ახალი ამბები

განსხვავებული მოსაზრებები წამების ამსახველი ვიდეომასალების გასაჯაროებაზე

20 ივნისი, 2013 • 978
განსხვავებული მოსაზრებები წამების ამსახველი ვიდეომასალების გასაჯაროებაზე

წამების ამსახველი მასალების ჩვენება ჟურნალისტებისა და არასამთავრობოებისთვის შსს-ში
წამების ამსახველი მასალების ჩვენება ჟურნალისტებისა და არასამთავრობოებისთვის შსს-ში

ადამიანების ერთი ნაწილი კადრების კიდევ უფრო მეტ გასაჯაროებას საზოგადოებისთვის წინა ხელისუფლების სისასტიკის დამკიცების მოტივით იზიარებს. გასაჯაროების მოწინააღმდეგეები საზოგადეობის ნერვულ მდგომარეობას უფრთხილდებიან. მხოლოდ მცირე ნაწილი იხსენებს კადრებზე ასახულ მსხვერპლ ადამიანებს და მიაჩნიათ, რომ ამ კადრების ჩვენება საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ასეთი ტიპის ჩვენება მსხვერპლებზე უარყოფით ფსიქიკურ ზეგავლენას მოახდენს და მათ უფლებებს არღვევს.

 

შეხვედრის შემდეგ ნეტგაზეთი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 

“მე ვერ გავიგე, ჩვენება რა მიზანს ემსახურებოდა. მე დღეს მოვედი აქ იმიტომ, რომ დისკუსია ყოფილიყო იმის შესახებ, თუ ამ ვიდეომასალებს რა ბედი უნდა ეწიოთ. როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება. ზოგადად დაძაბული ტემპერატურა იყო. დაძაბული ტემპერატურა იყო ერთ–ერთი ახსნა იმისა, რომ ამ კადრების ჩვენება არ იყო სწორი გადაწყვეტილება,”– ამბობს კახა კოჟორიძე, საიას აღმასრულებელი დირექტორი, რომლის წინადადებას, არ ეჩვენებინათ კადრები, მისი თქმით, ხმაური მოჰყვა. კოჟორიძემ შეხვედრა დატოვა.

 

ეკა გიგაურს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გასული წლების განმავლობაში მასობრივად ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა და კიდევ დამატებითი მტკიცებულების ნახვა მისთვის სულაც არ იყო მნიშვნელოვანი. ამიტომაც არ დაეწრო კადრების ჩვენებას:

 

“შეხვედრის მიზანი, როგორც აღმოჩნდა, იყო ის, რომ ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის ენახებინათ ეს კადრები. უფრო მნიშვნელოვანი იყო, კონკრეტული ინფორმაცია მიგვეღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ეს უფრო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ დამტკიცდეს მასშტაბურობა ამ დანაშაულისა.”

 

შეხვედრა დატოვა ნინო ლომჯარიამაც, “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა. ლომჯარიას შს მინისტრთან შეკითხვები ჰქონდა:

 

“მაინტერესებს, რა ეტაპზეა გამოძიება, მიმდინარეობს თუ გრძელდება, ვინ არიან დამნაშავე პირები, მაინტერესებს მსხვერპლის მდგომარეობა, მიმდინარეობს თუ არა მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ყველანაირი გარემოება ამ საქმის გარშემო. ასეთი მასალა, რომელიც ასახავს ადამიანების პერსონალურ, ძალიან მგრძნობიარე ინფორმაციას, უნდა იყოს დახურული და მხოლოდ დახურულ სასამართლო პროცესზე უნდა ხდებოდეს მისი განხილვა. არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბს, მილიონი ნახულობს თუ ასი ადამიანი.”

 

ნინო ლომჯარიას ამ შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. განრიგის მიხედვით, ჯერ კადრების ჩვენება უნდა მომხდარიყო, შემდეგ კი დისკუსიის მოწყობა. ლომჯარიას კადრების ნახვის სურვილი არ ჰქონდა.

 

ნინო ლომჯარიასგან განსხვავებით, შეხვედრას დაესწრო თამარ გაბისონია, “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მისი განმარტებით, მას აინტერესებდა, იყო თუ არა დაცული კადრებზე გამოსახული ადამიანების ანონიმურობა, სწორედ ამის გამო ნახა კადრები.

 

გაბისონიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვიერად განმარტა, რომ აღნიშნული კადრები სამეგრელოში იყო მოპოვებული.

 

“საზოგადოებამ რომ ნახოს ეს კადრები, იქნება შეცდომა. მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადი არის თუ არ არის, მაინც არ უნდა მოხდეს ამ კადრების ჩვენება. მინისტრის პოზიცია არის, რომ ეს არ იქნება ფართო მასებისთვის ცნობილი.”

 

თამარ გაბისონიას თქმით: “საუბარია არა იმდენად საჭიროებაზე, რამდენადაც საზოგადოების ინფორმირებაზე, რომ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე.”

 

“მე-9 არხის” დირექტორი ლუბა ელიაშვილი, ვინც ბოლომდე დაესწრო შეხვედრას და კარდებიც ნახა, ამბობს, რომ ნანახ ინფორმაციას გაავრცელებს.  მას მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა დანაშაულობებს ჩადიოდა წინა ხელისუფლება. 

 

“ყველა, ვინც აქ იყო, ამ ინფორმაციას გაავრცელებს. ჩვენ მედია ვართ და ჩვენი უფლებაა გავავრცელოთ ინფორმაცია. შსს–ს გადასაწყვეტია, გვექნება თუ არა ვიდეოინფორმაცია ხელმისაწვდომი. მაგრამ რასთანაც მაქვს მე ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის სახით, მე აუცილებლად გავავრცელებ.”

 

“ჩვენი ქართული საზოგადოება არ არის უმწიფარი ბავშვი, რომ სიმართლე დაუმალო. უნდა იცოდნენ, რა ხდებოდა. კადრები, რომელსაც ქმნიდა ყოფილი ხელისუფლება თითეული ჩვენგანის ცხოვრებაზე, არ შეიძლება რომ განადგურდეს იმიტომ, რომ ეს არის სამხილი მათი სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ.”

 

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნებული “ციხის კადრების” ნახვის შემდეგ, რატომ უნდა იყოს დაუჯერებელი და გასაკვირი ის, რომ ასეთი დანაშაულობები ხდებოდა, გვიპასუხა:

 

“ეს არ არის ციხის კადრები. ამაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ. იმ ადამიანებს [მოძალადეებს] სახეები აქვთ განსხვავებით ციხის კადრებისგან.”

 

შეკითხვაზე – დაირვევა თუ არა იმ ადამიანების უფლებები და მიიღებენ ისინი თუ არა ფსიქიკურ ტრავმას, გვიპასუხა:

 

“გუშინ სამმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ “მე ვარ მსხვერპლი და ძალიან გთხოვთ მალაპარაკეთ, მე მინდა მოვყვე, რა დამემართა. არის საკმარისი?”

 

შეკითხვაზე, რამდენიმე ადამიანის თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ამის სურვილი ექნება, პასუხად მივიღეთ, რომ:

 

“ის, რაც ვნახეთ, მე რამდენადაც ვიცი, ამაზე თანხმობა არის.”

 

წამების ამსახველი მასალების ჩვენება ჟურნალისტებისა და არასამთავრობოებისთვის შსს-ში
წამების ამსახველი მასალების ჩვენება ჟურნალისტებისა და არასამთავრობოებისთვის შსს-ში

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ლუბა ელიაშვილის მოსაზრებას იზიარებს, მხოლოდ მიაჩნია, რომ ფრანგმენტებად უნდა გაასაჯაროონ აღნიშნული კადრები:

 

“ეს არის შემზარავი კადრები, სადიზმი, ყველაფერმა ამან უნდა მოიყაროს თავი იმისათვის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ვამხილოთ წინა ხელისუფლება.”

 

“მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე უნდა იყოს საუბარი და ფრაგმენტების ჩვენება არის შესაძლებელი, მაგრამ მთლიანი მასალის ჩვენება არ არის საჭირო.”

 

“საჭიროა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს თვლის ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად. ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ მერაბიშვილი არის დამკვეთი მთელი ამ ორგანიზებული დანაშაულის. ამისთვის არის საჭირო, რომ ნახოთ ეს კადრები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი