რატომ არის დარღვევა სამაგიდო სიის მონაცემების ამოწერა – დამკვირვებელი NGO-ების პოზიციები

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, ვინც არჩევნების მედიაცენტრში კენჭისყრის მონიტორინგის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაციას აწვდის, დარღვევად აფასებს პარტიების მიერ სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას. ცესკო ამ ფაქტებში დარღვევას ვერ ხედავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ფაქტს ამორჩევლის ნების კონტროლს უწოდებს.  მათი განცხადებით, ვინაიდან სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. საია ამბობს, რომ ამომრჩევლის მხოლოდ რეგისტრაციის ნომრის საფუძველზეც მარტივადაა შესაძლებელი, სიის საჯარო ვერსიის მეშვეობით, სიაში რიგითი ნომრის მფლობელი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება.

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

საიას ცნობით, ამ ქმედებით კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი ირღვევა:

“საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება.

საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ–ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.”

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ამომრჩევლის იდენტიფიცირება მიმდინარე კენჭისყრის ყველაზე პრობლემურ ტენდენციად შეაფასა.

“სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლებელია გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებული იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნების” დირექტორი, მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ თუკი მჟღავნდება ამომრჩევლის პირადი ნომერი და პერსონალური ინფორმაცია, ამ შემთხვევაში, ეს არის დარღვევა, თუმცა ამის მტკიცება რთულია.

“როდესაც მასობრივად ბევრ შემთხვევაში ვხედავთ, რომ თითოეულ ამომრჩეველზე ხდება ამ რეგისტრაციის ნომრის ამოწერა და ამის შეგროვება, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემურია. ეს აჩენს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ფორმით ხდება კონტროლი, ვინ მოდის არჩევნებზე. ასეთი რამ არ არის მისაღები იმიტომ, რომ ამომრჩევლის გადასაწყვეტია, მოვლენ თუ არა არჩევნებზე და შესაძლოა, მონაცემები შემდეგ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად იყოს გამოყენებული. პირადი ნომრების და პირადი ინფომაციის მოპოვება, რა თქმა უნდა, არის კანონდარღვევა. უბნებში საჯაროდ გაკრული სიები არ შეიცავს ასეთ ინფორმაციას, სამაგიდო სიებში არის უკვე პერსონალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება და მისი ასე აღრიცხვა სწორი არ არის,”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ ბენიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მიხეილ ბენიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) უერთდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დარღვევად მიიჩნევენ და აკრიტიკებენ სამაგიდო სიის გამოყენებით ამომრჩეველთა იდენტიფიცირების პრაქტიკას.

ქეთევამ ჩაჩავა. ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ქეთევამ ჩაჩავა. ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“საარჩევნო სია არის ორი სახის – სამაგიდო სია და საჯარო სია, რომელიც გამოკრულია საარჩევნო უბნებზე. სია, რომელიც გამოკრულია საჯაროდ უბნებზე, არ შეიცავს ისეთ ინფრომაციას, რომელიც არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული. მაგრამ სამაგიდო ვერსია, სადაც ფიქსირდება ამომრჩევლის პირადი მონაცემები, იქ შესაძლებელია ამომრჩევლის იდენტიფიცირება. ამ საკითხში ვხედავთ პრობლემას, როდესაც რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ხდება ამ მონაცემების მოგროვება. ეს უნდა შეფასდეს უფრო სერიოზულად, ვიდრე ცესკომ შეფასება მისცა… სამაგიდო სია არ არის საჯარო ვერსია და, რა თქმა უნდა, მისი გასაჯაროება არის დარღვევა”- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ცქიტიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ უშუალოდ სამაგიდო სიიდან პარტიების მიერ ამომრჩევლის მონაცემების ამოწერას ორგანიზაციის დამკვირვებლები არ შესწრებიან. თუმცა მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო უბნის გარეთ კოორდინატორების მობილიზებაზე. იგი ამ ფაქტებს  “შემაშფოთებელ ტენდენციას” უწოდებს და “ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობად” აფასებს.

ალექსანდრე კაციტაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ალექსანდრე კაციტაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მკაცრ შეფასებას არ აძლევს სამაგიდო სიიდან მონაცემების ამოწერას.

მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა, ირმა ბასილაშვილმა არჩევნების მედიაცენტრში გააკეთა “საგანგებო განცხადება”, სადაც განაცხადა, რომ ეს შემთხვევები კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსი პოზიცია აქვთ:

“მრავალეროვანი საქართველო აღნიშნულ ქმედებაში ვერ ხედავს კანონდარღვევას, მით უმეტეს, როდესაც არ ხდება ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში შესული პერსონალური მონაცემების ფოტო ან ვიდეოგადაღება. იმის გათალისწინებით, რომ  ხსენებულ გარემოებას მოჰყვა გამოხმაურება არჩევნებში ჩართული მხარეების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რეკომენდაციით მივმართოთ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს პოლიტიკური პროცესი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავლენა იქონიოს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ხარისხზე,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ როდესაც ასეთ თემებზე საუბარი იწყება არჩევნების დღეს, ეს გავლენას ახდება ამომრჩეველზე და მის არჩევანზე.

ირმა ბასილაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ირმა ბასილაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი