ახალი ამბები

TI: 2002–2013 წლებში ხელისუფლებამ საპატრიარქოს 200 მილიონამდე ლარი გამოუყო

4 ივლისი, 2013 • 2674
TI: 2002–2013 წლებში ხელისუფლებამ საპატრიარქოს 200 მილიონამდე ლარი გამოუყო

“2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს.

 

2002-2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ 160,672,200 ლარი შეადგინა.  2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერისას სამინისტრომ სამოციქულო ეკლესიას 857,600 ლარი გამოუყო.

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პარალელურად ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს დაფინანსებაც იზრდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც  დაფინანსება ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუკი საპატრიარქოს დაფინანსების ოდენობა 2005 წელს 1,290,100 ლარს შეადგენდა, 2006-2007 წლებში დაფინანსება, შესაბამისად, 4,803,300 და  4,270,600 ლარი იყო, ხოლო 2008 წელს  12,933,400 ლარი გახდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ  საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ ორჯერ – 26,394,900 ლარამდე გაიზარდა (2009 წელი). მომდევნო წლებში დაფინანსება მცირეოდენ შემცირდა (მაგალითად, 2011 წელს- 24,391,700 ლარი, 2012 წელს- 22,800,000 ლარი). ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დახმარების ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და 2013 წელს 25,000,000 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევის თანახმად 2002 წლიდან დღემდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხა 16 მილიონამდე ლარს შეადგენს:

 

“კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მთელ რიგ შემთხვევებში ფინანსურ დახმარებას არა საპატრიარქოს ან ადგილობრივ ეპარქიას, არამედ – ფიზიკურ პირებს პირდაპირ გამოუყოფდა, რომლებიც, იმავე მუნიციპალიტეტის განმარტებით, სასულიერო პირები არიან”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ გარდა დაფინანსებისა საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, არაერთგზის გადასცა ქვეყნის მასშტაბით მიწები, სკვერის ტერიტორიები თუ შენობა-ნაგებობები.

 

გარდა ფინანსთა სამინისტროს და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადაცემული თანხებისა, საპატრიარქოს სხვადასხვა რაოდენობის თანხა და ქონება გადასცეს სამინისტროებმაც.

 

2006–2012 წლებში საქართველომ თავდაცვის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა 8 388 200 ლარი, გარდა ამისა, სხვადასხვა ეპარქიებს თავდაცვის სამინისტროსგან გადაეცათ 16 სხვადასხვა მარკის ავტომობილი და საავტომობილო ნაწილები. 600 000 ლარი გადაურიცხა საპატრიარქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული თანხა 400 000 ლარს შეადგენს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კი საპატრიარქოს 44 500 ლარით დაეხმარა, გარდა ამისა, დაუბეჭდა წიგნები, რაც 250 ათასზე მეტი ლარი დაჯდა.

 

რაც შეეხება სხვა რელიგიურ კონფესიებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს იეზიდთა კავშირს, პრეზიდენტის განკარგულებით, 2010 წელს ვარკეთილის ტერიტორიაზე 1 ლარად გადაეცა 1,629 მ2 მიწის ნაკვეთი ქურთული კულტურული ცენტრის აშენებისა და აღნიშნულ ცენტრში ქურთული და ქართული ენების, ისტორიის, კულტურის, და კომპიუტერული სწავლების კურსების მოწყობის მიზნით.

 

ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლებში ქართული და სომხური ეკლესიებისათვის გამოიყო ფულადი დახმარებები. 2009-2012 წლებში ქართულ-სომხური ეკლესიების ფინანსურმა დახმარებამ 35,624 ლარი შეადგინა.

 

“ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი რელიგიური კონფესიის მიმართ გაწეული ფინანსური დახმარება გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს. საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა ინტერპრეტაციის თუ დასკვნების გაკეთებას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორიც არის სხვადასხვა კონფესიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, – ნათქვამია ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი