ახალი ამბები

ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ არაკონსტიტუციური მიდგომა გამოიყენეს

15 ნოემბერი, 2017 •
ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ არაკონსტიტუციური მიდგომა გამოიყენეს

ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესების მიმდინარეობა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, ხოლო საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვამ არაერთი უპასუხო კითხვა დატოვა. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს ეხება. გთავაზობთ დასკვნის ნაწილს.

 სასამართლო პროცესების მიმდინარეობა

საქმის განმხილველმა სამივე მოსამართლემ სასამართლო პროცესი სრულად დახურა. სახალხო დამცველმა თავიდანვე განაცხადა, რომ ეს სასამართლო ხელისუფლებისა და ზოგადად, მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის შექმნას ხელს შეუშლიდა. სასამართლოს მიმდინარეობამ დაადასტურა, რომ საქმეში გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, რომელიც გაამართლებდა რამდენიმე სხდომის დახურულ დარბაზში ჩატარებას, საქმის სრულად დახურვის საჭიროება არ არსებობდა.

სასამართლო პროცესების განმავლობაში დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, რომელთაგან ოცზე მეტი ექსპერტს წარმოადგენდა. ირაკლი ფირცხალავას გარდა, ყველა მოწმე პროკურატურის მიერ იყო გამოძახებული. თუმცა ბრალდების ყველა მოწმეს სახელმწიფო ბრალდების შესაბამისი ჩვენებები არ მიუცია.

სხდომებზე მოსამართლემ დაიცვა მხარეთა თანასწორობის უფლება. როგორც პროკურორებს, ისე ადვოკატებს ჰქონდათ თანაბარი შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, დაეყენებინათ შუამდგომლობები და დაეკითხათ მოწმეები.

პროცესის სამართლიანობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გამოძიების პროცესში დაშვებულმა ხარვეზებმა. სხვადასხვა ტიპის დარღვევები რიგ შემთხვევაში პროკურატურამ, რიგ შემთხვევაში კი – სასამართლომ ან არ გამოასწორა, ან საკუთარი გადაწყვეტილების შედეგად, დაცვის უფლება კიდევ უფრო მეტად შელახა.

გამოძიებისას გამოვლენილი დარღვევები

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პროკურორი/გამომძიებელი უფლებამოსილია, გამოძიების მონაცემების დაცვის მიზნით, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. მოცემულ საქმეში პროკურატურის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებამ დაცვის მხარე არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა.

პროცესის მონაწილისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია გამოძიების ინტერესებისთვის. სასამართლო პროცესების განმავლობაში პროკურორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესი იყო, დანაშაულის შესაძლო თანამონაწილეებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დეტალები. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილ წერილში პროკურატურამ ასევე მიუთითა მესამე პირთა უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივ ინტერესზე.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულებები თავად გაასაჯაროვა. პროცესის განმავლობაში პროკურატურა საზოგადოებას მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიდა საქმის მიმდინარეობის შესახებ. ერთ–ერთმა პროკურორმა მედიაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც კი გაამჟღავნა. საქმის მასალებში ფაქტობრივად არ მოიძებნება გარემოება, რასთან დაკავშირებითაც პროკურორებს საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ. ამიტომ, კითხვის ნიშნებს აჩენს, რა მიზანს ემსახურებოდა ადვოკატებისთვის ამ საკითხებზე საჯარო განცხადებების გაკეთების შეზღუდვა.

დაუსაბუთებელია მესამე პირთა უსაფრთხოების დაცვის ინტერესზე მითითება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის ერთ–ერთი მოწმის მიმართ სატელეფონო მუქარის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. თუმცა, არ არის დასაბუთებული, რა კავშირი ჰქონდა ამ გამოძიებასა და გაუთქმელობის ვალდებულებას. გაუთქმელობის ვალდებულება ვერ უზრუნველყოფდა ვერც მოწმის უსაფრთხოებას იმ პირობებში, როცა მოწმის ვინაობა თავიდანვე ყველასთვის ცნობილი იყო.

პროცესის სრულად დახურვა

საქმის განხილვის სამივე ეტაპზე პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. იმის მიუხედავად, რომ საპროცესო კანონმდებლობა სათანადო პირობების არსებობისას ითვალისწინებს სხდომის საჯაროობის შეზღუდვას, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება არ გამომდინარეობდა საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

სხდომის სრულად დახურვის საფუძვლად მოსამართლეებმა მიუთითეს შემდეგი გარემოებები:

    •   ერთ–ერთი მოწმის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარის ფაქტზე დაწყებული     გამოძიების ინტერესების დაცვა;
    •   პროცესის მონაწილე პირის მიმართ დაცვის სპეციალური საშუალების გამოყენება;
    •   ვიდეო და აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირთა, ასევე მესამე პირთა პერსონალური

მონაცემების დაცვა

სხდომის სრულად დახურვის დამატებით საფუძვლად განაჩენში ასევე მითითებულია სასულიერო პირთა შესახებ საქმეში არსებული მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ რელიგიურ–ზნეობრივ პრინციპებს. 20როგორც სასამართლო პროცესებზე გახდა ცნობილი, პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა გამოძიება სატელეფონო მუქარასთან დაკავშირებით, საერთოდ არ ფიგურირებს ე.წ. ციანიდის საქმეში. ვინაიდან აღნიშნული ეპიზოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან კავშირში არ იყო, მასთან დაკავშირებით პროცესის განმავლობაში კითხვა საერთოდ არ დასმულა. ამრიგად, ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესებს ღია სასამართლო სხდომა ვერ დააზიანებდა. პარალელური გამოძიება სისხლის სამართლის არაერთ საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა ამის გამო პროცესები სრულად არ იხურება. მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიიჩნევდა, რომ არსებობდა „პროცესის მონაწილეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გონივრული მოლოდინი“.21

პირთა უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა პროცესის დახურვის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს. პროპორციულობის პრინციპის დაცვა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, მით უფრო, რომ კანონმდებლობა სხდომის ნაწილობრივ დახურვის შესაძლებლობას იძლევა. 22 გასათვალისწინებელია, რომ მესამე პირთა პერსონალური, კონფიდენციალური ინფორმაცია ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, თუმცა ეს სხდომის დახურვის საკმარისი საფუძველი არაა. სხდომის დახურვისთვის აუცილებელია პერსონალური ინფორმაცია იმგვარი ინტენსივობის იყოს, რომ ხვდებოდეს ადამიანის ყველაზე დაცულ, ინტიმურ სფეროში. პროცესის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ მსგავსი ინტენსივობის კონფიდენციალური ინფორმაცია საქმის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა და ერთი სხდომის ფარგლებში იქნა გამოკვლეული. ასევე, ერთი სხდომის ფარგლებში დაიკითხა პირი, რომლის მიმართაც გამოყენებული იყო დაცვის სპეციალური საშუალება.

შესაბამისად, სხდომის სრულად დახურვა მოცემულ შემთხვევაში არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენდა და მსგავსი რადიკალური ზომის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. სხდომის სრულად დახურვის შედეგად დაზიანდა ბრალდებულის უფლება, მისი საქმე განხილულიყო საჯარო სხდომაზე. იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე თავისუფლად განიხილავდა საქმის მიმდინარეობის ყველა ასპექტს და ყველასთვის ცნობილი იყო მოწმეების შესახებ ინფორმაცია, სხდომის სრულად დახურვა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული.

სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ პროცესის დახურვის არსებითი საფუძველი საპატრიარქოსთან დაკავშირებული ინფორმაცია იყო, რომელიც საქმის მსვლელობისას ერთ–ერთ საკვანძო საკითხად ჩამოყალიბდა. სხდომის დახურვის აღნიშნულ საფუძველზე მიანიშნა პრემიერ–მინისტრმა და საქმის პროკურორმა, მოგვიანებით კი „საზოგადოებაში დამკვირდებული რელიგიურ–ზნეობრივი პრინციპები“ აისახა განაჩენშიც. მოსამართლის შეფასებით, რიგ სასულიერო პირთა მიმართ საქმეში არსებული მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გამჟღავნება არსებით მორალურ ზიანს მიაყენებდა საზოგადოების დიდ ნაწილს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით.

საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა დასაცავადაც, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. აღნიშნულ საფუძვლებში არ ფიგურირებს მოსახლეობის რელიგიური გრძნობების დაცვა. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია აღნიშნული მიზეზით საჯარო განხილვის უფლების შეზღუდვა, რაც სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს.

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა

საქართველოს მთავარი პროკურორის ბრიფინგს, რომლითაც მან გიორგი მამალაძის დაკავება დაადასტურა, არაერთი საჯარო თანამდებობის პირი და პოლიტიკოსი გამოეხმაურა. პრემიერ– მინისტრის, პარლამენტის წევრების, მინისტრებისა და სხვა პირთა შეფასებით, ქვეყანა ტრაგედიას გადაურჩა.

პრემიერ–მინისტრისა და სხვა პირთა განცხადებები შეიცავდა მინიშნებას იმაზე, რომ მკვლელობის სავარაუდო ობიექტს პატრიარქი წარმოადგენდა. კერძოდ, განცხადებებში მითითებული იყო, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და პატრიარქს სახელმწიფო იცავდა. მაღალი რანგის სასულიერო პირზე მინიშნებას შეიცავდა პროკურატურის განცხადებაც.

გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 11 თებერვალს გიორგი მამალაძეს უკვე გადაცემული ჰქონდა ბრალდების შესახებ დადგენილება, სადაც დანაშაულის ობიექტად შორენა თეთრუაშვილი იყო მითითებული. პროკურატურისა და თანამდებობის პირების მიერ ხელოვნური ბუნდოვანების შექმნამ საქმეს დამატებითი ზიანი მიაყენა.

სახალხო დამცველი აღნიშნულ ფაქტს საჯარო განცხადებით გამოეხმაურა. გამოძიების პროცესში მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები ასევე აღინიშნა საპარლამენტო ანგარიშში. სამწუხაროდ, ამ ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, პროკურორებმა გააკრიტიკეს საქმეში სახალხო დამცველის ჩართვის ფაქტი და სახალხო დამცველის განცხადებებს „წინასწარი და არაობიექტური“ უწოდეს. საბოლოო ჯამში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირთა განცხადებებმა, საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების ნაწილის გასაჯაროებასთან ერთად,  გამოძიების საწყის ეტაპზევე ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შექმნას შეუწყვეს ხელი. ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის ფორმირებას ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირების

შეფასებებმაც. მაგალითად, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი მამალაძის დამნაშავეობაში ოდნავი ეჭვიც არ ეპარებოდა. მოგვიანებით, გიორგი მამალაძე დანაშაულის ჩადენაში პირდაპირ დაადანაშაულა საპატრიარქოს იურისტმაც.

მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებული დარღვევები

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ’’ ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეფასების ფარგლები შეზღუდულია. იგი არ არის უფლებამოსილი დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, ან/და იმსჯელოს პირის დამნაშავეობის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს.

წინამდებარე თავში განხილული იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საპროცესო– სამართლებრივი საკითხები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაზე.

აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვება

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნა. რაკი გიორგი მამალაძეს ბრალი მკვლელობის მომზადებაში ედებოდა, აუცილებელია, რომ მას არა მხოლოდ განზრახული ჰქონოდა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება, არამედ ასევე მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა ქმედების შემადგენლობის სხვადასხვა ელემენტები, როგორიცაა ადგილი, ხერხი და სხვა.

შესაბამისად, სასამართლოში პროკურატურას გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დაემტკიცებინა, რომ გიორგი მამალაძემ არა მხოლოდ განიზრახა დანაშაულის ჩადენა – შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა, არამედ მისი აღსრულებისთვის საჭირო მოქმედებები განახორციელა.

მოცემულ საქმეში სახელმწიფო ბრალდებამ ვერ შეძლო დაედგინა, თუ სად, ვისგან და რა პირობებში შეიძინა ნატრიუმის ციანიდი გიორგი მამალაძემ. ციანიდის შეძენის ერთადერთ დამადასტურებელ გარემოებას ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ ნივთიერება ბრალდებულის ბარგიდან ამოიღეს. შესაბამისად, ბრალდებულის ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი იყო გარკვეულიყო, ეკუთვნოდა თუ არა ციანიდი მამალაძეს.

დაკავების შემდგომ, მთელი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის განმავლობაში, ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ბარგიდან ამოღებული ციანიდი მას არ ეკუთვნოდა და „ჩაუდეს“. სწორედ ამ მიზნით, დაცვის მხარე 17 თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდში რამდენჯერმე შეეცადა მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან მიღებული უარის შემდგომ ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, ამოღებულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა და გარე პერიმეტრების ვიდეოთვალის ჩანაწერები 10 თებერვლის დილის 5 საათიდან 10 საათამდე დროის მონაკვეთში. შუამდგომლობის მიხედვით, აღნიშნული კადრები ბრალდებულის დაკავების პროცესს ასახავდა და ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებდა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო და შემდგომში, სააპელაციო სასამართლოებმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. თუმცა, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის მიზეზები ბუნდოვანია, არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება კანონითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს.

პირველი ინსტანციის მოსამართლემ განჩინებაში უარის საფუძვლად მიუთითა, რომ „სასამართლოს არ მოეპოვება არანაირი მონაცემი, რომ შუამდგომლობაში მითითებული ჩანაწერი ინახება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“, თუმცა დეკანოზის აეროპორტში დაკავება უდავო გარემოებას წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ სასამართლომ ამავე საქმეში დააკმაყოფილა პროკურატურის არაერთი ანალოგიური შუამდგომლობა (მაგ. რესტორანი „მეფეთუბნიდან“ ვიდეოჩანაწერის ამოღების შესახებ), რითაც მხარეები აშკარად არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 28 მარტის განჩინებით შეცვალა პირველი ინსტანციის მოსამართლის მსჯელობა, თუმცა შუამდგომლობა არც მან დააკმაყოფილა. მოსამართლემ მიუთითა, რომ „საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა (…) მომწამვლელი ნივთიერების ბრალდებულთან ან მის ბარგში აღმოჩენა, ვინაიდან მასზე პირდაპირაა მიბმული დანაშაულის შემადგენლობა“, თუმცა ჩათვალა, რომ „ბარგის ამოღება არ არის იმდენად საინტერესო პროცესი, რომ საფრთხის ქვეშ იყოს დაყენებული მესამე პირების პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება“.

ამრიგად, მოსამართლემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძის ბარგში ციანიდის არსებობა საკვანძო საკითხს წარმოადგენდა, თუმცა დაცვის მხარეს უარი უთხრა ბარგის ამოღების ამსახველი ჩანაწერების მოპოვებაზე, მესამე პირთა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით. აღნიშნული მსჯელობა პრობლემატურია არაერთი მიზეზის გამო.

უპირველეს ყოვლისა, მართალია, პერსონალური ინფორმაციის დაცვა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, მაგრამ იგი არ არის აბსოლუტური უფლება და ავტომატურად არ გადაწონის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. განჩინებიდან საერთოდ არ იკვეთება, რომ მოსამართლემ ერთმანეთს შეუპირისპირა პერსონალური მონაცემების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს კოლიზიური უფლებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება ერთ–ერთის სასარგებლოდ.

ამასთან, აბსოლუტურად მიუღებელია პერსონალური მონაცემების მოშველიება იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის განხილვისას პროცესი მთლიანად დახურული იყო, ბრალდებულსა და მის ადვოკატებს კი გაუთქმელობის ვალდებულება ჰქონდათ დაკისრებული, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავდა მესამე პირთა მონაცემების გასაჯაროებას.

აღსანიშნავია, რომ საპროცესო კანონმდებლობა განჩინების დამატებითი გასაჩივრების, ან შუამდგომლობის ხელახლა წარდგენის მექანიზმს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარედგინა მტკიცებულება, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან ფაქტს უარყოფდა ან დაადასტურებდა. ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობის გამო სასამართლოს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობა მოუწია იმის გასარკვევად, დაირღვა თუ არა ბრალდებულის უფლებები დაკავებისას, რა ვითარებაში მოხდა მისი ბარგის ამოღება, გახსნეს თუ არა ბარგი ადგილზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ბარგში ციანიდი და ა.შ.

ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებაზე არ იზრუნა პროკურატურამაც. ბრალდების მხარეს არ გამოუთხოვია აღნიშნული ჩანაწერები და არც თვითონ უწარმოებია დაკავების ან ბარგის ამოღების ვიდეოგადაღება. იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურამ მის მიერ ჩატარებული არაერთი საპროცესო მოქმედება გადაიღო, რთული სათქმელია, თუ რატომ არ იქნა მიღებული რაიმე ზომა ყველაზე მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედების დოკუმენტურად აღბეჭდვისთვის.

ვიდეოჩანაწერების მოპოვებაზე სასამართლოთა დაუსაბუთებელი უარისა და პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ნების არარსებობის გამო, საქმეში არ აღმოჩნდა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიერ ციანიდის ქონის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა.

განაჩენის დასაბუთებულობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 სექტემბრის გამამტყუნებელ განაჩენში გიორგი მამალაძის ბრალდების დასაბუთებას 20 გვერდი ეთმობა. მოსამართლემ მიმოიხილა საქმეში არსებული საკვანძო საკითხები და შინაგანი რწმენის საფუძველზე გაიზიარა ის მტკიცებულებები, რომლებიც უფრო სარწმუნოდ მიიჩნია. აღნიშნული მოსამართლის ექსკლუზიური კომპეტენციაა და არავინაა უფლებამოსილი უკარნახოს მას, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებების არსებობისას.

აღნიშნულ უფლებამოსილებასთან ერთად, მოსამართლეს გააჩნია ვალდებულება, სათანადოდ დაასაბუთოს დანაშაულის შემადგენელი თითოეული ელემენტის არსებობა, თუმცა, განაჩენში არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსამართლის მსჯელობა აგებულია მხოლოდ დაცვის მხარის ვერსიის უარყოფაზე.

In dubio pro reo პრინციპის მიხედვით, რომელიც კონსტიტუციურ სტანდარტს წარმოადგენს, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება, იგი იტყუება, ან დუმილის უფლებას იყენებს, ეს არ შეიძლება გახდეს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოსამართლემ უპირველესად ბრალდების მიერ წარმოდგენილი ვერსია უნდა შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ პირისთვის წარდგენილი ბრალდების თითოეული მონაკვეთი სათანადო მტკიცებულებებითაა გამყარებული.

იმ ფორმულით ხელმძღვანელობა, რომ თუკი ბრალდებულის ვერსია არასარწმუნოა, მაშინ ბრალდების ვერსია სიმართლეს შეესაბამება, რეალურად მტკიცების ტვირთის ცვლილებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ბრალდებულს ევალება, წარმოადგინოს მომხდარი მოვლენების დამაჯერებელი ახსნა, რათა არ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. უდანაშაულობის მტკიცების ტვირთის ბრალდებულისთვის დაკისრება არაკონსტიტუციურ პრაქტიკას წარმოადგენს. წინამდებარე საქმეში მოსამართლემ აღნიშნული ფორმულით იხელმძღვანელა.

მოსამართლემ ყურადღების გარეშე დატოვა ის საკითხი, თუ ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი. თავდაპირველად, მან მიუთითა გიორგი მამალაძის მცდელობებზე, მოეძიებინა თანხა გერმანიაში წასვლის წინ,40 შემდეგ კი აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, უცნობია ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობა, რომლითაც მკვლელობა იქნა ჩადენილი.

დამთავრებული დანაშაულის (მაგ. მკვლელობის) დროს იარაღის მოპოვების საკითხი ნაკლებად რელევანტურია და ბრალდებას ევალება მხოლოდ იმის დადგენა, რომ პირმა შესაბამისი იარაღით გაისროლა. საპირისპიროდ, დანაშაულის მომზადებისას იარაღის მოპოვება უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამით იწყება დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნა, ანუ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ქმედება.

მოსამართლეს არ შეუფასებია არც ის, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ წინასწარ იცოდა პირის სავარაუდო განზრახვის შესახებ და მის მიმართ ფარულ მიყურადებას აწარმოებდა.

შესაბამისად, არსებობდა მომეტებული ვალდებულება, დადგენილიყო, თუ რა ვითარებაში და ვისგან შეიძინა ბრალდებულმა მომწამვლელი ნივთიერება, ან რატომ არ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა.

განაჩენში არ გვხვდება დასაბუთება, თუ რატომ იყო გამორიცხული გონივრული ეჭვი, რომ გიორგი მამალაძეს, თუკი მკვლელობის განზრახვა საერთოდ ამოძრავებდა, სურდა მაინცდამაინც შორენა თეთრუაშვილის, და არა სხვა სასულიერო პირის (მაგ. დ.ჭ.–ს) მკვლელობა, რომლის თანამდებობის დაკავებაზეც იგი პირდაპირ საუბრობს.

მოსამართლემ განაჩენში ასევე მიუთითა, რომ ამოღებულ ციანიდსა და ცეცხლსასროლ იარაღზე დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზების არჩატარება არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან დაცვის მხარეს შეეძლო თავად ჩაეტარებინა აღნიშნული ექსპერტიზები. ეს მსჯელობა ფორმალურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ექსპერტ ლ.ბ.–ს ჩვენებას. ექსპერტის განმარტებით, ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება გულისხმობს ნივთის ზედაპირისა და მისი ყველა დეტალის სპეციალური ხსნარით დამუშავებას, რაც გამოიწვევდა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური კვალის წაშლას.

შესაბამისად, პროკურატურის მოქმედებამ, ჩაატარა რა ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა, გამოიწვია დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების – გენეტიკური და დაქტილოსკოპიური კვალის – განადგურება. რაკი დაცვის მხარეს აღნიშნული ექსპერტიზების ჩატარება აღარ შეეძლო, უნდა გარკვეულიყო, თუ რა მიზეზით გახდა ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზის დაუყოვნებლივ ჩატარება აუცილებელი. სასამართლოში ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი განმარტება არ წარმოდგენილა.

რეაგირება სავარაუდო დანაშაულებზე

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პროცესის მონაწილეებმა არაერთი სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ განაცხადეს, რაზეც პროკურატურას შერჩევითი რეაგირება ჰქონდა.

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმის მიმართ სავარაუდო ზეწოლაზე პროცესის მიმდინარეობისას ორი სხვადასხვა გამოძიება დაიწყო. თავდაპირველი გამოძიება შეეხებოდა მუქარის შემცველ სატელეფონო ზარს, ხოლო მეორე – ირაკლი ფირცხალავას მიერ მოწმეზე სავარაუდოდ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. შესაბამისად, მოცემული მოწმის განცხადების საპასუხოდ პროკურატურამ საკუთარი ვალდებულება შეასრულა.

თუმცა, პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია ირაკლი ფირცხალავას მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც ბრალდების მოწმეს არაერთ სხვადასხვა დანაშაულში სდებდა ბრალს და ასახელებდა კონკრეტულ შემთხვევებს, სადაც იგი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, ან მოწმეთა დაკითხვა არ მოუთხოვია არც დაცვის მხარეს. თუმცა, თუკი დაცვის მხარის მიერ აღნიშნული საკითხის დაყენება მისი საპროცესო–სამართლებრივი უფლებაა, პროკურორის შემთხვევაში დამატებითი მოქმედებების განხორციელება და გამოძიების დაწყება ვალდებულებას წარმოადგენს. ირაკლი ფირცხალავას ჩვენების უგულებელყოფა არ შეიძლება მომხდარიყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საიდუმლო დოკუმენტაციით, რადგან მოწმემ სასამართლოში მიუთითა არაერთ შემთხვევაზე, როდესაც აღნიშნული დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო.

არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ პროკურატურის მხრიდან რეაგირება მოჰყვა მოწმეთა მიერ დასახელებულ კორუფციულ სქემებს, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო საბიუჯეტო თანხის განკარგვასაც შეეხებოდა. გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა ასევე ერთ–ერთი სასულიერო პირის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად.

პროცესის მონაწილე არცერთ მხარეს მოწმედ არ გამოუძახებია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე. მაშინ როცა, სასამართლო პროცესზე ორი მოწმის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, მან გიორგი მამალაძის ბარგში აღმოჩენილი ციანიდის შესახებ იცოდა 10 თებერვლის დილის საათებში, იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულის ბარგის ჩხრეკა რამდენიმე საათის შემდეგ განხორციელდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი ფირცხალავამ დაკითხვის დაწყებამდე ვრცლად ისაუბრა ზეწოლაზე, რომელსაც მის მიმართ ჰქონდა ადგილი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში. მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ჩვენების მიცემის შემდგომ განხორციელებულიყო პროვოკაცია მისი ოჯახის წევრების მიმართ.

დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ არაერთ დარღვევას აქვს ადგილი, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

უპირველეს ყოვლისა, პროკურატურისა და თანამდებობისა პირების მიერ ხელოვნური ბუნდოვანების შექმნამ დანაშაულის ობიექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, ხოლო, ამ და სხვა საჯარო პირთა განცხადებების შინაარსმა, გამოძიების პირველივე ეტაპზე ბრალდებულის დამნაშავეობაზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას შეუწყო ხელი, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.

იმის მიუხედავად, რომ მოსამართლემ შეძლო, უშუალოდ სხდომების მიმდინარეობა არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარემართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება.

დაუსაბუთებელი იყო ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება. საქმის მასალების შესწავლისა და პროცესის სრულად მონიტორინგის შემდგომ დადასტურდა, რომ არ არსებობდა „რადიკალური სამართლებრივი საშუალების“ გამოყენების აუცილებლობა. დაცვის მხარისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით, ბრალდების მხარის მიერ საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გიორგი მამალაძეს დამნაშავედ წარმოაჩენდა.

ცალკე პრობლემას წარმოადგენს სსსკ 104–ე მუხლის ფორმულირება, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულების საზღვრებს განუზომლად აფართოებს. აღნიშნული ნორმის ფართო ინტერპრეტაციის პირობებში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მხარეთა თანასწორობას, არამედ მთლიანად პროცესის შეჯიბრებით ბუნებას. მასალის გასაჯაროებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება კი მიუთითებს, რომ ამ ნორმის მოქმედებას პროკურატურა უვადოდ განსაზღვრავს, რაც ასევე არაკონსტიტუციურ განმარტებას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ აუცილებელი იყო საზოგადოებრივი კონტროლი. მიუხედავად საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესისა, მოსამართლემ სასამართლო სხდომები დახურა, არსებითად, საპროცესო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი – „საზოგადოების დიდი ნაწილის“ რელიგიური გრძნობების მორალური ზიანისგან დასაცავად. საქმის სხდომის სრულად დახურვა მოცემულ შემთხვევაში არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენდა და მსგავსი რადიკალური ზომის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. სხდომის სრულად დახურვის შედეგად დაზიანდა ბრალდებულის უფლება, მისი საქმე განხილულიყო საჯარო სხდომაზე. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე თავისუფლად განიხილავდა საქმის მიმდინარეობის ყველა ასპექტს და ყველასთვის ცნობილი იყო მოწმეების შესახებ ინფორმაცია, სხდომის სრულად დახურვა აზრს იყო მოკლებული.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების უარი, მოეპოვებინათ საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ნეიტრალური მტკიცებულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერების სახით, არ იყო დასაბუთებული. კითხვის ნიშნებს აჩენს, რატომ არ იზრუნა ამ მტკიცებულების მოპოვებაზე პროკურატურამ, როდესაც მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებებიც კი ვიდეოკამერით იყო გადაღებული. ამ ვიდეოჩანაწერების მოპოვება დიდი ალბათობით დაეხმარებოდა ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლებულიყო ეჭვი ციანიდის დეკანოზის ბარგში „ჩადებასთან“ დაკავშირებით.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის მიმართ. წინამდებარე დოკუმენტში არ განხილულა მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობის, მათი მტკიცებითი ძალისა და, ზოგადად, გიორგი მამალაძის ბრალეულობის საკითხი, რაც მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება.

მიუხედავად ამისა, გამამტყუნებელ განაჩენში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არაა განხილული, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი მის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.

სახალხო დამცველი გააგრძელებს ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პარალელურად კი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი