ახალი ამბები

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა – არა მხოლოდ პატიმრებისთვის

20 ივნისი, 2013 • 1948
C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა – არა მხოლოდ პატიმრებისთვის

როგორც სამინისტროების წარმომადგენლები აცხადებენ, თუკი C ჰეპატიტთან ბრძოლა სისტემურ ხასიათს მიიღებს და სახელმწიფო საჭირო მედიკამენტების დიდ ოდენობას მოითხოვს, მკურნალობის ფასი შესაძლოა 50%–მდე შემცირდეს.

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამული დოკუმენტი დღეს, 20 ივნისს, ავტორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, დარგის სპეციალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე, ჰეპატიტით დაავადებულებს გააცნეს.

 

შემუშავებული დოკუმენტი მოიცავს სასჯელაღსრულების სისტემაში როგორც დაავადების პრევენციას, ასევე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. საბოლოო ჯამში, პროგრამის განსახორციელებლად 6 მილიონამდე ლარია საჭირო.

პროგრამის დაწყების შემდეგ პატიმრებს ჰეპატიტის ნებაყოფლობით ტესტირებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა ექნებათ. სამინისტროს გათვლებით C და B ჰეპატიტზე სკრინინგი 10 000–მდე მსჯავრდებულს ჩაუტარდება, ამის შემდეგ პაციენტების დეტალური გამოკვლევა დაიწყება, რის შემდეგაც მკურნალობის სრულ კურსს ყველაზე მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულები გაივლიან.

დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის სრული კურსი წელიწადში 503 პაციენტს ჩაუტარდება.

C ჰეპატიტის სამკურნალოდ მსოფლიოში გამოიყენება როგორც ორმაგი, ასევე, სამმაგი თერაპია, თუმცა, სამმაგი თერაპიის სიძვირიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების სისტემაში ძირითადად ორმაგი თერაპიით მკურნალობა იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი სამმაგი კომპონენტით მკურნალობას საჭიროებს, სამინისტრო მას თანადაფინანსებას და მესამე კომპონენტის საკუთარი ხარჯებით შეძენას სთავაზობს.

დღეს გამართულ შეხვედრაზე პროგრამის სიკეთეებთან ერთად თანმდევი რისკებიც განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდა C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების წევრი, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, ის დაინტერესდა იმით, თუ სად განთავსდებიან მკურნალობის პერიოდში პატიმრები:

“მე თავად გავდივარ მკურნალობის კურსს და ვიცი, რამდენად რთული გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ პრეპარატით მკურნალობას. საინტერესოა, დარჩებიან თუ არა პაციენტები მკურნალობის პერიოდში საკნებში”, – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა. მის შეკითხვას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ციხის ტუბერკულოზის ცენტრის ნაწილმა პროფილი შეიცვალოს და იქ C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები განთავსდნენ:

“ამნისტიის შემდეგ შენობა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობდნენ, თითქმის დაცარიელდა, ჩვენ ვმსჯელობთ შენობის ნაწილისთვის პროფილის შეცვლაზე. ამბულატორიული განყოფილებაც შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდება ამ საკითხს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იმის გამო, რომ მსგავსი პროგრამა სამოქალაქო სექტორში ჯერ არ მოქმედებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უმკურნალებენ, თუკი მათი სასჯელის ვადა მინიმუმ 2 წელს შეადგენს. ეს ის დროა, რაც პაციენტების დიაგნოსტიკას და მკურნალობას სჭირდება.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, თუკი პაციენტი დაწესებულებას ამ დროზე ნაკლებ ხანში დატოვებს, ის მკურნალობას ვერ გააგრძელებს და ეს ვადა დოკუმენტში სწორედ ამიტომ ჩაიწერა. თუმცა ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი, რა ელით იმ პაციენტებს, ვინც მკურნალობის კურსის დაწყების შემდეგ ციხიდან ამნისტიის ან შეწყალების საშუალებით გამოვა:

“ეს ვადა დოკუმენტში ასევე იმის გამო ჩაიწერა, რომ თავი ავარიდოთ მოქალაქეების მხრიდან წვრილმანი ხულიგნობით ციხეში მოხვედრას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მკურნალობის კურსი უფასოდ გაიარონ”, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ პროგრამის განხორციელებით საქართველო თავის მართლების რეჟიმიდან გამოდის, რომელშიც წლების მანძილზე იმყოფებოდა:

“პროგრამა ათასობით მსჯავრდებულს დაიცავს ინფიცირებისგან და ასეულობითს უზრუნველყოფს მკურნალობით წლის განმავლობაში. დღემდე C ჰეპატიტი პატიმრებში სიკვდილობის გამომწვევ ერთ–ერთ მთავარ მიზეზად რჩება და ეს არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. ამ პროგრამის დაწყებით საქართველო გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ოთხი საქმე გვაქვს წაგებული ამ კუთხით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მისივე თქმით, ვილნიუსის კონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე საუბრისას რამდენიმე ქვეყანამ კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების სურვილი გამოთქვა და ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პრეპარატის შემომტან კომპანიებთან. მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეპარატის დიდი ოდენობით შეძენა მოხდება, მისი ფასი საგრძნობლად შემცირდება, რაც ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გააუმჯობესებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში აცხადებს, მედიკამენტის ფასის გათვალისწინებით C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანის მკურნალობა დღეისათვის 13 000 ლარიდან 27 000 ლარამდე ჯდება, თუმცა მოლაპარაკებების საფუძველზე სახელმწიფო მინიმუმ ფასის გამეოთხედებას ვარაუდობს და სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრამის განხორციელება სამოქალაქო საზოგადოებასაც დაეხმარება:

“ჩვენი მონაცემებით, სამოქალაქო სექტორში ამ დროისთვის მკურნალობას 47 500 პაციენტი საჭიროებს, მკურნალობის ხარჯები დღევანდელი გათვლებით 98 მილიონ ლარს შეადგენს. ეს საკმაოდ დიდი რესურსია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია თუნდაც ეტაპობრივად დაიწყოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორში მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დოკუმენტი შემუშავების პროცესშია და ამ წლის აგვისტოში უკვე მზად იქნება.

დღევანდელ პრეზენტაციაზე, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ნიუ იორკის ოფისის წარმომადგენელმა, აზი მომენმა, რომელიც ძირითადი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობს, მსოფლიოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ფასზე ისაუბრა:

“სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ფასი ძალიან მაღალია, ზოგადად კი, ერთი და იგივე პრეპარატის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში მკვეთრად განსხვავებულია. სამკურნალო პრეპარატები ყველაზე იაფია ეგვიპტეში, სადაც ერთი ამპულის ღირებულება 41 აშშ დოლარს შეადგენს. ეგვიპტეში პრეპარატზე ფასის კლება სახელმწიფო პოლიტიკამ გამოიწვია, რადგან იქ მოსახლეობის 15% დაავადებულია და ისინი მასობრივად საჭიროებდნენ მკურნალობას, საქართველოშიც შეიძლება მოხდეს მსგავსი ცვლილება, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება არსებობს, რაც მისასალმებელია”, – აღნიშნა აზი მომენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში 150 მილიონი ადამიანი ჰეპატიტითაა დაავადებული, ყოველწლიურად ამ დაავადების გამო 350 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში 2002 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად პრელევანტობა 6.7%–ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი რისკის მაჩვენებელად ითვლება.

სასჯელაღსრულების სისტემაში დაავადებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო კვლევების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით აქ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია. ციხეში გარდაცვლილი ადამიანების 18%–ის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი სწორედ ჰეპატიტით გამოწვეული დაავადებებითაა განპირობებული.

C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობა აქამდე არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო პაკეტებში გათვალისწინებული არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი