ახალი ამბებიკომენტარი

ჩემი არაოფიციალური შინაპატიმრობა ახალგორში

27 ოქტომბერი, 2017 • 11485
ჩემი არაოფიციალური შინაპატიმრობა ახალგორში

თავდაპირველად დაიბეჭდა ჟურნალ “ბათუმელების” სექტემბრის ნომერში.

დაკავება

2017 წლის 16 აგვისტოს თბილისიდან ახალგორში დავბრუნდი. თბილისში ჩემი ცხინვალელი მეგობრების თხოვნით წავედი. ერთმა შვილიშვილისთვის წამლის ყიდვა მთხოვა, მეორემყოფილი სამსახურის არქივიდან ამონაწერი. თბილისში საჭირო თანხა არ აღმომაჩნდა და ლომბარდში ოქროს ნივთები მივიტანე. ახალგორში სახლთან მისულს ადგილობრივი პროკურატურის გამომძიებელი ალან ბიაზროვი წამომეწია, რომელმაც „დაუყოვნებლივ მასთან გაყოლა“ მომთხოვა. ჩემს არაერთგზის კითხვაზერის საფუძველზე? მისი პასუხი იყო, რომ ამას შემდეგ შევიტყობდი. იმ მომენტში ერთადერთი, რაც შევძელი, „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს დავუკავშირდი და საქმის კურსში ჩავაყენე. სხვათა შორის, იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც მან ჩემი თანხმობით გაავრცელა, ისმის ამავე გამომძიებლის ხმა, რომ „სანქციის გარეშე“ მაკავებს.

რადგან ჟურნალისტს ვთხოვე გაევრცელებინა ჩემი დაკავების ამბავი, გამომძიებელს მილიციაში გავყევი. ყველაფერი, რაც თან მქონდა, მათ შორის პირადი ნივთები, თან წამაღებინეს. ჩამომართვეს ყველაფერი – ტუჩსაცხი, ლომბარდთან ხელშეკრულება, წამლები, არქივიდან ამონაწერი და დარჩენილი თანხა. პასპორტიც იმ მიზეზით, რომ ეს ნივთები შესაძლოა კავშირში ყოფილიყო ბრალდებასთან, რის გამოც დამაკავესცილისწამება მმართველი პარტიის – „ერთიანი ოსეთის“ მიმართ.

მილიციის სამორიგეოში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მორიგე მილიციელებთან ერთად სერიალ Первый день, Первая ночь (პირველი დღე, პირველი ღამე) ვუყურებდი. მილიციის თანამშრომლები სერიალს ინტერესით უყურებდნენ. მეც მივაჩერდი ეკრანს, რადგან ტელევიზორი ქუჩაში გამავალ ფანჯარასთან იდგა და კარგად ჩანდა, რა ხდებოდა გარეთ პროკურატურა, მილიცია და ადგილობრივ მცხოვრებლები (როგორც აღმოჩნდა, მოწმეები ყოფილან) უჩვეულოდ მოძრაობდნენ.

მილიციის განყოფილებაში რამდენიმე საათით გამაჩერეს, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ პირადი ჩხრეკა ზუსტად ორი საათი გრძელდებოდა. ეს ყველაფერი ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაშინებას, მდგომარეობიდან გამოყვანას ემსახურებოდა. დამცინოდნენ, მიყვიროდნენ. მე კი მთელი ის დრო, რაც მილიციაში ვიყავი, მხოლოდ იმას ვიმეორებდი მომიყვანეთ თარჯიმანი, გამაცანით ჩემი უფლებები, მომეცით უფლება დავუკავშირდე ადვოკატსგაჩხრიკეს ბინაც, საკმაოდ უხეშად მოგვმართავდნენ. არ ვიცი რა წაიღეს, რადგან ჩემი შვილი შეუძლოდ გახდა და ექიმების გამოძახება გახდა საჭირო. შიგადაშიგ ჩემი მისამართით მესმოდა, რომ არც კი ვიცოდი, წინ რა მელოდა. საშინელი დღე იყო, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყაჩაღური დამოკიდებულება და სრული უსუსურობის განცდა.

ეს ბრალდება, დაკავებაც, ჩხრეკაც მსუბუქად რომ შევაფასო, დიდი გაუგებრობაა და ვის რაში დასჭირდა, ვერ ამიხსნია. თუმცა, დრო კარგად იყო შერჩეულიპრეზიდენტი და პროკურორი (იგულისხმება დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერებირედაქციის შენიშვნა) შვებულებაში იყვნენ – „მათ არაფერი იცოდნენ“.

წლებია ასე ვცხოვრობ, სულ ჭკუას მარიგებდა ხელისუფლება, მათი წარმომადგენლები – „მაინც ვერაფერს შეცვლი და იყავი შენთვის მშვიდად“. ეს ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებაა აზრის თავისუფლად გამოხატვასთან დაკავშირებით. მათ არ მოეწონათ ჩემი რამდენიმე სტატუსი „ფეისბუქზე“

წინა წლებშიც მაკვირდებოდნენ. ბოლოს მოთმინების ფიალა აევსოთ.

სახლში

მეორე დღეს ტელევიზორი ჩავრთე. ყველა ტელევიზიის მთავარი თემა ჩემით იწყებოდა ცალკეული პირების, ორგანიზაციების მხარდამჭერი განცხადებებით. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.

ფეისბუქზე ჩემთან დაკავშირებულ სტატიებზე კომენტარები – არც დადებითი, არც უარყოფითი, გულდასმით არ წამიკითხავს. ორივესი მეშინოდა, მაგრამ მომწონდა, რომ განიხილავდნენ. ოსური აუდიტორიის ნაწილი ფიქრობდა, რომ ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენელი ვარ, ქართული კი გმირი. ამ წლებში, ომის შემდეგ, პირველად ვნახე, რომ პროკურატურას ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაქცია ჰქონდა.

შემოდიოდა უამრავი ზარი და შეტყობინება, ძირითადად, მამხნევებდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ. თუმცა იყო რამდენიმე იმედგაცრუებაც – ადამიანები, მეგობრები გაქრნენ. ადგნენ და წავიდნენ.

მე პროკურატურაში წავედი, არც კი ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ წინა საღამოს ჩხრეკის დამთავრების შემდეგ გამომძიებლებმა დამიბარეს. ჩვენი ურთიერთობა ვერც ამ დღეს შედგა გამომძიებლები მიყვიროდნენ და მახსენებდნენ იმ გახმაურებულ საქმეებს, რომლებიც ჩვენს რაიონში მოხდა (დავით ბაშარაულის გარდაცვალება საეჭვო ვითარებაში, სავარაუდო გაუპატიურება, კორუფციის ფაქტები ყველაფერი ის, რაზეც პერიოდულად მედიასთან ვსაუბრობდი). ჩემი დაკვირვებით ისინი არ იყვნენ მშვიდად. ვფიქრობ, წინა ღამით მეტი ჰქონდათ ჩაფიქრებული და ხელი შეეშალათ. ყვიროდნენ, რომ დამიჭერდნენ და ამითმეც დავისვენებდი და რაიონიც“. სიმშვიდე შევინარჩუნე, ვიცოდი, ჩემი პროვოცირება უნდოდათ. ადვოკატის დანიშვნასაც შეეცადნენ  – „რადგან ადვოკატთან ერთად არ მივედი“.

თამარ მეარაყიშვილი; ფოტო: ნეტგაზეთი

ადვოკატი

სახაზინო ადვოკატის დანიშვნა ხელისუფლებისგან მართული პროცესი იყო, ამიტომ დაცვა ჩრდილოეთ ოსეთში მოვძებნე. ეს რთული აღმოჩნდა, რადგან ყველა ადვოკატს სამხრეთ ოსეთში მუშაობის ლიცენზია არ ჰქონია. ჩემს ადვოკატზე, იკრამჟან რამატოვზე, ცხინვალში ბევრი სმენიათ, მისი სახელი რეზონანსულ საქმეებს უკავშირდება. ის ყოფილი სამხედრო პროკურორია

აქ, ახალგორში, ადვოკატს და სასამართლოს ხშირად არ მიმართავენ, პატარა საზოგადოებაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და საქმეები ნაცნობობით, მეგობრობით დამაღარიჩით“ კეთდება. მეც კი შემომთავაზეს – „ტოლიკას“ (ანატოლი ბიბილოვი) სკოლაში ვასწავლიდი, პატივს მცემს, გინდა მივიდე და დაველაპარაკო შენზე? ასეთები უარით გავისტუმრე

ჩემი ადვოკატი პროკურატურისთვის შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდა: მესამე კვირაა სახლში ვზივარ, თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული მაქვსდოკუმენტები ჩამომართვეს. შესაბამისად, შეუძლებელია ჩავიდე თბილისში, ან თუნდაც ცხინვალში.

პატიმრობა სახლში

ახლა მთელ დღეებს ბინაში ვატარებ ვალაგებ, ხელსაქმით ვარ დაკავებული, ყვავილებს, კატებს ვუვლი და ფანჯრიდან ვიხედები. ფანჯარა დაბის ცენტრს გაჰყურებს. სამუშაო დღეებში მოძრაობს ხალხი მაღაზიებში, სამსახურებშიშაბათი და კვირა კი მკვდარია, თითქმის არავინაა. ისინი ან წეროვანში, ან ცხინვალში არიან. იქ სამუშაოდ დადიან.

უკვე ოთხი კვირა გავიდადღემდე ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს შორის ყველაზე მშვიდად მაინც (გარეგნულად) მე გამოვიყურები. დაბაშიც კი არ გავდივარ – ასე ვაპირებ საქმის დასრულებამდე.

ერთ დღეს დედა მოვიდა ჩემთან, აბაზანაში ვიყავი და კარი მაშინვე ვერ გავუღე. რა არ ვიფიქრეო, დაიწყო ტირილი. პირველად შემრცხვა, რომ დედა ამ მდგომარეობამდე მივიყვანე, შემდეგი ორი დღეც ცუდად იყო, გული აწუხებდა, ნერვიულობდა.

ბრწყინვალე აზრი მომივიდა თავში გადავწყვიტე თავისუფალი დრო, არაოფიციალური შინაპატიმრობა გამოვიყენო, ქსოვით გავერთო და თან შემოსავლის საშუალებად ვაქციო. ახლა საბავშვო, სახალისო ქუდებს ვქსოვ, ქსოვის ინსპირაცია პროკურატურის მიერ „დაპატიმრებული“ ძაფები და ჩხირებია.

სულ მარტო ვარ. კარს არავის ვუღებ. ჩემთან სტუმრობის ენთუზიაზმს არავინ ამჟღავნებს. ეშინიათ. თუმცა, მიჩნდება ხოლმე ადამიანებთან საუბრის სურვილი. ასეთ დროს ტელეფონზე ვურეკავ ვინმეს, თუ გულახდილი საუბარი მინდა, ჩემს კატა მელანიას ვესაუბრები.

კვირას სტუმრები მეწვივნენ. ნამდვილი სტუმრები ზარინა, აირა და ანუშკა. სპეციალურად ჩემ სანახავად შორიდან ჩამოვიდნენ. უზომოდ გამიხარდა. როცა წავიდნენ, მათზე ბევრი ვიფიქრე მათ გამბედაობაზე. პირობა დადეს, რომ დაბადების დღეზე ჩამოვლენ.

პირველი სექტემბერი

პირველ სექტემბერს ფანჯარასთან დავდექი. სწავლა ჩვენთან ამ დროს იწყება. ჩვეულებრივი დღე იყო – უხალისოდ მიმავალი მოსწავლეებითა და მასწავლებლებით. წელს, მოულოდნელად, ქართული სკოლების დაწყებით კლასებში რუსულ ენაზე უნდა ისწავლონ. ბავშვებს არჩევანი არ დაუტოვეს. მასწავლებლებმა კი განაცხადეს, რომ რუსულადაც შეძლებენ სწავლებას. ეს რომ მოვისმინე, გავბრაზდი საკუთარ თავზე – ამ კომფორმისტი ადამიანების გამო ვარ დღეს ეჭვმიტანილი, თანაც შინაპატიმრობაში, ისინი კი, ხელფასის გამო ყველაფერს ერგებიან.

ისე, ესენიც ხშირად მომმართავდნენ, პასპორტებზე თქვი რა ერთიორი სიტყვაო? რატომ არ გვაძლევენო? ჩემი ცოლი მოხსნეს სამსახურიდან და უთხარი რა ვინმესო? ჩემს შვილიშვილს “პროპუსკის” ვადას აღარ უგრძელებენოასეა, მათთვის უნდა ვიყო აქტიური.

დაბადების დღე

42 წლის გავხდი. ეს დღე ცოტა განსხვავებული იყო – სტუმრები მოვიდნენ, ტორტიც მქონდა. ბევრი მაცინეს. ბევრი მოლოცვა და გამხნევება მივიღე.

აქ დავიბადე, სკოლა, ოჯახი, სამსახურებიყველაფერი აქ იყო, სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ვარაუდობენ, რომ აქ ჩემ გაძევებას გეგმავენ. მე ამაზე სერიოზულად ფიქრიც კი არ შემიძლია. თუ მოინდომეს, შეიძლება მიაღწიონ კიდეც ამას. მაგრამ კიდევ ამდენ წელს ხომ ვეღარ ვიცოცხლებ, როგორ უნდა წავიდე? მივატოვო ჩემი წარსული და სხვაგან დავიწყო ცხოვრება?

მასალების გადაბეჭდვის წესი