ახალი ამბები

გიგაური: ყველაზე პრობლემური ტენდენცია უბნებზე ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაა

21 ოქტომბერი, 2017 • 2172
გიგაური: ყველაზე პრობლემური ტენდენცია უბნებზე ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ყველაზე პრობლემური ტენდენცია, რაც ფიქსირდება, არის პარტიების, ძირითადად “ქართული ოცნების” და “მემარცხენე ალიანსის”, მიერ უბნებზე მისულ ამომრჩეველზე ინფორმაციის შეგროვება.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, იყო სხვა დარღვევებიც, მაგალითად, მუქარა TI-ის დამკვირვებლის მიმართ.

ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე
“ამ დროისთვის ყველაზე პრობლემური არის ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის ყველა ოლქში ფიქსირდება. თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, კომისიის რეგისტრატორ წევრებს თავზე ადგანან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, რომლებიც სამაგიდო სიებიდან აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით. ამ მხრივ ძირითადად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები.

სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლებელია გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებული იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის.

ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან, ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუკავშირდა ქართულ ოცნებას, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის, მთავარია, რომ პირადი ნომერი არ ჩაინიშნონ.

შეუძლებელია გაკონტროლდეს, კონკრეტული პირი იწერს მხოლოდ ამომრჩევლის სიით ნომერს,  თუ მასთან ერთად პირად ნომერსაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. ამ ტიპის დარღვევებზე ჩვენ მიერ ყველა უბანზე დაიწერება შესაბამისი საჩივარი.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. ასევე, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.”

მუქარა TI-ის დამკვირვებელზე

TI-ის ცნობით, სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #64 უბნის გარეთ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის დამკვირვებელს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

დამკვირვებლების არშეშვება საარჩევნო უბნებზე
ორგანიზაციის ცნობითვე, სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #85 და #43 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის წევრები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ კომისიამ შეუშვა ისინი.

კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა

TI-ის ინფორმაციით, დიდუბის #8 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ფუნქციათა გადასანაწილებელ კენჭისყრაში, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ მაინც მისცა მას საშუალება, სასურველი ფუნქცია შეესრულებინა. ამ დარღვევაზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

საკონტროლო ფურცლის შევსება წესების დარღვევით

TI-ის ცნობით, კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის #24 უბანზე საკონტროლო ფურცელზე ხელი მოაწერა პირველმა ამომრჩეველმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პირი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამ დარღვევაზე დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

ხმის მიცემა მარკირებული პირის მიერ

ორგანიზაციის დამკვირვებლის ცნობითვე, გლდანის #10 საარჩევნო ოლქის #10 უბანზე კომისიამ ხმის მიცემის უფლება მისცა ერთ-ერთმა ამომრჩეველს, რომელსაც თითზე მარკირება აღენიშნებოდა. ამ დარღვევაზე TI-ის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

ეკა გიგაური. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

13:00 საათის მონაცემებით, TI-ის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა , დაიწერა 3 საჩივარი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები თბილისის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. თბილისში საარჩევნო პროცესებს 16 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი