზე დიდი შემთხვევების რაოდენობა, 2015 წელს იყო ნაკლები, ასევე 2016 წელს ეს ციფრი საშუალოდ იყო 2014 წელთან შედარებით, თუმცა 2017 წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ზრდა მოხდა ფემიციდის შემთხვევების” – ამბობს სხილაძე.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გაზრდილია ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართლებრივი წარმოება. პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში მიიჩნევენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება გაორმაგებულია წინა წლებთან შედარებით, რაც განპირობებულია არა ძალადობის მატებით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შედეგად, სამართალდამცავებისთვის მიმართვიანობაა გაზრდილი:
“სტატისტიკური ანალიზის შედეგადაც ჩანს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არის გაორმაგებული წინა წლებთან შედარებით. ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ძალადობამ იმატა, არამედ ჩვენ ვხსნით, რომ მომართვიანობა საზოგადოების ცნობიერების კამპანიების შედეგად არის გაზრდილი და ეფექტიანი, რეაგირებაც არის გაზრდილი, როგორ შსს-ს, ასევე პროკურატურის მიერ”, – განაცხადა სალომე შენგელიამ.
შენგელიას ცნობით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების სტატისტიკა ასეთია:
- 2014 წელს- 550 ადამიანის მიმართ
- 2015 წელს -1066 ადამიანის მიმართ
- 2016 წელს – 1356 ადამიანის მიმართ
- 2017 წელს [11 თვის მონაცემი] – 1180 ადამიანის მიმართ
სახალხო დამცველის ოფისში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ფემიციდის დეფინიცია სისხლის სამართლის კოდექსში განიმარტოს. ამგვარად მოხდება ქვეყნის მხრიდან დანაშაულის მნიშვნელობის აღიარება და კვალიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ფემიციდის შემთხვევების, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის განხილვა:
“სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ფემიციდის დეფინიცია მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსში ისევ და ისევ პრობლემის ხაზგასმისათვის , ქვეყნის ნების წარმოჩენისთვის, რომ ეს დანაშაული არის აღიარებული და ჩვენ ვაცნობიერებთ ამ დანაშაულის უარყოფით შედეგებს. ხოლო მეორე მხრივ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, კვალიფიკაციის შემთხვევაში ყველა ეს შემთხვევა განგვეხილა, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ფაქტი, რადგან გენდერული მოტივი, როგორც წესი, არის განპირობებული ქალზე უფლების ქონის, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულის და უთანასწორო მდგომარეობის გამო და ეს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკით განიხილება, როგორც დამამძიმებელი გარემოება ამა თუ იმ ფაქტის” – ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.
ფემიციდის დეფინიციის შემოტანას კანონმდებლობაში მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი. როგორც ჩუგოშვილი ამბობს, დღეს ქვეყანაში არსებული სამართლებრიივი ჩარჩო საკმარისი არაა პრობლემის აღმოსაფხვრელად:
“წინა მოწვევის პარლამენტში იყო მცდელობა პრობლემების საკანონმდებლო რეგულირების, მაგრამ ვერც ერთი ეს ცვლილება ვერ გავიდა. ჩენ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ამ საკითხებს, ხელახლა ავუხსნათ საზოგადოებას, კოლეგებს, რატომ მიგვაჩნია ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად, რატომ სჭირდება ამ საკითხებს განსაკუთრებული საკანონმდებლო რეგულირება, რატომ არ არის საკმარისი ის სამართლებრივი, ჩარჩო, რომელიც გვაქვს” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
მსგავსი შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში ორჯერ ჩავარდა. ინიციატივით პარლამენტს 2016 წლის 3 მაისს რესპუბლიკურმა პარტიამ მიმართა. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა მომხდარიყო ფემიციდის განმარტება, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული, ქალის განზრახ მკვლელობა. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დამატებოდა 108 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად ფემიციდი, რომელიც არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
2016 წლის 10 ივნისს კი კანონპროექტი ორი ხმით ჩავარდა. მას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა 1-ის წინააღმდეგ, როცა დასამტკიცებლად საჭირო იყო 50 ხმა. პარლამენტს ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით “რესპუბლიკელებმა” 2017 წლის იანვარშიც მიმართეს. ცვლილებები ასევე მოიცავდა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას, თუმცა ის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა.