ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი: კაშია არის საამაყო ქართველი სპორტსმენი

31 ოქტომბერი, 2017 • 4105
ნიკოლოზ ბასილაშვილი: კაშია არის საამაყო ქართველი სპორტსმენი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს და არნემის “ვიტესის” კაპიტანს, გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს.

“ჩემი მხარდაჭერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს, გურამ კაშიას. ჩემთვის მიუღებელია მისდამი ასეთი დამოკიდებულება. კაშია არის ერთ-ერთი საუკეთესო და საამაყო ქართველი სპორტსმენი”,- წერს ბასილაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი